თეა დარჩია გადაცემა შუადღე ლაივის სტუმარი იყო და გოგოლა კალანდაძის კითხვებს პასუხობდა:
„ყველაფერი შემიძლია გადავიტანო ცეკვით, შიმშილი, სტრესი, ღალატი, ტკივილი. ცეკვის გარეშე არ შემიძლია. ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე ნინო რამიშვილს ჰქონდა. მასწავლიდა ცეკვას, სამშობლოს სიყვარულს და მეორე - თენგიზ ილიჩს, რომელიც ასევე მასწავლიდა სამყაროს თავისებური თვალით დანახვას. ძალიან ბევრი ღამე გაგვითენებია საუბარში. საოცარი მოსაუბრე იყო და გული მწყდება, რომ არასდროს ჩამიწერია, რასაც მელაპარაკებოდა.
ისე მოხდა, რომ ანსამბლიდან ჩემი წამოსვლა გაუსაძლისი და მტკივნეული არ აღმოჩნდა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, მიზეზი კი ჩემი შვილებია. ჩემთვის რთული გახდა, რომ 6 თვით გასტროლზე წასულს 4 შვილის მონატრებისთვის გამეძლო. კიდევ ერთი მიზეზი უფროსი შვილია მარიამია, რომელიც ასევე ანსამბლში ცეკვავს, მასაც ვტანჯავდი და მეც ვიტანჯებოდი. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ დედა ვარ, მარიამი რასაც ახლა აკეთებს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი სირთულეა.“
თეა დარჩიამ წარსულის შესახებაც ისაუბრა:
„რაც წლები გადის, უფრო მეტ რამეს ვნანობ. არასდროს მომწონს ჩემი თავი, არასდროს მომწონს, რას აკეთებ და ვლაპარაკობ, როგორ ვცეკვავ... იმიტომ, რომ ვიცი, შემეძლო უკეთესადაც. ნახევარი საუკუნის ვარ და ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრე, ათ ქალს რომ ეყოფა.. როცა ნახევარ საუკუნეს გადააბიჯებ, რაღაცნაირად ეგუები და იღებ შენს თავს ისეთს, როგორიც ხარ.“
როგორც აღმოჩნდა, თეა დარჩიას პირველი სიყვარული გოგოლა კალანდაძის მეუღლე იყო. მოცეკვავემ ამის შესახებაც ისაუბრა:
„პირველი სიყვარული იყო სკოლაში, ირაკლი ფერაძე. სულ ერთად ვიყავით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მთელს დღეებს ერთად ვატარებდით. მერვე კლასში რომ ვიყავით, დაბადების დღე რომ მქონდა, ჩემი არც ერთი კლასელი არ მოვიდა ჩემთან. იმ დროს მე ანსამბლის სახე ვიყავი, ჩემი სურათები სკოლაშიც იყო გამოკრული... არ ვიცი, ბავშვებმა იციან ხოლმე ასე. ძალიან გავბრაზდი და იმ დღის შემდეგ სხვა კლასში გადავედი.
მე მგონია, რომ ცოლმაც და ქმარმაც ერთად უნდა შეიბას უღელი და მთელი ცხოვრება ერთად გასწიოს. კრიზისიც ბევრი გვქონია და მე და ჩემს მეუღლეს, თუმცა კონფლიქტებს მირჩევია მე მოვიხადო ბოდიში, მე შევურიგდე, თუნდაც მართალი ვიყო. ვთვლი, რომ ახლა ძალიან კარგი ცოლი ვარ, სულ სახლში ვარ, ამას ადრე ვერ ვახერხებდი“ - განმარტა თეა დარჩიამ.