შორენა ჯიქია ვიზაჟისტი და სტილისტია. ოფიციალურად, 10-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა ამბობს, რომ საქმით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა. მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა ანდო თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე. შორენა ამბობს, რომ ბედნიერი ადამიანების ნახვა მისთვის სასწაულია და შედეგი არასდროს მეორდება. ის საკუთარ საქმიანობაზე გვიყვება და ბევრ პრაქტიკულ რჩევას გვიზიარებს:
შორენა ჯიქია
- მინდა გითხრათ, რომ მაკიაჟი ვერასდროს იქნება სრულყოფილი და მდგრადი, თუ ის არ არის ხარისხიანი კოსმეტიკით გაკეთებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. როგორც თქვენ უნდა დაიცვათ ჰიგიენა, როდესაც თავად იკეთებთ მაკიაჟს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჰიგიენის ყველა წესი დაიცვას ვიზაჟისტმა. არ არის რეკომენდებული ერთი ფუნჯის გამოყენება, როგორც სახის მოდელირებისთვის, ისე, დავუშვათ, თვალის მაკიაჟის დროს. ასევე აუცილებელია ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისი, ინდივიდუალური ღრუბელი, ფუნჯები, რადგან მათმა გამოყენებამ სხვა ადამიანზე შესაძლოა სხვადასხვა სოკოვანი თუ დერმატოლოგიური დაავადება გადაიტანოს. აქედან გამომდინარე, ვიზაჟში ხარისხიან კოსმეტიკასა და მის ჰიგიენურად გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ქალები ძირითადად თავის მოვლისას?
- ყველაზე გავრცელებული, რაც გვხვდება, ეს არის მაკიაჟით დაძინება. ხშირად, როცა ქალბატონები დაღლილები მოდიან სამსახურიდან თუ ამა თუ იმ ღონისძიებიდან, "ეზარებათ" მაკიაჟის მოშორება, რაც სასტიკად არ შეიძლება. ეს იწვევს კანში ჭუჭყის დაგროვებას, ფორების გაფართოებას, ნაადრევ დაბერებას, შავი წერტილების გამრავლებას და ასე შემდეგ... საიდანაც უნდა მოდიოდეთ, საღამოს კანის ძირფესვიანად გასუფთავება და დატენიანება ყველა ქალის რუტინის შემადგენელი უმთავრესი ნაწილი უნდა გახდეს.
- როგორ უნდა მოვიშოროთ მაკიაჟი სწორად?
- მაკიაჟის მოშორების საუკეთესო ვარიანტი კორეული, 10-საფეხურიანი სახის წმენდის რუტინაა: 1.ზეთით გაწმენდა; 2. ქაფით გაწმენდა; 3. სკრაბით გაწმენდა; 4. ტონიკით გაწმენდა; 5. ესენციით გაწმენდა; 6. შრატი; 7. ნიღაბი; 8. თვალის კრემი; 9. სახის კრემი; 10. მზისგან დამცავი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს 10-საფეხურიანი პროცედურა ძალიან დამღლელია და ზოგს მისი ყოველდღიურად გაკეთება შეუძლებლადაც კი მიაჩნია. ამიტომ, თუ 10-ივე საფეხურს არა, მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-9 საფეხურები ეცადეთ, დაიცვათ, რათა ჩვენვე არ შევუწყოთ ხელი ნაადრევ დაბერებას.
- ხშირად ახალბედა დედებს დრო აღარ რჩებათ ხოლმე საკუთარი თავისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალი იყოს ფორმაში?
- ჩემი აზრით, ქალები თავიანთ ცხოვრებას ამ მხრივ 2 ეტაპად ყოფენ: 1. როცა საკუთარ თავს ასე თუ ისე კარგად უვლი 2. როცა ქმნი ოჯახს და გგონია, რომ შენი მოვალეობა მხოლოდ რეცხვა, ხეხვა და ბავშვების მოვლაა. არა, მეგობრებო, ეს მხოლოდ მიზეზია. თუ ქალს სურს, საკუთარ თავს მოუაროს, ამას ქმარშვილიანიც მოახერხებს და ბევრ საქმესთან ერთადაც, შედარებით რთულად, მაგრამ მოახერხებს. განა ჩვენს შვილებსა და ქმარს მოვწონვართ მოუვლელი? აუცილებელია, რომ ყველამ კარგად გაითავისოს - ქალებს ნებისმიერ ასაკში სჭირდებათ მოვლა და ქმარი, შვილები და კიდევ უამრავი საზრუნავი მხოლოდ საბაბია. თუ ქალს უნდა საკუთარი თავის მოვლა, ამას აუცილებლად მოახერხებს.
- რამდენად გამართლებულია მოზარდი გოგონებისთვის მძიმე მაკიაჟის გამოყენება და ასევე, რა შეგიძლიათ გვითხრათ საბავშვო კოსმეტიკაზე, რამდენად რეკომენდებულია მათი მოხმარება?
- ზოგადად, ბავშვებს მძიმე მაკიაჟის გაკეთებისკენ არასდროს მოვუწოდებ. ეს არც მათი კანისთვისაა კარგი და მგონია, რომ არც უხდებათ. რაც შეეხება ასაკს, თუ როდის დაიწყოს მაკიაჟის გაკეთება, 12-13 წლის ასაკიდან მინიმალური შტრიხები, როგორიცაა ტუში, ტუჩის ბალზამი, სრულებით შესაძლებელია. საბავშვო კოსმეტიკა არის ის თემა, რომელსაც დიდი ხანია ტაბუ დავადე. მათი 99% ისეთი ნივთიერებებისგანაა დამზადებული, რომ არათუ არ შეიძლება, არამედ აკრძალულია გამოყენება, მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვებს და მათ სათუთ კანს ეხება.
განაგრძეთ კითხვა