ჯულიანა ბარ-გნარი მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან დღეს საყვარელ საქმეს აკეთებს, რომელიც მისი შემოსავლის წყაროა. შემოსავლის ძირითად ნაწილს შოპინგში, ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევასა და სწავლაში ხარჯავს. ცდილობს, სხვადასხვა, პატარ-პატარა ნიჭი განავითაროს, რისი შესაძლებლობაც ბავშვობაში არ ჰქონია...
ჯულიანა ბარ-გნარი:
- ფულის საჭიროება მცირე ასაკიდანვე გავაცნობიერე, რადგან ჩვენი სამუშაო სფერო საკმაოდ ძვირად ღირებულია: წარმატების მისაღწევად მხოლოდ შრომისმოყვარეობა საკმარისი არ არის - ფინანსური რესურსიც საჭიროა, რომ საზღვარგარეთ შეჯიბრებებზე გახვიდე, გამოცდილება მიიღო, ინდივიდუალური გაკვეთილები "აიღო"... ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს გაგვიმართლა - საქართველოში სამეჯლისო-სპორტული ცეკვები პოპულარული გახდა. პატარა ასაკიდან შევძელით, დამოუკიდებლად გვეცხოვრა. ფეხზე მყარად დავდექი.
- როცა ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩნდი, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდი. ამ პროფესიის დაუფლება იმიტომ გადაწყვიტე, რომ მომავალში სტაბილური შემოსავალი გქონოდა?
- ალბათ, ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ იმ წრეში ვტრიალებ და ვმუშაობ, რომელიც უზომოდ მიყვარს! ბავშვობაში, თუ ვინმეს ეგონა, რომ ცეკვა ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო, სინამდვილეში ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლდათ. უბრალოდ, იმ პერიოდში არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა სამეჯლისო ცეკვების პედაგოგი გავმხდარიყავი და ამით ფული მეშოვა, თუმცა ვიცოდი, რომ ამ საქმეში აუცილებლად ბევრ დროს, ენერგიას დავხარჯავდი... ვინც სკოლას ამთავრებს, იმ სფეროზე ფიქრობს, რაც გარკვეული დოზით საინტერესო და ასევე, შემოსავლის მომტანი იქნება. სტომატოლოგობა ჩემმა ძმამ მირჩია, რადგან თავად სტომატოლოგია, რუსეთში მუშაობს. უბრალოდ, მითხრა, - ძალიან საინტერესოა, უნდა სცადოო... მეც ვცადე. სხვათა შორის, ნამდვილად საინტერესო იყო. უბრალოდ, მერე პედაგოგობის "გემოც" გავიგე... გაგრძელება