პრინც ჰარისა და მეგან მარკლის საზოგადოების ყურადღება არასდროს აკლდათ, თუმცა ოპრა უინფრისთან ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ მათი ამბავი კიდევ უფრო სენსაციური გახდა. ბრიტანელთა ნაწილი დღეს მეგანს "დრამის დედოფალს" უწოდებს; წერენ, რომ ის შესანიშნავად ირგებს დატანჯული ქალის როლს; რომ ჰარი ეცოდებათ მის გვერდით, თუმცა ბევრია ისეთიც, ვინც სამეფო წყვილს ბრიტანეთიდან წასვლისთვის, დრომოჭმული მონარქიის რეალური სურათის წარმოჩენისა და სამეფო კარის მანკიერი მხარეების გაშიშვლებისთვის აქებს და გადაწყვეტილებას უწონებს.
ინტერვიუში წყვილმა ბევრ ისეთ ფაქტზე ისაუბრა, რომლებიც ბრიტანელებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა.
დისკუსია მეგანისა და ჰარის შვილის კანის ფერზე
მეგან მარკლის თქმით, მათ ვაჟს, არჩის პრინცის ტიტულზე უარი იმის გამო ეთქვა, რომ სამეფო ოჯახში მის დაბადებამდე ღელავდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კანის ფერი ექნებოდა ბავშვს. მეგან მარკლის თქმით, ჰარის ოჯახის ერთმა წევრმა ჰკითხა, რამდენად მუქი შეიძლებოდა ყოფილიყო შვილის კანი. თუმცა სასექსის ჰერცოგინიამ არ დააკონკრეტა, სამეფო ოჯახის რომელმა წევრმა დასვა ეს კითხვა. ცნობისათვის, 39 წლის მეგან მარკლის დედა შავკანიანია, მამა კი - თეთრკანიანი.
კონფლიქტი ქეით მიდლტონთან და ატირებული მეგანი
მეგან მარკლმა ინტერვიუში ისაუბრა ქეით მიდლტონთან ურთიერთობის შესახებ და გაიხსენა მომენტი, თუ როგორ ატირა ქეითმა ის სამეფო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. ცნობისთვის, ქორწილის შემდეგ ბრიტანულ მედიაში ქეითისა და მეგანის ჩხუბის შესახებ წერდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მეგანის გამო ქეითმა იტირა, მარკლი კი ახლა ამბობს, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო, თუმცა სიმართლე არავინ თქვა და სამეფო ოჯახმა ის არ დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ პრესა "საშინელებებს წერდა".
"სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. ქორწილის კვირა მართლაც ძალიან რთული იყო. ის რაღაცის გამო განაწყენდა, კამათობდა, მაგრამ ამას მიხვდა და ბოდიში მოიხადა, ყვავილები გამომიგზავნა ბოდიშის ბარათით. მან გააკეთა ის, რასაც მე გავაკეთებდი, რომ მცოდნოდა, ვიღაცას გული ვატკინე", - თქვა მეგანმა და აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა ქორწილში მეყვავილე გოგონების კაბებს, რომლებზეც ვერ თანხმდებოდნენ.
სასახლეში ცხოვრება ისეთი რთული იყო, რომ მეგანს სიცოცხლე აღარ სურდა
მეგან მარკლი ბუკინგემის სასახლეში ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, იყო დრო, როცა ფიქრობდა, რომ მხარს არავინ უჭერდა, საზოგადოებისა და მედიის წნეხი კი ძალიან დიდი იყო და ამ პერიოდში სურდა, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო. გამუდმებით სუიციდზე ფიქრობდა და ამის შესახებ ვერავის ეუბნებოდა, თუმცა ბოლოს ჰარის უამბო.
"როცა ასეთი ფიქრები მაწუხებდა, მრცხვენოდა თქმის და მრცხვენია ამის აღიარება ჰარისთან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვიცი, რამხელა დანაკარგი განიცადა, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ამას არ ვიტყოდი, ჩემს ფიქრებს რეალობად ვაქცევდი. უბრალოდ აღარ მინდოდა ცოცხალი ვყოფილიყავი. ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური აზრი, რომელიც არ მტოვებდა", - თქვა მეგანმა და გაიხსენა ასევე ის, თუ როგორ ანუგეშა ჰარიმ, როდესაც ამის შესახებ შეიტყო.
ჰარის კავშირი არ აქვს მამასთან და ძმასთან
ჰარის თქმით, არც მამა ელაპარაკება და არც ძმა. ჩარლზი მის ზარებს არ პასუხობს, თუმცა შეატყობინა, რომ თუ რაიმე სათქმელი ექნებოდა, შეეძლო, წერილობით მიემართა. ამის გამო მამაზე ძალიან ნაწყენია. ჰარის თქმით, ჩარლზმა მას ვერ გაუგო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა თავისი წარსულის გამო ჰარის განცდების შესახებ.
წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს დედოფალთან
ერთადერთი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ამ ეტაპზე სასახლიდან ბებია, დედოფალი ელისაბედია და მიუხედავად ბრიტანეთიდან წასვლისა, ის შვილიშვილთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. "გასული წლის მანძილზე იმაზე მეტი ვისაუბრე ბებიასთან, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენ ნამდვილად კარგად ვუგებთ ერთმანეთს და მე და ბებიას ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვაქვს", - ამბობს ჰარი. მისივე თქმით, ელისაბედს ზუმის საშუალებით ხშირად ესაუბრებიან. იხილეთ სრულად...