"გუშინ, მაგალითად, ერთმა კიეველმა მეგობარმა მთელი დღე ვერ მიპასუხა, რაც აქამდე არ მომხდარა და ძალიან ვინერვიულე... თურმე, ძალიან ცუდად გამხდარა ბუჩას ამბების გამო და აბა, რა იქნებოდა?! - ჩვენ დავწყდით აქ, რაც ბუჩაზე ვნახეთ. ახალგაზრდა გოგოს მაღალი წნევა ჰქონდა, ფაქტობრივად, ჰიპერტონიული კრიზი...", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" მსახიობი ეკა ნიჟარაძე, რომელმაც თავისი აღშფოთება ვრცლად და გულწრფელად გაგვიზიარა.
- საქართველოში ამდენი უბედურება გამოვიარეთ, რაც რუსეთმა თავს დაგვატეხა, მაგრამ სულ რომ არაფერი გამოგვეცადა, დღეს მაინც იმდენად რთულია იმაზე საუბარი, რაც უკრაინაში ხდება, ცრემლების გარეშე ყოვლად შეუძლებელია... სიტყვებსაც - საშინელებას, ჯოჯოხეთს რომ ვამბობ, თითქოს არ არის საკმარისი, არ მყოფნის სიტყვები, ვერ ვპოულობ...
მგონია, რომ დედამიწაზე ავთვისებიანი სიმსივნეა რუსეთის სახით დამკვიდრებული, თავისი მეტასტაზებით, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არავის აძლევს... მით უმეტეს, ჩვენს ორსაუკუნოვან ისტორიას თუ გავიხსენებთ: დაწყებული გეორგიევსკის ტრაქტატიდან, მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის გასაბჭოება, 1989 წლის 9 აპრილი, შემდეგ აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომები... ჩვენი რამდენი საუკეთესო ახალგაზრდა დაიღუპა, პირადად ვიცნობდი, როგორი რჩეული ახალგაზრდები იყვნენ... რუსები ამოსუნთქვის საშუალებას არც ჩვენ, არც არავის აძლევენ. თვითონაც არ შეუძლიათ მშვიდად ცხოვრება და არც არავის აცდიან.
- როგორც ხელოვანი, იტყოდით, რომ ორი რუსეთი არსებობს?
- ვერა! სამწუხაროდ, ვეღარ ვიტყოდი, რომ ორი რუსეთი არსებობს... არსებობენ ადამიანები, რომლებიც ალბათ თითზე ჩამოსათვლელები არიან, ვინც გააპროტესტა, ხმამაღლა თქვა სათქმელი და ქვეყანა დატოვა ან არ დატოვა და იცის, იქ რაც მოელის. დღეს ერთი რუსეთია - სიბოროტის განსახიერება, მათი აღარაფერი მინდა!
- არიან ქართველი ხელოვანები, რომლებიც რუსეთს მხარს უჭერენ...
- აღარ არიან ისინი ქართველები! მხოლოდ სახელი, გვარი აქვთ ქართული და გადაიკეთონ, გახდნენ - ივანოვები, პეტროვები - უფრო მოუხდებოდათ...
- უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან სიახლოვე გაკავშირებთ?
- დიახ... მეგობრები მყავს კიევში, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ... დილით ადრე ვიღვიძებ, ისინი ჩვენზე უკან არიან დროის მიხედვით, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ნორმალურად არც სძინავთ, თავშესაფარში არიან და მაშინვე ვურეკავ. ღამეც ისე ვერ ვიძინებ, თუ არ გავიგებ, როგორ არიან... გუშინ, მაგალითად, ერთმა კიეველმა მეგობარმა მთელი დღე ვერ მიპასუხა, რაც აქამდე არ მომხდარა და ძალიან ვინერვიულე...გაგრძელება