"ჩემს შვილს შეუძლია, ყოველთვის კარგ ხასიათზე დამაყენოს. უკვე დიდი ბიჭია. როგორც ყველა პატარა, ჩემი შვილიც ძალიან საყვარელია, კეთილი, სულ იცინის. არც მახსოვს, მის დაბადებამდე როგორ ვცხოვრობდი, რას ვაკეთებდი. მან ჩვენი ოჯახის ცხოვრება შეცვალა", - ამბობს თინათინ წულაძე. როგორი ადამიანები აკვირვებენ, რის გამო იღებს საყვედურებს, რა არის მისი სავიზიტო ბარათი, რა დროს იბნევა და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1995 წლის 2 აპრილი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი, მაგრამ მერე აზრი შემეცვალა, შემეშინდა და გადავიფიქრე. ძალიან რთული პროფესიაა, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, დიდი პასუხისმგებლობაც ვიგრძენი. დედა მსახიობია, ბაბუა - მსახიობი, მამა - რეჟისორი, ჩემ მიმართ ინტერესი და მოლოდინი დიდი იქნებოდა, სულ გამადიდებელი შუშით დამაკვირდებოდნენ. ამიტომ მსახიობობაზე უარი ვთქვი და მივიღე გადაწყვეტილება, სხვა პროფესია ამერჩია. საბოლოოდ ისე მოხდა, სცენიდან მაინც არ წავსულვარ.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ყოველთვის კარგ განწყობაზე ყოფნა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...მომთმენიაო. მართლაც, დიდი მოთმინების უნარი მაქვს, ზოგჯერ ეს ვიღაცისთვის ნერვების მომშლელიც კი არის. სხვებს არ ესმით, როგორ შეიძლება ასეთი ვიყო.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არაფერს შევცვლიდი, გარდა იმისა, რომ მეტს წავიკითხავდი იმ ასაკში, როცა საამისოდ მეტი დრო მქონდა.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...არიან ჩემი მეგობრები. ჩემი წარმატებაა ურთიერთობა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, გარშემო მყოფ ადამიანებთან... ამაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არაფერია. საქმე, კარიერა და ყველაფერი დანარჩენი მერეა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს; ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეს სამსახურს არ ვეძახი, ეს ჩემი ცხოვრებაა.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...უკეთესის მოლოდინი მქონდეს. მაშინაც კი, როცა გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს, მჯერა, წინ ყველაფერი კარგი მოხდება. იმედს არასდროს ვკარგავ და მინდა ეს განწყობა ჩემში სულ იყოს.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ხშირად მარტივად ვუყურებ იმ საკითხებს, რამაც შეიძლება დამთრგუნოს; ცუდ ამბებს არ ვაძლევ უფლებას, დამანგრიოს, შემცვალოს. ბედნიერებას მარტივ დეტალებში ვპოულობ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ცოტათი მშიშარა ვარ. პროფესიული კუთხით თავდაჯერებულობა მაკლია. ამ მხრივ ჩემს თავზე ვმუშაობ. იმედი მაქვს, შედეგი მექნება.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...არ ვნანობ, ყველა შეცდომამ რაღაც მასწავლა, გამზარდა.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ ადამიანი არასდროს განვსაჯო. არ ვიცი, მისი საქციელiს მიღმა რა იმალება, როგორი ცხოვრება აქვს.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ვრწმუნდები, რომ პატიებას გულწრფელად ითხოვენ.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ვხედავ ჩემს შვილს თავისუფალ სამყაროში. ის იქნება ბედნიერი და წარმატებული.
- ვიბნევი...
- ...როცა კომპლიმენტს მეუბნებიან. აღარ ვიცი, რა ვთქვა. ვიწყებ მტკიცებას, რომ ასე არ არის, რომ ეშლებათ და ა.შ.
- ძალიან მინდა...
- ...კარგი დედა ვიყო. ისეთი, როგორიც დედაჩემია. ჯერ ახალბედა ვარ, ბევრს ვფიქრობ, როგორ აღვზარდო ჩემი შვილი. თავად ძალიან კარგი მშობლები მყავს, ყოველთვის მაძლევდნენ დიდ თავისუფლებას და ამავე დროს, ზომიერი იყო ჩემი ურთიერთობა მათთანაც და სამყაროსთანაც. მადლიერი ვარ, ეს რომ მასწავლეს. მინდა, ეს ბალანსი ჩემს შვილთანაც დავიცვა.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...არის ტკბილეული. მთელი ცხოვრება ტკბილეულის მიღების კონტროლი მიწევს.
- ჩემი ჰობია...
- ...სახლის მოწყობა, კედლის შეღებვა, თაროების დამზადება, დამაგრება... ეს ყველაფერი მოყვარულის დონეზე მეხერხება. სახლში ძალიან ბევრი რამ ჩემით გავაკეთე. ბავშვის ოთახიც თავად მოვაწყვე, მაგიდები, თაროები თავად შევღებე.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უზრდელ, თავხედ, დაუნახავ ადამიანებს. როცა თვლიან, რომ თავად სხვა სიმაღლეზე არიან და ზემოდან დაგყურებენ, უზრდელობენ; როცა უფროს ადამიანებს პატივისცემით არ ეპყრობიან.