ნიჭიერ მომღერალს, ლელა სიხარულიძეს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ქართულ საესტრადო სცენას ძალიან უხდებოდა. მისი ნამღერი მსმენელს უყვარდა. ნიჭიერი, მშრომელი და საქმეზე ორიენტირებული მომღერალი, სამწუხაროდ, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა - ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა... ხანძრის შედეგად სხეულის დიდი პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა...
ლელა სიხარულიძის უახლოესი მეგობარი, დიზაინერი მარინა ხორავა, ტრაგიკულად გარდაცვლილ მომღერალს ჩვენთან საუბარში ასე იხსენებს:
- უახლოესი მეგობრები ვიყავით, ჩვენი მეგობრობა სტუდენტობიდან მოდიოდა. ბოლო წლებში კი განუყრელი მეგობრები გავხდით, თან, მისი დიზაინერიც გავხდი. მოწესრიგებული ადამიანი იყო, გემოვნებიანი ჩაცმა ძალიან უყვარდა. ამას დიდ ყურადღებას აქცევდა. სახლშიც კი მუდმივად მოწესრიგებული იყო და მით უმეტეს, სცენაზე... ასე რომ, ვთანამშრომლობდით კიდეც. სტუდიაში მის ჩაწერებსაც ვესწრებოდი, რომ საკონცერტო კოსტიუმი უკეთესად წარმომედგინა, რომ შემექმნა.
საერთოდ, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. მე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, ლელას პედაგოგიური ჰქონდა დამთავრებული. ისტორიკოსი იყო, კარგად იცოდა თავისი საგანი... ჩვენ შორის თავიდანვე სიმპათიებით განწყობილი ურთიერთობა დაიწყო. 90-იანების ბოლოს კი ჩვენი გზები სერიოზულად გადაიკვეთა. გემოვნებით კი განვსხვავდებოდით, მაგრამ როგორც იტყვიან, - „ხარი ხართან რომ დააბაო“... ერთი-ორჯერ მარინა ბერიძემ უთხრა კიდეც, როგორ დაგეტყო შენი დიზაინერის ხელიო... კლასიკური, დედოფლური ჩაცმა უყვარდა. მე ჯინსებზე გადავიყვანე, რადგან უფრო ქეჟუალის ტიპაჟი ვარ. მენდობოდა და წამომყვა.
- ბევრს დღემდე ახსოვს "ბერიკონში" გამართული მისი სოლო-კონცერტი...
- იმ პერიოდისთვის ის პირველი კოსტიუმირებული კონცერტი იყო საქართველოში. 1998 წელს ჩატარდა, მის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თუმცა კონცერტისთვის მზადება და აქტიური მუშაობა 1997 წელს დავიწყეთ - სიმღერების ჩაწერა, კოსტიუმების შეკერვა. „პრიმერკაზეც“ საოცრად მოწესრიგებული მოდიოდა. ვფიქრობდით, ვმსჯელობდით, განვიხილავდით, რა და როგორი გვინდოდა. ყველა სამ სიმღერაში ახალი კოსტიუმი ჰქონდა. ამას შექმნა უნდოდა... ერთ-ერთი მწვანე კაბა მკერდზე ბევრი ყვავილით გაფორმდა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ იმ კაბით დაიკრძალა კიდეც. ცხადია, ის კოსტიუმი მანამდე კონცერტზე ეცვა. ისეთივე შთამბეჭდავი იყო შავი კაბაც, რაღაც გრანდიოზული. იმ კოსტიუმების კეთების პროცესში ბედნიერი იყო...გაგრძელება