სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ასეთი ჯგუფი არსებობს: "იპოვე მეტროს "ქრაში". "ქრაში" თინეიჯერებში ახალი დამკვიდრებული ტერმინია და ვინმესადმი სიმპათიის გამოხატვას და მოწონებას ნიშნავს. ჯგუფი 30 000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, სადაც მოზარდები თუ ზრდასრულები მეტროში შემჩნეულ, უცნობ და ვიღაცისთვის ნაცნობ ადამიანებს ეძებენ. ვერ გეტყვით, ამ ჯგუფში საიდან აღმოვჩნდი, თუმცა სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ ადამიანები ერთმანეთის პოვნას. ზოგს უმართლებს და მალე პოულობს "ქრაშს", ზოგს - არა და ისეთებიც არიან, ვისთვისაც მეტროთი მგზავრობა მთელი ცხოვრების შეცვლის მიზეზი გახდა.
ჯუფში შემთხვევით თაკო კუპრაძეს გადავაწყდი, რომელსაც "ქრაშების" მაძებარ ადამიანებში ერთი შავ-თეთრი ფოტო ედო წარწერით: "დედაჩემმა და მამაჩემმა ერთმანეთი მეტროში გაიცნეს". მსგავსი ისტორიები ხომ ათასში ერთხელ ხდება - რა იღბლიანი უნდა იყო, რომ მეორე ნახევარს ხალხით გადაჭედილ რომელიმე სადგურზე შეხვდე. ამ ამბის სრულად მოსმენა მსურდა, ამიტომ თაკოს მისი მშობლების გაცნობისა და მათი ცხოვრების ისტორიის მოყოლა ვთხოვე.
- 1993 წლის 23 ოქტომბერი იყო. დედაჩემი, ხათუნა ლურსმანაშვილი, მაშინ 16 წლის ხდებოდა და დიდ დაბადების დღეს იხდიდა. დედაჩემი და მამიდაჩემი კოლეჯის მეგობრები არიან და დღემდე, ნათესაობის გარდა, ახლო მეგობრობა აკავშირებთ. იმ დაბადების დღეზე დედამ მამიდა და მისი ძმა, შალვა კუპრაძე დაპატიჟა. შალვა მამიდაჩემის მეგობრებს არ იცნობდა, თავიდან უარზე იყო, მაგრამ მაინც წავიდა იქ. დედა წერეთელზე ცხოვრობდა, მეორე სახლი "თავისუფლებაზე" ჰქონდა და გადაწყვიტა, მე-16 დაბადების დღე სწორედ იქ აღენიშნა, თუმცა დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე, სახლში მნიშვნელოვანი ნივთი დარჩა და უკან, წერეთელზე მოუწია მობრუნება... მამამაც უცნობი გოგოს დაბადების დღეზე წასვლა მეტროთი გადაწყვიტა.
იმ საღამოს, ექვსისკენ, ისინი ორივე დედაჩემის სახლში მიდიოდნენ. სადგურის მოედანზე ბევრი ხალხი ირეოდა. როდესაც დედა საბურთალოს ხაზიდან მეორე ხაზზე გადმოდიოდა, კიბეებზე ჩქარა ჩაირბინა და შემთხვევით მამაჩემს შეეჯახა. დედა წაბორძიკდა და მამამ დაიჭირა. ხათუნამ ბოდიში მოუხადა უცნობს, შალვამაც იგივე ჟესტი გაიმეორა და ერთმანეთს დაშორდნენ, ამდენ ხალხში მალევე დაკარგეს ერთმანეთი. მამა თურმე მთელი გზა მეტროში შემთხვევით ნანახ გოგოზე ფიქრობდა. ახლა ამბობს ხოლმე - ხათუნას სახე თვალებიდან ვერ მოვიშორეო... რას წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წუთში სწორედ ამ გოგოს დაბადების დღეზე აღმოჩნდებოდა...
დედა სახლში პირველი მივიდა. რამდენიმე წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა. ხათუნამ გააღო კარი და მამა დაინახა. ორივე გაშეშებულები იდგნენ და უყურებდნენ ერთმანეთს, მეტროში დაჯახება ორივეს თვალწინ ედგა. მამა აღარ დაიბნა და საჩუქარი მიაწოდა, მიულოცა და გაეცნო.
- რა მოხდა შემდეგ, როგორ განვითარდა მოვლენები?
- გავიდა დრო და დამეგობრდნენ. მამა 15 წლის იყო, დედა, როგორც უკვე აღვნიშნე, იმ წელს 16-ის გახდა, დიდი ხანი მეტროს ინციდენტს არავის უყვებოდნენ. მამა ხშირად იხსენებს, - გაცნობის დღეს წითელი კაბა ეცვა, გრძელი წაბლისფერი თმა ჰქონდა. გვიან ისიც გავიგე, რომ ... იხილეთ გაგრძელება