პანდემიის პირობებში ბევრმა ადამიანმა პროფესია შეიცვალა, ნაწილმა კი ახალი საქმიანობაც ისწავლა. შეიძლება ითქვას, რომ სახლში ჩაკეტვამ ასობით ქართველის ცხოვრება შეცვალა. პროფესიით ქიმიკოსი და უკვე დიზაინერი თაკო მეგრელიძე ის ძლიერი ქალბატონია, რომელიც სამი შვილის მოვლასთან ერთად ულამაზესი, კრეატიული საახალწლო დეკორატიული ნაძვის ხეების გაკეთებას ასწრებს და საზოგადოებას თავისი უმშვენიერესი ნამუშევრებით ანებივრებს. თაკომ ნაძვის ხეების კეთება პანდემიის პირობებში დაიწყო. თავისი ამბის მოსასმენად მას დავუკავშირდით:
- 3 შვილი მყავს, 15, 10, და 4 წლის. მარტო ვზრდი, განქორწინებული ვარ და ვცხოვრობთ ქირით. პანდემიის დაწყებისას ონლაინ ვმუშაობდი, დისტანციურად, თუმცა ერთი თვის წინ უმუშევარი დავრჩი და დრო და საშუალება მომეცა, ახალი, ლამაზი დეკორატიული ნაძვის ხეების გაკეთება დამეწყო. შარშან და შარშან წინ მე და ჩემს ბიჭს საქველმოქმედო პერსონალური გამოფენა გვქონდა. ჩემი ბიჭი 10 წლის არის, მხატვარია.
ბავშვობაში არასდროს დამიხატავს და არაფერი შემიქმნია. სიმართლე რომ გითხრათ, ფორტეპიანოზე ვუკრავდი კარგად, კონსერვატორიაში მინდოდა ჩაბარება. 2004-ში დავიწყე რაღაცების კეთება, ახალ წელსა და ნაძვის ხის მოწყობაზე ყოველთვის ვგიჟდებოდი, განსაკუთრებულად მიყვარს. 2004-ში ბარაქის თეფშების დამზადება დავიწყე და ვაბარებდი რუსთაველზე. კარგად იყიდებოდა. მერე უკვე ბავშვი მეყოლა და დავანებე თავი. 2011-12 წლებში ბეწვით მოვიხიბლე და ჩანთებზე მუშაობა დავიწყე. ძველ ჩანთებს ვარესტავრირებდი ან ახალ ჩანთებს ბეწვით ვფუთავდი. საინტერესო იყო. მერე სამკაულზე გადავედი, შემდეგ - ნაქსოვ აქსესურებზე, ულამაზეს ყაბალახებს, ქუდებსა და შარფებს ვქსოვდით.
ბოლოს, მეუღლეს რომ დავშორდი, ხატვა დავიწყე. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში არსებულ უწყვეტ განათლების ცენტრში, კოდის დიზაინის კურსზე. ვისწავლე მოდელირება, მოდელების ხატვა და ერთი სიტყვით, დიდი ნაბიჯი გადავდგი. წელს მხოლოდ საახალწლო დეკორზე ვმუშაობ და დეკორატიულ ნაძვის ხეებს ვქმნი. მთელი ენერგია ჩავდე ამ საქმეში და ვფიქრობ, ამიტომ გამოვიდა თითოეული მათგანი ასეთი განსაკუთრებული.
- მოგვიყევით, როგორ იქმნება ეს სილამაზე?
- თითოეულის დამზადება დიდ შრომას მოითხოვს, არ არის მარტივი. პლასტმასის კონუსი, რომელიც ანათებს, იფუთება თავიდან ბოლომდე, ნატურალური და არანატურალური მცენარეებით, ბუნებრივი სხვადასხვანაირი გირჩი, რკო, თხილი კაკალი, წაბლი, და ა.შ. ასევე ვიყენებ ნატურალურ ქვებს და კრისტალებს, საზოგადოებისთვის კეთების პროცესი არაერთხელ მიჩვენებია, ამ ლამაზი ნაძვის ხის მიღმა დიდი შრომა იმალება.
- რას ამბობენ მეგობრები და ახლობლები თქვენს ნამუშევრებზე?
- ბუნებრივია, ყველას ძალიან მოსწონს. წელს მართლა განსაკუთრებულად დახვეწილი და საოცარი ნაძვის ხეები გამოვიდა. ახლა პარალელურად კედლის დეკორზეც ვმუშაობ და ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. კოვიდის გათვალისწინებით, ახლა ყველას ფინანსური კრიზისი აქვს, თუმცა ჩემს ნაძვის ხეებს მაინც გამოუჩნდათ მყიდველები და იმედია, ასე გაგრძელდება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>