ერთი პატარა ბიჭი იყო, თბილისში ჩამოვიდა და სუფთა ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება. დღეს გურამ შეროზია მარკეტოლოგი, ასოცირებული პროფესორი, ბლოგერი, მოგზაური და ინფლუენსერია. რამდენიმე დღის წინ გურამმა მესამე სიმღერა ჩაწერა, კლიპის პრემიერაც უკვე შედგა და როგორც თვითონ ამბობს, მომავალში კიდევ აპირებს თავისი დრო სიმღერას დაუთმოს. ყველასთვის საყვარელ ბლოგერსა და მოგზაურს სიმღერაზე, პირად ურთიერთობასა და ხალხისგან წამოსულ კრიტიკაზეც ვესაუბრეთ.
- გურამ, ახალი კლიპის პრემიერაც ვიხილეთ, გილოცავ კიდევ ერთ წარმატებას. როგორი კმაყოფილი დარჩი საკუთარი შესრულებითა და კლიპით?
- კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ჩანაფიქრი რაც მქონდა, შესრულდა. მინდოდა მეჩვენებინა ცივილური ურთიერთობა, ასევე ის, რომ სიტყვა "მიყვარდა" ასოცირებული უნდა იყოს დადებითთან. ჩემი მთავარი მესიჯი ის არის, რომ ყველაფერი ძვირფასია, რაც ოდესღაც გვიყვარდა. ეს კონკრეტული სიმღერა ჩემს ძველ სიყვარულებს მივუძღვენი და კლიპში ერთ-ერთი მათგანი, ჩემი ყოფილი მეუღლე და სიყვარულის გაგრძელება, ჩემი შვილი გადავიღე.
- ბუნებრივია, გაჩნდა შეკითხვა, რატომ შეარჩია გურამ შეროზიამ ყოფილი მეუღლე კლიპისთვის?
- სხვები კოჭებს უხვრეტენ ყოფილ ცოლებს და დარჩენილ ცხოვრებას უკონტროლებენ, არ უნდათ, რომ მათ შემდეგ ყოფილი მეუღლის ურთიერთობაში რაიმე ნორმალური მოხდეს. მე ამის წინააღმდეგაც გავილაშქრე. მე იმდენად მეგობრულად ვარ, რომ კლიპშიც გადავიღე.
- უკვე 3 კლიპის პრემიერა შედგა, თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პოპულარობა მალიბუსთან შესრულებულმა სიმღერამ მოიპოვა. თავად რომელიმეს თუ გამოარჩევ?
- ვერ შევადარებ სიმღერებს პოპულარობით. ახალი კლიპი ახლახან დაიდო და უკვე საკმაოდ პოპულარულია, ერთ ღამეში ათასობით ადამიანმა ნახა. ამიტომ ესეც საკმაოდ მოთხოვნადი ჩანს. მალიბუსთან შესრულებული სიმღერა პირველი იყო და პირველი ყოველთვის ხმაურიანია ხოლმე. თან ეხებოდა მადლიერების გრძნობას და საკმაოდ ემოციური გამოვიდა. ჩემ მიერ შესრულებული ყველა სიმღერა რაღაც დადებითთან ასოცირდება, ყველაფერს ოპტიმიზმის კუთხით ვუყურებ.
სამივე ძვირფასი, ახლო და ემოციურ თემებზე დაფუძნებულია. ჩემი და ბარბარა სამხარაძის "მომენატრები" არის მარადიულ მონატრებაზე. ადამიანები მუდმივი მონატრების რეჟიმში ვართ. ვმოგზაურობ ხოლმე და ის წარსული დრო მენატრება, მენატრებიან ადამიანები, რომლებიც აღარ არიან; ემიგრანტები, რომლებიც 10 წელია წასულები არიან, მათაც ვიღაც ენატრებათ. როდესაც ელენა გაიზრდება, ვიცი, მისი ბავშვობა მომენატრება. ასე რომ, პოზიტიური თუ სხვა კუთხით მონატრება ყოველთვის თან ახლავს ჩვენს ცხოვრებას. განსაკუთრებით იმ ხალხის, რომლებიც აქტიური, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებით ვცხოვრობთ.
- როგორც ვხედავ, მომღერლობის ამპლუა კარგად მოირგე, ბავშვობიდან მღერი?
- ბავშვობიდან ვმღერი და მეცინება ხოლმე ხალხის ზედაპირულ კომენტარებზე, მიწერენ, რაღა ყველა ამღერდაო. თუ ვარ მეშახტე და ვმღერი, კარგად არ ვიმღერო? ან თუ ვარ ინჟინერი და კარგად ვწერ, ხომ არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვწერო. რატომ უშლის ერთი მეორეს ხელს. იმდენად ერთფეროვან და ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული ხალხის აზროვნება, რომ უკვირთ მსგავსი სიახლეები.
ბავშვობიდან ვმღერი, 7 წელი ფორტეპიანოზე დავდიოდი და დღემდე საკმაოდ გამართულად ვუკრავ, სოლო-ვოკალზეც ვიარე, მანამდე გუნდშიც ვმღეროდი და მაქვს მუსიკალური განათლებაც. ჩემს თაობაში პოპულარული იყო ტენდენცია, ყველგან დაგვატარებდნენ: ჭადრაკზე, ცეკვაზე, ხატვაზეც და მუსიკაზე. ვფიქრობ, თავი ყველაზე კარგად მუსიკაში ვიპოვე, ესეც ერთ-ერთი ჰობია. გამოცდილ მომღერლობაზე თავს ვერ დავდებ, 16 წლიდან ვმუშაობ და სიმღერისთვის არ მეცალა. რაღაც ეტაპზე ეს ჰობი აღვიდგინე. მთავარია, გქონდეს სმენა და სახასიათო ტემბრი და დანარჩენი ვარჯიშის ამბავია. არც დაკუნთული იბადება ადამიანი, ვარჯიშობს და ისე აღწევს სასურველ შედეგს. არც მარკეტინგში გამოცდილი დავბადებულვარ, ვისწავლე, დავხვეწე და ვთვლი, რომ დღეს კარგი მარკეტერი ვარ.
- თვითონ წერ სიმღერის ტექსტებს, ვინ არის შენი ინსპირაციის წყარო?
- ყველა სიმღერაში სხვადასხვა ინსპირაციის წყარო მყავს. "მადლობაში" - ელენა და დედაჩემი, რადგან ცხოვრებაში ყველაზე დიდი მადლობელი ვარ ამ ორი ადამიანის. "მომენატრებიში" ინსპირაციის წყარო იყო ბევრი ახლობელი, ყოფილი მეგობარი, რომლებიც კარგად მახსენდებიან დღემდე.
- რას საქმიანობ ამჟამად, რაიმე ახალი ხომ არ შეემატა შენს რეგალიებს?
- ბევრი საქმიანობა მაქვს, ხშირად ვიმეორებ ჩემს რეგალიებს. 2015 წლიდან ტელევიზორში აქტიურად ვჩნდებოდი, ყველგან მივდიოდი, სადაც დამიძახებდნენ. გამოცდილება არ მქონდა ამ კუთხით და მეგონა, კარგად ვიქცეოდი. შესაბამისად, ეს ხალხი აღმიქვამდა ვიღაც სკანდალისტ ბლოგერად, რომელიც "ბლოგებს წერს და ჭერში აწყობს". ვიღაცისთვის გამოვა, რომ ბევრჯერ ვიმეორებ, მაგრამ ხალხმა დღემდე არ იცის. ვარ ასოცირებული პროფესორი, ვმუშაობ უნივერსიტეტში, მარკეტინგის სფეროში, მაქვს ჩემი ტურისტული კომპანია და ასე შემდეგ. მარკეტინგი ამოძრავებს ჩვენს ცხოვრებას, ეს სფერო გამომდის და სწორედ მარკეტინგს ვიყენებ სიმღერაშიც და სხვა პროფესიებშიც.
ბოლო 2-3 წელია ძალიან ვფილტრავ გადაცემებს, ყველგან არ დავდივარ და აღარც ისე ხშირად ვჩანვარ ტელეეკრანებზე. ადრე, 5 წლის წინ, ლანძღვის ობიექტი ვიყავი, რადგან მუდამ ყველგან ვჩანდი. ახლა თუ მლანძღავენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამბობენ, განდიდების მანია აქვს და ამბიციურიაო. ამბიციური რომ არ ვიყო, ვერაფერს მივაღწევდი, მაგრამ განდიდების მანია რატომ, თუ ხაზს ვუსვამ, რომ კარგად ვცხოვრობ, ბევრს ვმუშაობ და ჩემს წარმატებას სხვას ვუზიარებ, ეს განდიდების მანია კი არა, ეს სტიმულის მიცემაა სხვისთვის. ბავშვობაში ძალიან მაკლდა სტიმული. ჩემ ირგვლივ ყველა იმას ამბობდა, რისთვის სწავლობ ამ დამპალ ქვეყანაში, ვის რად უნდა შენი ტვინი, დარჩები აქ მინიმალური ხელფასით და სხვა. მე რომ იმ დროს ისეთი მოტივატორები მყოლოდა, როგორიც დღეს გურამ შეროზიაა, დიდი სტიმული იქნებოდა. კიდევ უფრო სწრაფად განვავითარებდი ჩემს თავს.
- ხშირად ესაუბრები "ჰეითერებს", როგორი რეაქცია გაქვს უარყოფით კომენტარებზე?
- არ დაგიმალავ და ხანდახან ვბრაზდები, ამ ხალხს ნერვები ცუდ დღეში აქვს, ცუდია, რომ ამის გამოსწორება თვითონვე შეუძლიათ და არ ასწორებენ. შეიძლება დავდო მოგზაურობის ფოტო და მომწერონ, რატომ დაგვღალე ამ მოგზაურობებითო; ან დავდო აუზე გადაღებული წელს ზემოთ შიშველი ფოტო და დაიწყონ, ტიტლიკანა რას დატანტალებ, შენი თავი რატომ მოგწონსო. მომწონს ჩემი თავი, მიღებული მაქვს ისეთი, როგორიც ვარ. ეს არ ნიშნავს ნარცისიზმს, მიმღებლობა მაქვს ჩემი თავის მიმართ.
ასევე მაქვს "ჰეითერების" მიმღებლობაც, რადგან გაბრაზებაზე მეტად მეცოდებიან ისინი. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ კარგი ფოტო დადო, ბედნიერია და შენ შედიხარ და ლანძღავ იმის გამო, რომ ბედნიერია. რა დღეში უნდა ვიყო, რომ ამის სურვილი გამიჩნდეს, გაბრაზებაზე მეტად მეცოდებიან. არც ვბლოკავ არავის, მგონია, რომ შეიძლება დღეს მლანძღონ, ხვალაც და ზეგ აზრზე მოვიდნენ, რომ ამაზე დაკარგული დრო თავის განვითარებას მოახმარონ. არ მიყვარს ხელოვნური იდილია. ჩემს სოციალურ ქსელებში რომ შემოხვალ, აგრესორებსაც ნახავ, გიჟებსაც და კარგ ხალხსაც შეხვდები.
- ახლაც რამდენიმე ისეთი რამ მითხარი, რის გამოც შეიძლება გაგაკრიტიკონ...
- კრიტიკა წამოვა აუცილებლად, მე ამას შოკურ თერაპიას ვეძახი. მოფერებით და დამალვით მას ვერ გამოასწორებ. თუ ასე ფიქრობ, ადამიანს პირდაპირ უნდა უთხრა, რომ შტერია, დროა, წიგნი გადაშალოს და ხალხში გავიდეს. ყოველთვის ჯობს რადიკალური იყო. ჯერ კიდევ როდის ამბობდა ილია ჭავჭავაძე, მოყვარეს პირში უძახე, მტერს კი პირს უკანაო. თუ ლაქა მექნება შუბლზე და არავინ არასდროს მეტყვის, ვივლი ასე დალაქავებული. მირჩევნია, ვიღაცამ მითხრას, მოვიცილო და გავაგრძელო სუფთად ცხოვრება.
- საინტერესო სტილი გაქვს, უკვე დიდი ხანია გრძელ თმას ატარებ და ნებისმიერ სამოსს ირგებ, ამაზეც გაუკრიტიკებიხარ ვინმეს?
- ერთმა ქალმა დამიწერა, კონჩიტა ხარო, ფოტოზე წვერი და თმა მქონდა გაშლილი. კარგად ვგრძნობ თავს ჩემს ამპლუაში, ვის არ ჰქონია გრძელი თმა და 21-ე საუკუნეში რომ კიდევ უკვირთ, ცოტა მიუღებელია. სხვა მხრივ, გასაკრიტიკებელს არაფერს ვატარებ. ტატუ, პირსინგი, ბეჭდები - არაფერი არ მიზიდავს, ნატურალიზმს მივყვები, წარბსაც აღარ ვიკეთებ, ოდნავ შევისწორებ ხოლმე. მომწონს, როდესაც ბუნებრივი იერი მაქვს.
- კლიპისა და სოციალური ქსელის მიღმა როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილ მეუღლესთან?
- ნორმალური. დაშორებიდან რამდენიმე თვე ძალიან ცუდი ურთიერთობა გვქონდა, მეგობრებიც კი დავიყავით, ვინც ცდილობდა ორივესთან ერთად ყოფილიყო და ერთად გვეპატიჟებოდნენ, გავწყვიტე ამ ხალხთან ურთიერთობა და დღემდე აღარ ვმეგობრობ. დღეს უკვე დავლაგდით. ვერ ვიტყვი, რომ უახლოესი მეგობრები ვართ, თუმცა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბევრ რამეში ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. ბავშვისთვის უდიდესი სტრესია, როდესაც შეუგნებელი მშობლები ერთმანეთის დისკრედიტაციას ცდილობენ. რა უნდა მომხდარიყო, ურთიერობა რომ საერთოდ გაგვეწყვიტა. პირველ რიგში, ბავშვის ფსიქიკას უნდა გავუფრთხილდეთ და მოჩვენებით მაინც ვიყოთ კარგად, მაგრამ ჩვენ მოჩვენებით არ ვართ, ვმეგობრობთ და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მეგობრობა სიყვარულამდეც გამოგვდიოდა და ახლაც გამოგვდის.
- სოციალურ ქსელში წერდნენ, იქნებ ამ სიმღერის შემდეგ შერიგდეთო. ამაზე რას გვეტყვი?
- ძაან საყვარლობაა, როდესაც ხალხი რაღაც საყვარელს და ლამაზს ხედავს. მესმის, ეს განცდა ეუფლებათ. არ ვბრაზდები მათზე, მათ აქვთ უფლება, მოვწონდეთ ერთად და გვიგულშემატკივრონ. მაგრამ ვიტყოდი, რომ გამორიცხულია. ჩვენ ვიცით, რამდენად მძიმედ არ გამოგვდის ერთად ყოფნა, ორივეს გაცნობიერებული გვაქვს, თუმცა არ ნიშნავს, რომ რომელიმე ცუდი ადამიანი ვართ. ცალკე ხინკალიც გადასარევია და მარწყვის ტორტიც, მაგრამ ერთმანეთს არ უხდება. დაახლოებით ეს სიტუაციაა. 100%-იანი შანსი არაფრის არ არსებობს, მაგრამ 99% ორივე მხარე თანახმა ვართ, რომ ცალ-ცალკე ვიყოთ.
- საქართველოში ვცხოვრობთ, იქ, სადაც შვილები ძირითადად დედებთან იზრდებიან. რატომ იზრდება ელენა მამასთან?
- ელენა ორივესთან არის, ვერ ვიტყვი, რომ ჩემთან იზრდება. ის, რომ ჩემს სახლში ატარებს დიდ დროს, დედაჩემის დამსახურებაა. მოდი ასე ვთქვათ, ელენა იზრდება ბებიასთან. დედის ჭერქვეშ რომ ყოფილიყო, მოგვიწევდა ძიძის აყვანა, უცხო ადამიანისთვის მისი დატოვება. არ არის ამის აუცილებლობა, რადგან მყავს დედა, რომელიც გიჟდება ბავშვზე და ჩემს ასლს, ელენას მიზრდის. რატომ უნდა გავირთულოთ ცხოვრება? ნახვის კუთხით ჩათვალეთ, რომ ელენას დედა ყოველდღე ჩემს სახლშია და ნახულობს ბავშვს. ჩვენი შვილი ორივესთან იზრდება, უბრალოდ, ლოკაცია ტერიტორიული არის ჩემი სახლი. შეიძლება კვირა ისეც გავიდეს, რომ ყოფილი მეუღლე უფრო ხშირად მოვიდეს ჩემს სახლში, ვიდრე მე, რადგან ტური მქონდეს და არ ვიყო ქალაქში.
არ მესმის, ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი მიდგომა როდის უნდა დასრულდეს, როდესაც მამებს არ აინტერესებდათ შვილების აღზრდა. სულ რომ ჩემთან არ ეცხოვრა ელენას, 3-ნახევარი დღე მე მეყოლებოდა, სამ-ნახევარი დედას, ზუსტად გავყოფდით დღეებს. არავითარი შაბათ-კვირა, რომელიც მამის უფლებებს ლახავს.
- მოგზაურობა შენი ჰობი და საქმიანობაა, სად გეგმავ წასვლას ამ ზაფხულს?
- ახლა სომხეთში მივდივარ, შემდეგ ხორვატიაში, საიდანაც უნდა გადავიდეთ მონტენეგროში, ტური მიმყავს. აგვისტოში მექსიკაში ვაპირებ წასვლას მარტო. მიყვარს სიცხე და მარტო დავისვენებ.
- როდის უნდა ველოდოთ ახალ კლიპს და ვისთან ერთად?
- კრიტიკული კომენტარები მივიღე იმასთან დაკავშირებით, რომ სულ ვარჩევ იდეალურ მომღერლებს. მალიბუ, ბარბარაც და მარიამიც სამივე ერთმანეთზე უკეთესია. მითხრეს, რომ თითქოს მათ ხარჯზე გავდივარ და ვოკალურად ვეფარები პროფესიონალ მომღერლებს. რომ დავფიქრდი, არის კიდეც ამის ფიქრის საფუძველი, არ ვბრაზდები. შესაბამისად, გადავწყვიტე დავამტკიცო, რომ მარტოც შესანიშნავი ბიჭი ვარ. შემდეგი სიმღერა უკვე ჩაწერილი მაქვს, სოლო იქნება, არანაირი დუეტი. კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ, რომელიც სექტემბრისთვის იქნება მზად.