ინტერვიუ

„ამ თემაზე ბევრსაც ვერ ვლაპარაკობთ... რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და პერიოდი მქონდა" - გიგი დედალამაზიშვილი

 „ამ თემაზე ბევრსაც ვერ ვლაპარაკობთ... რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და პერიოდი მქონდა" - გიგი დედალამაზიშვილი
შოუში "ვინ ვინ არის" რამდენიმე ეპიზოდი "გუნდას" ნიღაბი ისე ატარა, მისი ამოცნობა, ფაქტობრივად, ვერავინ შეძლო. ნიღბის მიღმა გიგი დედალამაზიშვილის დანახვა ოჯახის და "მგზავრების" წევრებისთვისაც კი დიდი მოულოდნელობა იყო. თავად გიგი ამბობს, რომ წესებს პატიოსნად იცავდა და ამ პროექტის მთავარი ხიბლიც ამაშია.

- როგორ მოახერხე, რამდენიმე ეპიზოდი სცენაზე ისე გამოსულიყავი და გემღერა, ვერავინ მიმხვდარიყო, ვინ იყო "გუნდა"?

- სამსახიობო განათლება მაქვს. საქმეს მივუდექი, როგორც მსახიობი და არა, როგორც მომღერალი. საკუთარ თავს დავუყენე ამოცანა, გარდავსახულიყავი. ეს იყო
საინტერესო და სახალისო. ისეთი რამეები გავაკეთე, რაც არასდროს გამიკეთებია. ვეცადე ვყოფილიყავი ისეთი, როგორც "გუნდას" პერსონაჟს შეეფერება: თბილი, ცოტათი კომიკური. რეპერტუარიც მრავალფეროვანი შევარჩიეთ.

- რთულია, გამოხვიდე სცენაზე და შენი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი ხმა ვერავინ ამოიცნოს. ეს ტექნიკურად როგორ შეძელი?

- ვეცადე, როლები კი არ მემღერა, მეთამაშა და ეს მიდგომა დამეხმარა. არ იყო სიმღერა სიმღერისთვის, ეს იყო სიმღერა პროექტისთვის. არაფერს ვაქცევდი ყურადღებას, გარდა იმისა, რომ როლში შევსულიყავი. როცა როლში ხარ და ამას იჯერებ, მერე ხმაც თავისით მოდის, მოძრაობაც, მანერაც... ეს თეატრალურში ვისწავლე, ოღონდ მთავარია დაიჯერო, რომ იმწუთას ის პერსონაჟი ხარ.

- გადაწყვეტილება მარტივად მისაღები იყო?

- პროექტი რომ დაიწყო, მაშინ უკრაინაში არსებული მდგომარეობიდან და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და პერიოდი მქონდა. შემოთავაზება რომ მივიღე, დავფიქრდი. მივხვდი, "გუნდა" იქნებოდა ის, ვინც ამ მდგომარეობიდან გამოთიშვას ცოტა ხნით მაინც შემაძლებინებდა. შეიძლება ითქვას, რომ "გუნდამ" გამომაცოცხლა. ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ კონცერტებზე დაკვრაც დავიწყე.

- შემოქმედებითი ჯგუფის წევრების გარდა, ვინმემ იცოდა, ამ პროექტში რომ იყავი? იმ სცენაზე შენი გამოჩენა ოჯახის წევრებისთვისაც კი მოულოდნელობა იყო...

- არავინ იცოდა. პირველად დუტა სხირტლაძემ დამირეკა. რა ვიცოდი, რა უნდა ეთქვა და სხვა ადამიანების თანდასწრებით მოვიკითხე: - ვა, დუტა, როგორ ხარ? რა, რა პროექტი-მეთქი? მითხრა, განმარტოვდი, ასე სხვების თანდასწრებით ნუ მელაპარაკებიო. მივხვდი, რაღაც ხდებოდა. ამიხსნა, "ბი-ბი-სიზე" ეს გადაცემა თუ გაქვს ნანახი, ჩვენთან ამ პროექტის დაწყებაზეა ლაპარაკიო. რაც უნდა ეთქვა, უკვე გასაგები იყო, გვერდით გავედი და დანარჩენზე ისე დაველაპარაკე. ძალიან აზარტული ვარ. გარდა იმისა, რომ გაუთქმელობის ვალდებულება გვქონდა და დარღვევაზე გადასახდელი ჯარიმა სოლიდური თანხა იყო მითითებული, ისედაც არავის ვეტყოდი. როცა ვიღაცამ იცის, ვინ არის ის პერსონაჟი, მაშინ ამ პროექტს აზრი ეკარგება. წესებს პატიოსნად ვიცავდი.

წაიკითხეთ სრულად

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93