"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა ანა სუბელიანის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ანა სუბელიანი, თბილისი
"ბევრჯერ მიფიქრია, რომ მთელი ჩემი პიროვნება და ცხოვრებისეული გზა ჩემივე ბავშვობის ტრავმებმა განაპირობა. ნიჭიერი, გახსნილი და ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, შემეძლო, მთელი სამყარო შემესრუტა და მეც დიდი და ნათელი ენერგია გამეცა საპასუხოდ. სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ვიდექი, ვმღეროდი, ვცეკვავდი, გამორჩეულად კარგი მოსწავლე, ლაღი და ბედნიერი ბავშვი ვიყავი. შემდეგ კი, ოჯახს თავს ერთიანად დაატყდა დიდი ადამიანური დანაკარგები და გლოვა, სიღარიბე, დედას ჯანმრთელობის პრობლემები. მე ამ ყველაფრის ტყვე აღმოვჩნდი. ჩემი სოციალური გარემო სკოლითა და სახლით შემოიფარგლებოდა - ორი უალტერნატივო სივრცით, რომელიც ვერ მხედავდა, ვერ ამჩნევდა ჩემს საჭიროებებს, ტკივილებს. მეტიც, ხშირად ძალიან მაზიანებდა. მახსოვს, ცუდად როგორ ვხდებოდი უმიზეზოდ, თანაც, ძალიან ხშირად. შემდეგ გავიგე, რომ ეს ფსიქოსომატური რეაქცია ყოფილა ჩემს შფოთვებზე, შიშებსა და ტკივილებზე. სიდაბლე თუ ღარიბულად ჩაცმა ხშირად გამხდარა ჩემი დამცირების საფუძველი. ოჯახში აღარავის შერჩენოდა ჩემთვის სიყვარულის მოცემისა და ჩემთან მეგობრობის რესურსი, ბავშვის ცემა კი, აღზრდის ჩვეულ ფორმად იქცა.
სწავლა შევწყვიტე, უბრალოდ, აღარ შემეძლო - მთელი ენერგია საკუთარი თავის გადარჩენისკენ მქონდა მიმართული. უნდა გადავრჩენილიყავი ყველასგან, სრულიად მარტო. სახლიდან გასული, გარეთ ყინვაში დავხეტიალობდი საათობით. ასე უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. იმის ფონზე, რომ ზოგიერთ საგანში გამსვლელი ნიშანი სანატრელი მქონდა, მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადებში ვიმარჯვებდი, ეს იყო ერთადერთი, რაც ძალისხმევის გარეშე გამომდიოდა. მაშინ კი, როცა შანსი მქონდა, ოთახში შევკეტილიყავი, მეცადინეობის ნაცვლად, დაბალ ხმაზე ჩართულ მუსიკაზე ვცეკვავდი საათობით, ჩემთვის სასურველ რეალობაზე ვოცნებობდი, დეტალებში წარმოვისახავდი სცენებს, სადაც აღიარებული და სასურველი ვიყავი, სადაც ბევრ სიყვარულს ვიღებდი, სადაც ჩემით ამაყობდნენ. სწორედ ამან მომაძლიერა, გადამაწყვეტინა, რომ საკუთარი თავის დაცვისთვის ჩრდილიდან გამოვსულიყავი და აქტიურად მებრძოლა ისე, როგორც შემეძლო.
უფროს კლასებში უკვე ჩვეულებრივ ამორძალად ვიქეცი – ხშირად, ბოლო ხმაზე ვუყვიროდი და ვაგინებდი ყოჩ, მჩაგვრელ ბიჭებს და ასე ვიცავდი მათგან თავსაც და სხვა ბავშვებსაც. ღიად ვუპირისპირდებოდი მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვებს უსიყვარულოდ და უსამართლოდ გვეპყრობოდნენ - რეალურ ჩაგვრაზე თვალს ხუჭავდნენ, ჩემი პირიდან ამოსულ ცუდ სიტყვებზე კი, წიწმატდებოდნენ და გოგოობას მიწუნებდნენ. გულს მირევდა ისიც, რომ როცა მასწავლებელს მთელი კლასის სათქმელს ძალიან კორექტულად, მაგრამ მკაფიოდ ვეტყოდი, კლასელი გოგოები მკიცხავდნენ უფროსთან შეკამათების გამო. სამართლიანობის სანაცვლოდ, სულ მთხოვდნენ ამ იერარქიის დაცვას ხან ბიჭებთან და ხანაც - უფროსებთან, მე კი არასდროს ვთმობდი. მერვე კლასში, განათლების სამინისტროში წერილი გავგზავნე, სადაც ჩემს მართლაც დაჭაობებულ სკოლაში არსებულ კორუფციასა და უსამართლობებზე ვწერდი ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ერთ თვეში კი დირექტორი გაათავისუფლეს. ეს რომ ღიად გამეკეთებინა, ცხადია, მე ჩამშვების იარლიყსაც ავიკრავდი იმ გარემოში, რომელიც კონფორმისტული და ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოების მცირე მოდელი იყო. თუმცა ჩემი პირველი დიდი გამარჯვება მაინც მოვიპოვე და ჩემი აქტივიზმის საწყისიც ეს მგონია.
სკოლისგან განსხვავებით, ოჯახში არასდროს მიგრძვნია ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული იერარქია. საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რომ ძმებს, დებთან შედარებით, უამრავი პრივილეგია ჰქონდათ, რომ ქმრები ცოლებს ჩაგრავდნენ, რომ ქალებს ბევრი რამ ეკრძალებოდათ. ამისთვის, ძალიან მადლობელი ვარ. ძალიან მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ სწორედ ჩემი მშობლებისგან, ჯერ კიდევ ძალიან პატარას, მესმოდა, რომ მე ძლიერი, ყოჩაღი და მებრძოლი გოგო ვიყავი და ეს კარგი იყო. მამა ზღაპრებით მაძინებდა, სადაც მთავარი პერსონაჟი მე ვიყავი -"რკინისმკვნეტელი ანუკი", რომელიც საგმირო საქმეებს ჩადიოდა. ალბათ, ასეთმა ეპიზოდებმაც შემძინა საკუთარი თავის რწმენა და ყველა კრიზისიდან გამოსვლის უნარი.
ხოდა, ამ უკვე მოძლიერებულმა და მებრძოლმა თინეიჯერმა გადავწყვიტე, ყველას დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად გავმხდარიყავი სტუდენტი და მესწავლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არავის მოუწევდა ერთი თეთრის დახარჯვაც კი ჩემი განათლებისთვის. ასეც მოხდა. სკოლის მასწავლებლები ვაიძულე, რომ საფუძვლიანად ჩაეტარებინათ ჩემთვის გაკვეთილები და გულდამშვიდებულები არ ყოფილიყვნენ იმით, რომ ყველა მაინც ემზადებოდა რეპეტიტორებთან, რადგან მე ამას შეგნებულად არ ვაკეთებდი. საუკეთესო ქულებით გავხდი სტუდენტი, სრული დაფინანსებით. ეს იყო დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი. აქედან დაიწყო ბევრად საინტერესო ეტაპი - ახალი, დიდი და საინტერესო კავშირების შეძენა, ჩემიანების პოვნა და მთავარი აღმოჩენა, რომ მარტო არ ვყოფილვარ. სრულიად გაცნობიერებულად გადავწყვიტე, რომ ადამიანის დახმარებაზე ორიენტირებული პროფესია ამერჩია. თავიდან, ფსიქოლოგობას ვგეგმავდი, შემდეგ სოციალური სამუშაოთი დავინტერესდი და სწორედ ამ პროფესიის წყალობით აღმოვჩნდი იქ, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა ყოფნა. საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი დრო დავუთმე ბავშვთა დაცვას და იმაზე ზრუნვას, რომ მათთვის მაინც ამერიდებინა ან შემემსუბუქებინა ჩემთვის ნაცნობი ტკივილები. ამით თითქოს საკუთარ დანაკლისს ვაკომპენსირებდი, საზრისს და მნიშვნელობას ვაძლევდი საკუთარ გამოცდილებას. ცოტათი ეგოისტურიც კია, მაგრამ არ არის ცუდი ასეთი ეგოიზმი.
19 წლის ასაკში დავორსულდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გეგმებთან და ოცნებებთან ეს მოვლენა არავითარ შემხებლობაში არ იყო, უსწრაფესად ადავპტირდი ახალ მოცემულობასთან, მაშინვე შემიყვარდა თვალითუხილავი არსება და შემიყვარდა დედა ჩემში. მე და ჩემი შეყვარებული ყველას სიხარულით ვამცნობდით, რომ მშობლები ვხდებოდით, ძალიან გავბედნიერდით ამ ამბით. ასე"შემომექმარშვილა". გაგრძელება