სამეჯლისო სპორტული ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავე - მზია ორველაშვილი კვლავ იტალიაში ბრუნდება. მიზეზის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც საქართველოდან მზიას გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ... ახლახან მოცეკვავემ სოციალურ ქსელში "პოსტი" გამოაქვეყნა - ჩემი ძმა დღეს უკრაინაში იბრძვისო... ჩვენი საუბრის მთავარი თემაც დედმამიშვილობაა...
- დიდ ოჯახში გავიზარდე. სახლში ყოველთვის 9-11 კაცი ვცხოვრობდით. 2 უფროსი ძმა - გიორგი და შალვა მყავს. გიორგი კანადაში ცხოვრობს, შალვა - საქართველოშია, თუმცა ისიც საზღვარგარეთ, ესპანეთში ცხოვრობდა. ჩემს ძმებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, საერთო სამეგობრო გვყავდა. სულ ერთად ვიყავით, სანამ დავოჯახდით და სხვადასხვა ქვეყანაში "დავიშალეთ". დღესდღეობით, ძველებურად კარგი ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ ერთმანეთისგან მოშორებით ვიმყოფებით. მეც იტალიაში მივემგზავრები, აქ მყოფი ჩემი ძმაც ესპანეთში ბრუნდება. ეს საკითხი ძალიან მაწუხებს. მინდა, მთელი ოჯახი ისევ ერთად ვიყოთ. ჩემი დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი - ბიძაშვილი (დედაჩემის ძმისშვილი), რომელსაც "ძმას" ვუწოდებ, რადგან ერთად გავიზარდეთ, ამჟამად უკრაინაში იბრძვის. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა ერთი წელია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ალალი ძმაა. მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩემთვის უძვირფასესია. სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა. ომში გამოიძახეს. ქვეყნის სამსახურში ყოველთვის პირველ ადგილზეა. უმძიმესი დღე იყო, როცა ბიცოლაჩემმა უკრაინიდან დარეკა - მიშველეთო! მისი ხმა არ მავიწყდება, - უკრაინაში ომი დაიწყო, ხარკოვს ბომბავენო (თან, ხარკოვში ცხოვრობენ)! დღემდე ეკლებზე ვსხედვართ - როდის დაგვირეკავს, როდის რას გვეტყვის... მადლობა უფალს, ჯერჯერობით ჩემი ბიძაშვილი კარგადაა. იმედია, ისევ ისეთი დაგვიბრუნდება, როგორიც იყო, ყოველგვარი დაზიანების გარეშე. მთელ უკრაინას ვუსურვებ, უფალმა გადმოხედოს და შექმნილი რთული სიტუაცია მალე დასრულდეს - ისევ განაგრძონ ის ლამაზი ცხოვრება, როგორიც ჰქონდათ. ოთხწელიწად-ნახევარი კიევში ვცხოვრობდი და ვიცი, იქ როგორი ხალხია, უამრავი მეგობარი მყავს... უკრაინაში არსებულ სიტუაციას განვიცდი. როცა ოჯახი იქ გყავს და უცებ ასეთ საშინელებას იგებ, ურთულესია. ჩემს შინაგან ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოგცემ...
- ბოლოს როდის შეიკრიბეთ მთელი ოჯახი?
- იცი, რამდენი ვართ?!. ერთ მამიდას 5 შვილი ჰყავს, მეორეს - 2, ბიძაჩემს (დედაჩემის მხრიდან) - 5 (იღიმის)... სულ ვშაყირობდით, ერთი ქორწილის სუფრა ვგროვდებითო... 2 წლის წინ ბებიაჩემი გარდაიცვალა. ამ სამწუხარო მიზეზის გამო შევიკრიბეთ, თუმცა ბევრი მათგანი მაინც გვაკლდა, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ვართ გაფანტულები...
- როგორი ბავშვი იყავი? შენზე ძმების გავლენა იგრძნობოდა?
- დედაჩემი ამბობს, - წლინახევრამდე ბუნჩულა იყავი, შენს ხმას ვერ გაიგებდა ადამიანიო. შემდეგ ასეთი ინციდენტი მოხდა: ადუღებული წყალი სხეულზე გადამესხა. ამ სტრესის შემდეგ ხასიათი შემეცვალა. ჩემი მართვა რთული იყო. "ნაკლეიკების" გამო, ძმებს ვამწარებდი, ვპარავდი (იღიმის)... როცა წამოვიზარდე, ყოველთვის მაკონტროლებდნენ. ყველამ კარგად იცის, "თავში ავარდნილი" არაფერი მაქვს, მაგრამ უბრალოდ, სკოლაში და იმ უბანში, სადაც გავიზარდე, ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. ჩემი ძმები, მკაცრი კახელები, ყოველთვის ცდილობდნენ გავეკონტროლებინე: სკოლამდე მივეყვანე, სახლში მოვეყვანე... ყურადღებას მაქცევდნენ. ისეთი ბავშვი არ ვყოფილვარ, რომელსაც დიდი კონტროლი სჭირდებოდა, რადგან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ვიცოდი, საზოგადოებაში თავშეკავებულად უნდა მოვქცეულიყავი. ენერგიული ვარ, მეგობრებთან ერთად მხიარულება მიყვარს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს ძმებს ეწყინებოდათ, თუკი მათ გარეშე სადმე მყოფი შინ გვიან მივიდოდი. ამიტომ სულ საათზე ვიყურებოდი, რომ საღამოს 9-ზე სახლში ვყოფილიყავი.
- გარდატეხის ასაკში ძმების მზრუნველობა გამაღიზიანებელი არ იყო?
- ზოგჯერ მწყინდა. თუნდაც - როგორ თუ თქვენ შეყვარებულების ყოლა შეგიძლიათ, მე კი - არა, ყველაფერს რატომ მიშლით და მიკონტროლებთ-მეთქი?!. იცი, როგორი ხასიათი მქონდა?.. რასაც მიშლიდნენ, ჯიბრით ვაკეთებდი. ახლა შევიცვალე, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე მივხვდი, ყოველთვის იმის კეთება, რაც გინდა, სწორი არ არის. წინათ ძალიან ჯიუტი ვიყავი და ვცდილობდი, რასაც მიკრძალავდნენ, ის გამეკეთებინა. ძმები ამ მხრივ უფრო მაკონტროლებდნენ, რომ რამე სისულელე არ ჩამედინა.
- ჩაცმის სტილთან დაკავშირებით ხომ არ გზღუდავდნენ?
- საერთოდ, მოკლე და გამომწვევი კაბების ჩაცმა თავადაც არ მიყვარს. იშვიათად, როცა მაგალითად, მოკლე შორტს ჩავიცვამდი, გიორგი მეტყოდა ხოლმე, - ცოტათი მოკლე ხომ არ გაცვია? წადი, გამოიცვალეო. მეორე ძმა უფრო "რბილია": თუ გინდა, ჩაიცვი, ოღონდ წესიერად მოიქეციო...
- ადრეულ ასაკში შენს დაოჯახებას ძმები როგორ შეხვდნენ?
- ძალიან რთულად. გათამამებული დაიკო და შვილი ვიყავი. ოჯახის წევრები ჩემს ცეკვაში, განათლებაში მაქსიმუმს "დებდნენ". თუნდაც, ჩემმა ძმებმა ბევრი რამე მოიკლეს იმისთვის, რომ კონკურსებზე გავსულიყავი... როცა გავთხოვდი, ჯერ ისევ თოჯინებით ვთამაშობდი. ეს ნაბიჯი გააზრებული არ მქონდა... იყო ეპიზოდები, რომლის აფიშირებისგანაც თავს შევიკავებ... ჩემი დაოჯახება ძმებმა რთულად მიიღეს, მაგრამ მათთვის ისევ ისეთი დაიკო ვიყავი და მაინც ძველებურად მეფერებოდნენ.
- ზოგჯერ დები ეჭვიანობენ, როცა ძმები ოჯახს ქმნიან. როგორი მული ხარ?
- ფანტასტიკური მული ვარ! შეგიძლია, ჩემს რძლებს დაურეკო და ამის შესახებ ჰკითხო. ჩემი ძმების პირად ცხოვრებაში არ ვერევი. მთავარია, ბედნიერები იყვნენ. არასოდეს მიეჭვიანია. ჩემს რძლებს ძალიან ვუყვარვარ. ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს - ერთმანეთისგან არ გამოვარჩევ. მათთან ვდაქალობ. ჩემს სამეგობრო წრესაც იცნობენ. პირდაპირ ვიტყვი: იდეალური მული ვარ!..
- ძმების პირადი ცხოვრების მიმართ, როცა მათ შეყვარებულები ჰყავდათ, პატარა ასაკშიც ასე განწყობილი იყავი?
- კი, ყველასთან ყოველთვის ჯიგრული ურთიერთობა მქონდა. 24 წელია, რაც მე და ჩემი ერთ-ერთი რძალი - ტელეჟურნალისტი მაიკო მანჩხაშვილი ერთად ვართ. თავიდან ვდაქალობდით. სულ ვეუბნებოდი, - ჩემი რძალი უნდა გახდე-მეთქი. - რას მეუბნები? შენი ძმა ჩემზე დიდი ასაკისააო, - მპასუხობდა. ხომ იცი, ადრეულ ასაკში, 4-5-წლიან ასაკობრივ სხვაობას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. შეყვარებულები რომ გახდნენ, მაიკომ მითხრა, - ვანგა ხარო (იცინის)...გაგრძელება