"ისრაელში ჩასვლის დღიდანვე ვიცოდი, ჯარში აუცილებლად წავიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვარ და ჯარში ქალის წასვლას ბევრი არ ეთანხმებოდა"
21 წლის ირენ იოსებაშვილი (ბენ იოსეფი) ისრაელში, ბათ-იამში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. როცა ვესაუბრეთ, საქმროსთან ერთად თელ-ავივში იმყოფებოდა. გვითხრა, რომ ნებისმიერ წამს მზად იყო, ჩანთა აეღო და ისრაელის დასახმარებლად სახლიდან გასულიყო იქ, სადაც გამოიძახებდნენ...
- რამდენი ხანია, რაც ისრაელში ცხოვრობთ?
- უკვე თითქმის 12 წელია. მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრი საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ. ჩემთვის საქართველო ბევრს ნიშნავს - საუკეთესო წლებიც მანდ მაქვს გატარებული. ჩემს სამშობლოდ მიმაჩნია და ისევე უზომოდ მიყვარს, როგორც ქართველი ხალხი.
- ისრაელში ჯარში სამსახური სავალდებულო რომ არ ყოფილიყო, ამ საქმით მაინც დაინტერესდებოდით?
- ვფიქრობ, აუცილებლად დავინტერესდებოდი. ვინც მიცნობს, იცის, როგორი მტკიცე ხასიათი და ქვეყნის მიმართ როგორი ძლიერი სიყვარული მაქვს. როგორც ისრაელისთვის, ასევე საქართველოსთვის ყველაფერს გავაკეთებ, რადგან ჩემთვის ორივე სამშობლოა... ძნელია, ისე ვიფიქრო, თითქოს სამხედრო სამსახური სავალდებულო არ ყოფილიყო, რადგან რაც ისრაელში ჩამოვედი, ვხედავდი, ყოველთვის როგორი დაძაბული სიტუაცია იყო. ისიც მახსოვს, პირველად ყველაფერი რომ გაჩერდა, პოლიციელები მოცვივდნენ და ავტობუსის გაჩერებიდან ყველა გაიყვანეს. შემდეგ "რაღაც რობოტი" მოიტანეს, რომელმაც დაგდებული ჩანთა ააფეთქა, მერე კი ყველაფერი ისე გაგრძელდა, თითქოს არაფერი მომხდარა... ნელ-ნელა კი ვხედავდი და ვისმენდი, რამდენჯერ აფეთქდა ტერორისტი, დანით რამდენჯერ დაჭრეს ჯარისკაცები ან მოქალაქეები, ღამით ტერორისტებმა როგორ ამოხოცეს ოჯახები და კიდევ ბევრი ისტორია, რომელთა მოყოლა და გახსენება არცთუ ისე ადვილია... ასე რომ, ისრაელში ჩასვლის დღიდანვე ვიცოდი, ჯარში აუცილებლად წავიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვარ და ჯარში ქალის წასვლას ბევრი არ ეთანხმებოდა. ისრაელს ჯარი ისე სჭირდება, როგორც თევზს - წყალი. ამიტომაც მიჭირს წარმოდგენა, რომ სამხედრო სამსახური სავალდებულო არ ყოფილიყო...
- ისრაელის სამხედრო ფორმა როდის მოირგეთ?
- 18 წლისამ მოვირგე, ანუ სკოლის დამთავრებიდან მალევე - 2017 წელს... დიახ, ისრაელში ახალგაზრდები სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში მიდიან და არა - უნივერსიტეტში, დასასვენებლად ან სხვა ქვეყნების დასათვალიერებლად. ხელში იარაღს იჭერენ, წვრთნას გადიან, წვრთნის დასრულების შემდეგ კი - ბავშვები მამაკაცებად, ქალებად იქცევიან, რადგან აანალიზებენ, რამდენი რამ არის მათ ხელში.
- გვიამბეთ სამხედრო სამსახურში თქვენი გამოცდილების შესახებ...
- ისრაელის ჯარში ქალებსა და კაცებს შორის განსხვავება არ არის: ერთნაირ წვრთნას ერთსა და იმავე პირობებში გადიან, ერთნაირად ჭამენ, სვამენ, სძინავთ, ისჯებიან, აწინაურებენ... საერთოდ, ისრაელში ძნელია წარმოიდგინო, რომ ქალს რამის გაკეთება არ შეუძლია, როცა 18 წლის ახალგაზრდები - ქალები და კაცები - ჯარის პერიოდს ერთად გადიან. ადვილი არ არის, იარაღით ხელში იდგე და იცოდე, რომ შეიძლება ნებისმიერი ვინმეს საქციელი საეჭვო იყოს, ტერორისტი აღმოჩნდეს და შენი მოკვლა ან თუნდაც მხოლოდ რამის კითხვა უნდოდეს, შენ კი ყველაფრისთვის მზად უნდა იყო... აი, ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღე ასეთ წვრთნას გადიან...
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>