"ჩემი სავიზიტო ბარათი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია. ძალიან კომუნიკაბელური ვარ", - ამბობს მსახიობი ნათია კვაშალი. როგორ აღმოჩნდა სერიალში "სიყვარულს მიღმა", რა საერთო თვისებებს პოულობს საკუთარ პერსონაჟთან, რა აბედნიერებს, რას ნანობს და დაძაბული პერიოდის დროს, რა არის საუკეთესო ანტიდეპრესანტი? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1990 წლის 7 ოქტომბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მასწავლებელი და ეს ოცნება ამიხდა. დღეს სტუდიაში Eტ ჩეტერა ვასწავლი, 10 წელია ბავშვებთან მიწევს მუშაობა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშვობის ოცნება ამისრულდა. ხშირად ვამბობ, ფრთხილად უნდა ვიოცნებოთ, ყველა ოცნება ხდება, შეიძლება ისეთ დროს, სულ რომ აღარ გვინდა. როცა პატარა ვიყავი, ოთახის ერთ კუთხეში თოჯინებს დავსვამდი, მე ვიდექი ცენტრში და მათ ვესაუბრებოდი. იმ მომენტისთვის მეგონა, მასწავლებლობა მინდოდა, მაგრამ ახლა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ის ადგილი, სადაც თოჯინებს ვსვამდი, პარტერი იყო, მე სცენაზე ვიდექი.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ მშვიდი.
- მართლა ასეა?
- არ ვიცი, რამდენად სიმართლეა, რადგან ემოციური ვარ, მაგრამ ემოციების მართვის უნარი მაქვს. იმასაც ამბობენ, რომ ვარ გაწონასწორებული. ჩემი ზოდიაქოს ნიშანი სასწორია, დიპლომატი ვარ.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...ჯერ კიდევ არ მქონდა დასრულებული თეატრალური, როცა თავისუფალი თეატრის დასში ამიყვანეს. 19 წლის სტუდენტი გოგოსთვის, თეატრის შტატში ყოფნა ნამდვილად წარმატებაა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...ოჯახის წევრებს, მეგობრებს.
- ბედნიერი ვარ...
- ...იმითაც, რომ ამ ქვეყანაზე ვარსებობ, მიყვარს სიცოცხლე, ადამიანები, ცხოველები... ბედნიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, მეგობრები და ვაკეთებ საყვარელ საქმეს. ყოველი დღის მადლიერი ვარ. ბედნიერებაა, როცა ირგვლივ გყავს ადამიანები, ვისთან ერთადაც არაფრის გეშინია.
- ჩემი სავიზიტო ბარათი...
- ...ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, ურთიერთობაში მარტივად შევდივარ.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...რომ განვვითარდე.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ყოველთვის ვცდილობ, მომხდარ მოვლენებს პოზიტიურად შევხედო. ყოველთვის მჯერა, რაც უნდა ხდებოდეს, რაღაცები მაინც უკეთესობისკენ იცვლება.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ცოტათი ზარმაცი ვარ.
- ამაზე არ მუშაობთ?
- ჩემს თავს ხშირად ვაძალებ, რაღაც რომ მეზარება, მაინც გავაკეთო, თუნდაც იმისთვის, რომ ამის გარეშე განვითარება წარმოუდგენელია.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...როდესაც რაღაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად უნდა გააკეთო, რადგან სჯობს, იმის გამო ინანო, რომ გინდოდა და გააკეთე, ვიდრე იმის გამო - რომ გინდოდა და არ გააკეთე.
- პატიება შემიძლია თუ...
- ...ადამიანი ძალიან მიყვარს, შემიძლია ბევრ რამეზე თვალი დავხუჭო.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...2 წლის წინ, ეს რომ ვინმეს ეკითხა, ალბათ სრულიად განსხვავებული პასუხი მექნებოდა. ახლა ჩემი ყველანაირი გეგმა, მიზანი და ფიქრი ჩემს შვილთან არის დაკავშირებული. სულ ვფიქრობ, დუდუს რომელ ასაკში, განვითარების რა ეტაპზე, გვერდით როგორი ფორმით უნდა ვყავდე.
- ვიბნევი...
- ...როდესაც მაქებენ, ძალიან დიდ უხერხულობას ვგრძნობ, თუმცა ამას თან დიდი სიხარულიც ახლავს.
- ვნანობ...
- ...ჩემი ცხოვრების ბევრი წელი უფრო ნაყოფიერად რომ არ გამოვიყენე. რისი გაკეთებაც მინდოდა, არ გავაკეთე.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ...ვიყო და ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელსაც ისეთი პრობლემები არ ექნება, როგორც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. არ იყოს ოკუპირებული, არ იყოს ეკონომიკური პრობლემები. ძალიან მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელიც იქნება განვითარებული, ძლიერი და დამოუკიდებელი.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...ტყუილს, უსამართლობას.
- ეს თუ საყვარელი ადამიანის მხრიდან ხდება?
- მომხდარა, მიპატიებია და ეს პატიებაც არასდროს მინანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ წუთში წონასწორობა არ დამიკარგავს.
- სიყვარული ეს...
- ...ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ბანალურად ნათქვამია.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...თავი დავკარგე ალბათ ისე, როგორც ყველა თინეიჯერი კარგავს და უნდა დაკარგოს.
- თქვენი მეუღლე ვინ არის?
- ...ძალიან კარგი ბიჭია, ყოფილი მორაგბეა. ჩვენ 10 წლის განმავლობაში ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. ამის შემდეგ განვითარდა პირადი გრძნობები, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო. სიყვარულთან ერთად ჩვენ დღეს ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ეს ურთიერთობაში მნიშვნელოვანია.
- დედობამ თქვენში რა შეცვალა?
- ყველაფერი თავდაყირა ამოატრიალა. შეუძლებელია, შვილთან პირველი შეხვედრის ემოცია გადმოსცე, სათანადოდ აღწერო, ცოტათი მისტიკური ამბავია; ეს არის წამი, რომელიც ადამიანს არასდროს ავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ იყო სირთულეებიც, დეპრესიული ფონიც, მაგრამ როცა შვილს აჩენ, ეს იმხელა ბედნიერებაა, საუბარიც მიჭირს...