"ლექსად ნათქვამი სიცოცხლე/ სიკვდილად გადავაქციე,/ წყლის ორი წვეთი მებარა,/ არც ვიცი, სად დავაქციე..." ამ სტრიქონების ავტორი 33 წლის გახლავთ - არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა და, თითქოს, სევდა, იმედგაცრუება და უიმედობაც კი მომეტებულად დაჰყვება მის პოეზიას. მიზეზი რა არის? ამას და კიდევ ბევრ საინტერესოს საკუთარ თავზე, ალბათ, თავად უკეთ გვიამბობს მრავალმხრივ ნიჭიერი და გარეგნობითაც გამორჩეული მარიამ სიმონიშვილი:
- რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდესო - ზუსტად ჩემზეა. 7 წლამდე თიანეთის სოფელ საყდრიონში ვცხოვრობდი და ის წლები ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. მართალია, იქ მეზობელი ბავშვიც კი არ მყავდა, ვისთანაც ვითამაშებდი, მაგრამ მყავდნენ ნატა და ნათია დოლიძეები, დიდ დროს ვატარებდი მათთან. ვერ გეტყვით, ეს ადამიანები დღის განმავლობაში რამდენჯერ მიყვებოდნენ ზღაპრებს და მასწავლიდნენ ლექსებს. მართალია, ვიტანჯებოდი იმ ლექსების სწავლით, მაგრამ მაინც მივდიოდი მათთან, რადგან ნატა, ნათია და მათი დედა - ევა ბებო ძალიან მიყვარდა. საბოლოოდ კი, ხომ ხედავთ, თავად დავიწყე ლექსების წერა (იცინის).
შემდეგ იქვე, ახლოს, სოფელ ღულელებში გადავედით საცხოვრებლად. ვერ ვიტყვი, რთული ბავშვობა მქონდა-მეთქი, მაგრამ სოფელში ვიზრდებოდი, სოფელს კი თავისი სიმკაცრე აქვს. დედაც მკაცრი მყავდა, მე კი, როგორც ყველა ბავშვს, საკუთარი სამყარო მქონდა, რომელმაც სკოლის პერიოდში თეთრი ლექსებიც კი დამაწერინა. პირველი ორსტროფიანი ლექსი, დაახლოებით, 14 წლის ასაკში დავწერე და დედას წავუკითხე. დედა მასწავლებელია და მკაცრად შემიფასა ლექსი. მეც ავდექი, დავხიე და გადავაგდე, მაგრამ... წერა არ შემიწყვეტია - ჩუმად ვწერდი და დედას აღარ ვაჩვენებდი. სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, ტექნიკური საგნებისადმი მქონდა მიდრეკილება, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ვიყავი ქართულ ლიტერატურაშიც და, როგორც ჩემი მასწავლებელი ამბობდა, კარგ თავისუფალ თემებს ვწერდი, ოღონდ პრობლემად ისევ ლექსები მქონდა - ვერ ვიზეპირებდი. საკუთარი ერთი ლექსიც კი არ ვიცი თავიდან ბოლომდე ზეპირად. სკოლის დამთავრების შემდეგ, აბიტურიენტობისას, დიდად აღარ მქონია წერის სტიმული და მოწოდება. ერთხელაც, სტუდენტობისას, ეკონომიკის გამოცდზე დავწერე ლექსი "მთვარეს ფორმა აქვს ღილის,/ ბრუნავს და არა ყვირის./ გზას მივუყვები, დილის,/ მგზავრი ვარ ცის და მიწის". შემნიშნა ლექტორმა, ფურცელზე რაღაცას, ისეთს რომ ვწერდი, რაც ეკონომიკისგან ძალიან შორს იყო, მაშინვე წამართვა ფურცელი და გამოცდიდან გამომაგდო. სხვათა შორის, მალევე დამაბრუნა გამოცდაზე, - ლექსი კი დაგიწერია, მაგრამ ახლა კეთილი ინებე და "სამომხმარებლო კალათა" დაწერეო. ის ფურცელიც უკან დამიბრუნა.
ეკონომიკის ფაკულტეტი კი წითელ დიპლომზე დავამთავრე. მერე, ნელ-ნელა დამიგროვდა ლექსები... ისე კი, ძალიან უდიერად ვეპყრობოდი ჩემს ლექსებს. მაშინ არც ინტერნეტი იყო ასე ხელმისაწვდომი და არც სოციალური ქსელები - ასეთი პოპულარული, ვერც ხალხისთვის ლექსების წარდგენაზე ვიფიქრებდი, ვინმეს რომ შეეფასებინა და სტიმული მოეცა. გამოქვეყნებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. თვითშეფასების უნარშიც მოვიკოჭლებდი, საკუთარ თავს ვეჭიდავებოდი.
ვერ გეტყვით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჩემს სხეულში - ერთი, რომელიც ხატავს და სხვადასხვა ნივთს ქმნის, აპირებს გამოფენის მოწყობას, მაგრამ ჯერ ინტერნეტშიც არაფერი დაუდია; მეორე, რომელიც ლექსებს წერს; მესამე, რომელიც ქსოვს, ქარგავს, კერავს და მაკიაჟის ხელოვნებაც იტაცებს; მეოთხე, რომელსაც ძალიან უყვარს კულინარია და, როგორც ამბობენ, კარგი კერძები გამოსდის...
- ერთ ადამიანში ყველაფერი ერთად? და ეს არ გაწუხებს?
- საკმაოდ მაწუხებს და ყველაზე უკეთ სათქმელს ჩემს ლექსებში გადმოვცემ. მყავს შვილი - 10 წლის გიორგი და მას ჩემი ყურადღება სჭირდება. ვურთიერთობ დედასთან, მეუღლესთან, მეგობრებთან... მაგრამ მაინც მარტოობა უფრო მიყვარს. ერთი სული მაქვს ხოლმე, ჩემს ნახატებს შევავლო თვალი. როდესაც რაღაცას ვქმნი, გარე სამყაროზე ვერ ვფიქრობ. იმ წუთებსა თუ საათებში ჩემი სივრცის იქით რა ხდება, სრულიად აღარ მაინტერესებს - ყველა დარაბა დახურულია. შეიძლება ითქვას, ამა თუ იმ მომენტში სწორედ ჩემი ლექსები გამოხატავს ჩემს სულიერ მდგომარეობას.
- "ბედისა მძებნელ, მქროლვარი,/ გადარჩენასა ვდუდუნებ,/ საძირკვლის გველებს დავცქერი,/ ყურადღებას არ ვუდუნებ./ ვიომებ, არ შევშინდები,/ ქალი ომშიაც კაცია,/ პირქუშთა ხროვა თარეშობს,/ მოყვარემ ზურგი მაქცია..." - ვის ეომები, ვის ებრძვი, ვინ არის "ის" მოყვარე, ზურგი რომ გაქცია?
- ცხოვრებაში გხვდებიან ადამიანები - მეგობრები, კოლეგები... და ყველა არ არის შენდამი იმ განწყობით, როგორც შენ ხარ მათდამი. ყოველთვის კეთილი ვერ იქნები, ბუნებრივია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ იქ, სადაც ვარ, მისაღები ვიყო და იქაური ქუდი დავიხურო. ხან საერთოდ არ ვამბობ, რომ ლექსებს ვწერ, ხან საერთოდ არ ვამბობ, რომ ცეკვა ვიცი, ხან საერთოდ არ ვამბობ, რომ კერძების გაკეთება ვიცი... სიტუაციას გააჩნია. აქედან გამომდინარე, ცხოვრებაში მხვდება წინააღმდეგობები... ცხოვრებამაც მაწვალა, ზოგადად. ეს არც ჩემი ბრალი არის, არც ჩემი ოჯახის წევრების და არც ჩემი მეორე ნახევრის ან ვინმე კონკრეტული ადამიანის. ვფიქრობ, რომ, რაღაცნაირად, დაწერილი ბედის მიხედვით, მე და ჩემს ბედს ჭიდილი გვიწევს. ასე რომ, მოყვარე, რომელმაც ზურგი მაქცია, შეიძლება ჩემივე ბედიც იყოს. სხვათა შორის, ეს არ მძაბავს, პირიქით - სტიმულსაც კი მაძლევს, ენერგია მომდის და რასაც გავცემ, რასაც ვხარჯავ, იმავეს ვიღებ. თუნდაც - ტაძრიდან ვიღებ. მოძღვარი არ მყავს, მაგრამ ტაძარი ჩემი მეორე სახლია, სადაც მივდივარ და, ზოგადად, ყველაზე გულწრფელიც იქ ვარ. ყოველ ღამეს სანთლის ანთება და ლოცვა - ეს არის ჩემი სულიერი სიმშვიდე. ვფიქრობ, რომ კარგი ენერგეტიკული ველი მაქვს, არ ვცდილობ, ადამიანები დავსტრესო, არ ვცდილობ, მათზე ცუდი ვთქვა, მათ ცხოვრებაში ჩავერიო. შესაბამისად, მართლა არსებობს კოსმოსური უხილავი ძაფები, რომელიც, თითქოს, ჩემსა და კოსმოსს შორის არის გაბმული და ეს სიამოვნებას მანიჭებს.