სტერეოტიპი, თითქოს ქალს რომელიმე პროფესიის მორგება არ შეუძლია, საბოლოოდ განადგურდა. ბოლო დროს ქალბატონები თავისუფლად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებზეც ალბათ წლების წინ ვერც კი ვიოცნებებდით. 22 წლის ვიკა სახურიამ სწორედ ასეთი სფერო აირჩია, მათემატიკოსობის პარალელურად, ბავშვობის ოცნება აიხდინა და მსაჯი გახდა. 2018 წლის 10 აგვისტოს პირველად გავიდა მოედანზე და მას შემდეგ დაუღალავად ცდილობს, ერთადერთი დიდი ოცნებაც რეალობად აქციოს. ვიკას მსაჯობაზე, ქართულ ფეხბურთსა და თავის ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.
- ხობიდან ვარ, პროფესიით მათემატიკოსი. ვსწავლობ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე-4 კურსზე. ხასიათით, ცოტა ზედმეტად მხიარული ვარ, ვცდილობ ცხოვრებას პოზიტიურად შევხედო და ეს საქმიანობაშიც მეხმარება. ყოველი დღე განსხვავებული მაქვს, წინასწარ არ ვიცი, მეორე დღეს რა მოხდება. ჩემი ცხოვრება სიახლეებით არის სავსე. ძირითადად, ფეხბურთის ყურება, თამაშის ანალიზი, ცურვა და სილამაზის სალონში სიარული მიყვარს. ეს ყველაფერი ჩემი განტვირთვაა.
- როგორ აღმოჩნდა მათემატიკოსი გოგონა ფეხბურთში?
- სპორტის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. მინდოდა, ფეხბურთს გავყოლოდი, თუმცა იმ დროს ქალთა ფეხბურთი დიდად განვითარებული არ იყო, თავი შევიკავე და მათემატიკის განხრით განვაგრძე სწავლა. ერთხელ მამამ მსაჯთა აკადემიაზე მითხრა. არც კი დავფიქრებულვარ, იმწამსვე დავრეგისტრირდი და ანკეტა შევავსე. ორ თვეში დამირეკეს. უნივერსიტეტში ვსწავლობ, არაერთ ოლიმპიადაში გამიმარჯვია, მაგრამ ის ემოცია ცხოვრებაში ყველაზე დიდი რამ იყო, უბედნიერესი ვიყავი.
- ქალთა გუნდს მსაჯობ თუ ორივე სქესის წარმომადგენლებს?
- ორივე სქესს ვმსაჯობ. წინა წელს უმაღლეს ლიგაში ვიმსაჯე. ეს საქართველოში ყველაზე მაღალი ლიგაა.
- როგორია ერთი სამუშაო დღე?
- გააჩნია, თამაში ქალაქგარეთ მაქვს თუ თბილისში. თუმცა, პირველ რიგში, დღე თავის მოწესრიგებით იწყება. იმის მიუხედავად, რომ მსაჯი ვარ, მე ხომ გოგო ვარ და მნიშვნელოვანია, თავს მივხედო. ვცდილობ, მუდამ კარგად გამოვიყურებოდე. წინა დღეს მომდევნო დღისთვის ვალაგებ ჩანთას და არსად ვაგვიანებ, არ მიყვარს დაგვიანება, მერე ვინმემ არ თქვას, გოგოა და აგვიანებსო.
ბოლოს, ლაგოდეხში ვიყავი, ჯერ მოყვარულთა ლიგის თამაშებს ვემსახურეთ, შემდეგ აკადემია ეთამაშებოდა "მართვეს". დაძაბული მატჩი აღმოჩნდა, 1:1 დასრულდა. დრო დაგვრჩა და ნაკრძალიც დავათვალიერეთ. ამიტომ მიყვარს ჩემი სამსახური, მხოლოდ თამაშები არასდროს ტარდება, ექსკურსიები და გართობაც მოჰყვება ხოლმე. უკვე თითქმის მთელი საქართველო მოვიარე და ორმაგად შევიყვარე ჩემი სამშობლო. თან რთულია, საპასუხისმგებლოა და თან სასიამოვნო.
- თუ გახსოვს შენი პირველი თამაში, პირველი მსაჯობა?
- არასდროს დამავიწყდება, ვნერვიულობდი. მატჩის პირველ წუთზე 11-მეტრიანი წითელი ბარათით გვქონდა - გოლი გადიოდა და მცველმა კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა. მახსოვს, "ბორჯომი" ეთამაშებოდა "თბილისს". დავდე 11-მეტრიანი და ველოდებოდით გადამწყვეტ მომენტს. მთავარი მსაჯი - დათო გოგოხია და მეორე მსაჯი გაოგნებულები იყურებოდნენ. პირველივე წუთზე ორივე დარღვევა დაფიქსირდა. თამაში არასდროს გაძლევს იმის უფლებას, რომ მოდუნდე. მერე გეტყვიან, რისთვის ხარო... განაგრძეთ კითხვა