მხატვარმა და დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა ქართულ მოდაში თავისი სიტყვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლო წლებში თქვა. საზოგადოებისთვის ცნობილი საკუთარი შემოქმედებით და საქმით გახდა. თუმცა დიდი ხანია, ფაქტობრივად არსად ჩანს. მედიის საშუალებით საზოგადოებას თითქმის აღარ ეკონტაქტება...
რა მოხდა, სად გაქრა და საერთოდ რას აკეთებს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი - თათა ვარდანაშვილმა AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა:
- მეც მინდა, 2000-იან წლებში დაბრუნება მენტალურად, მაგრამ ცნობიერად მიძნელდება... როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გუშინ ძველ თბილისში დავდიოდი და ერთ პატარა, მიტოვებულ სარდაფს ვეძებდი, რომელსაც დავიქირავებ, ან ვიყიდი და ცხოვრებას ახლიდან დავიწყებ... მერე სახლში რომ დავბრუნდი, პირველი ზარი შენი იყო, გადავწყვიტე, ინტერვიუზე დაგთანხმებოდი. ძირითადად, ჟურნალისტებს უარს ვეუბნები...
გუშინ ჩემი ბავშვობის ქუჩები მოვიარე, სადაც სკოლის მოსწავლე დავდიოდი და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე ვოცნებობდი. ვიხსენებდი ჩემს ბავშვურ ოცნებებს, შთაგონების წყაროებს. ეს ცნობიერება მთაწმინდიდან იწყება, რადგან მამა დავითზე მამა მატარებდა და გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებაზე მიყვებოდა. მამაზე ადრეულ წლებში ინტერვიუებში ხშირად ვსაუბრობდი, მაგრამ სამწუხაროდ, მასზე ახლა წარსულში მომიწევს ლაპარაკი. შარშან ნოემბერში გარდაიცვალა. ახლა 6-ში წლისთავია... ადრე რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი იმისთვის იყო, რომ მამა გამეხარებინა. გუშინ ვფიქრობდი, ასეთი რომ მნახოს, როგორიც ახლა ვარ, გავუხარდები?!. მოდი, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მამა გავახარო... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივა ფეხი და სიარული მიჭირს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და გარეთ ამიტომ გავედი...
- ალბათ არც ის იყო მარტივი გზა...
- არა, რა თქმა უნდა. ჩემი, როგორც პედაგოგის ხელში ღირსეულმა თაობამ გაიარა, რომლებიც უკვე სუპერპროფესიონალები არიან. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის შთაგონების წყარო ყოფილიყო ის, რომ თვითონ შეუძლიათ თავისი სახელის და გვარის შექმნა. რომ მოდის სამყაროში მათი სავიზიტო ბარათი კეთილსინდისიერად ნაკეთები საქმე უნდა იყოს... ახლა მინდა, მე ვიყო მე - თან, ახალი სახელითა და გვარით, ახალი პირადობის მოწმობით. ასე საზოგადოების წინაშე გამოჩენას აღარ გავურბი...
- რას გულისხმობ?
- გაუთავებელი ჩემი სასამართლო პროცესების და იმ თავგადასავლის გამო, რომელიც გადამხდა, იძულებული გავხდი, სახელი და გვარი შემეცვალა. უკვე შვიდი წელია, დედის მამის გვარს ვატარებ და დიდი ბებიების სახელი მქვია - ანნა-მარია ხოდელი ვარ.
- რა უცნაურია ამის მოსმენა. რატომ შეიცვალე გვარ-სახელი?
- 2015 წელს სახელმწიფომ გადაწყვიტა, ფაბრიკაში, რომელიც მე შევქმენი, სადაც ხელმძღვანელად ვმუშაობდი, აღმასრულებელ დირექტორად ჩემი მამიდაშვილი დაენიშნათ, რომელიც გვარად ვარდიაშვილია. ამან ის გამოიწვია, რომ ვერ არკვევდნენ, ვისი ხელმოწერა იყო, ვარდანაშვილის თუ ვარდიაშვილის...