ილია ებიტაშვილი 90-იანი წლებისა და 2000-იანების დასაწყისში თინეიჯერ მაყურებელში ძალიან პოპულარული იყო - მასობრივად გაიცნეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერიდან... მერე სადღაც გაქრა და აღარსად გამოჩენილა. მიზეზი კი ისაა, რომ 2006 წელს კიევში სტუმრად მიწვეულს, მოულოდნელად სამსახური შესთავაზეს და იქ დარჩა... მას მერე ლამის 15 წელი გავიდა და ის ისევ უკრაინაში ცხოვრობს და მუშაობს... ილია სოციალურ ქსელში შემთხვევით აღმოვაჩინეთ, დავუკავშირდით და მისი ამბავიც Ambebi.ge-სთვის ექსკლუზიურად ასე შეიქმნა.
- 2006 წელს ერთ-ერთ გადაღებაზე ჩემი მომავალი მეუღლე, რეჟისორი ირა პეტრიკეი გავიცანი, რომელიც კიევიდან თბილისში, დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იყო ჩამოსული. გარკვეული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა... სექტემბერში კიევში ბრუნდებოდა და შემომთავაზა, - ჩვენთან სტუმრად ხომ არ წამოხვალო? 24 წლის ვიყავი, საერთოდ არაფერი მაკავებდა, არანაირი პრობლემა მქონდა იმისთვის, რომ უარი მეთქვა და კიევში სიამოვნებით გავყევი. იმ წუთისთვის წარმოდგენა არ მქონდა, ვაპირებდი თუ არა იქ დარჩენას. ჩასვლიდან ძალიან მალე ირას მეგობრებმა, მოულოდნელად, ერთ-ერთ შეხვედრაზე (მეგობრის სახლში, სადაც ვიკრიბებოდით ხოლმე), ტელეარხ „ესტებეზე“ პრომოგანყოფილებაში რეჟისორის ადგილი შემომთავაზეს - ხომ არ დაიწყებდი მუშაობასო? წინადადებამ დამაინტერესა... თბილისში მანამდე წამყვანი ვიყავი, ოპერატორიც, რეჟისორობა არ მიცდია, თუმცა მონტაჟი ვიცოდი, რადგანაც დამთავრებული მაქვს ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი, პროფესიით ტელეკინორეჟისორი ვარ. მოკლედ, კიევში ის თანამდებობა ჩემი პირველი სამსახური აღმოჩნდა. ამიტომაც შემოვრჩი აქ.
- რთული იყო თავის დამკვიდრება?
- არ იყო რთული, მით უფრო, როცა ხარ მხიარული, თავისუფალი ადამიანი და იმყოფები არც ისე შორეულ ქვეყანაში, რუსულიც ბავშვობიდან ვიცოდი. ასე რომ, არ გამჭირვებია ხალხთან კონტაქტში შესვლა. თან, უკარაინელები თბილი, მხიარული, თავისუფალი ხალხია და ერთმანეთს იოლად გავუგეთ. მე და ჩემი უკრაინელი მეგობრები ერთმანეთს დღემდე შესანიშნავად ვუგებთ. ისე, თავიდან ცოტა კი მიჭირდა, მაინც უცხო ქვეყანა, ქალაქი, ქუჩები იყო, არ ვიცოდი, სად რა მდებარეობდა, ტრანსპორტი როგორ მოძრაობდა, ამ ყველაფერში კი ირა ძალიან მეხმარებოდა, ყოველ ჯერზე ვურეკავდი, - ახლა საით წავიდე? რა ტრანსპორტში ჩავჯდე? და ა.შ. მაგრამ ყველაზე რთული მაინც ის იყო, როცა იქ დარჩენა გადავწყვიტე და ამისთვის საბუთების გაკეთება დავიწყე.
- რატომ იყო რთული?
- ამ ქვეყანაში დღემდე „კარგად გრძნობს" თავს კორუფცია. თუ ფული გაქვს, თითქმის ყველაფრის ყიდვა შეგიძლია. იმის გამო, რომ საბუთების გაკეთება პრინციპულად კანონიერად მინდოდა, მაგრად ვიწვალე. 2 წელი ვაკეთებდი იქ ცხოვრების უფლების დოკუმენტს. ვიწრო კორიდორებში რიგებში ვიდექი, საშინელება გამოვიარე, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. განაგრძეთ კითხვა