„ოჯახს ჩემამდე ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ წაართვეს... აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ უფრო მეტი გადაიხადა“ - რას ჰყვება ჟუნალისტი გიგა გელხვიძე - Marao

„ოჯახს ჩემამდე ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ წაართვეს... აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ უფრო მეტი გადაიხადა“ - რას ჰყვება ჟუნალისტი გიგა გელხვიძე

2022-11-28 10:40:37+04:00


"წარმოიდგინეთ, ოჯახს ჩემამდე ჰყავდა აყვანილი შვილი, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ წაართვეს, რადგანაც მის ბიოლოგიურ მშობლებს ორმხრივი მოლაპარაკებები ჰქონდათ და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ უფრო მეტი გადაიხადა. ხანდახან მგონია, რომ აუქციონები ეწყობოდა ბავშვებზე... ამის შემდეგ ამიყვანეს მე და არასოდეს დამავიწყდება დედას სიტყვები: "მანქანის საბურავების ხმა რომ მესმოდა, სულ მეგონა, რომ ბავშვი უნდა წამართვანო" - ამ სიტყვებს გვეუბნება ჟურნალისტი გიგა გელხვიძე, რომელიც თავის ულამაზეს ბავშვობაზე და შემდეგ დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე გვიამბობს...

- ძალიან დიდი სევდა გაქვთ დედის გარდაცვალების შემდეგ, ქალის, რომელიც თქვენი ბიოლოგიური დედა არ იყო... როგორი იყო თქვენი დედაშვილობა?

- ალბათ, ღრმა ბავშვობიდანვე მახსოვს, როდესაც ოჯახი გარკვეული ხნით საცხოვრებლად რუსეთში, ქალაქ ომსკში გადავედით... დედა იქ იმაზე მეტად ყურადღებიანი იყო ჩემ მიმართ, ვიდრე საქართველოში, რადგანაც ეს ორივესთვის უცხო გარემო იყო და ადაპტაციას გავდიოდით. მახსოვს, როგორ ფაქიზად დავდიოდით მოყინულ ქუჩებში, როდესაც რაიმე გვქონდა შესაძენი და გარეთ გავდიოდით. შემდეგ იყო დაჟინებული მოთხოვნა საქართველოში დავბრუნებულიყავით, სკოლაში შესვლის დრო ახლოვდებოდა და მას არ სურდა, უცხო გარემოში მესწავლა. ამიტომაც ჩამოვედით ისევ აქ... ქვეყანაში ჯერ კიდევ ბნელოდა, ბნელოდა, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების და ცხოვრების სტილის კუთხით, ასევე ბნელოდა ოჯახებშიც, რადგანაც ე.წ. ვოლფრამის ნათურა მხოლოდ რამდენიმე წუთით ინთებოდა. სამშობლოში დაბრუნებულებს ბევრად განსხვავებული რეალობა დაგვხვდა და ერთ-ერთი მთავარი მომენტი ის იყო, რომ დედამ დაკარგა სამსახური, რადგანაც მისი კუთვნილი ადგილი სკოლაში (ის ფიზიკის მასწავლებელი იყო) აღარ დაუთმეს. ამის შემდგომ იყო საკმაოდ რთული, გაჭირვების პერიოდიც, რაც ალბათ 90-იანებში თითქმის ყველას გაუვლია...

საბოლოოდ, მან სამსახური დაიბრუნა, მეც უკვე სკოლაში შევედი და აქედან დაიწყო დედას უფრო მეტად დატვირთული ყოველდღიურობა. სკოლა, სადაც ის ასწავლიდა, მეზობელ სოფელში იყო, რომელსაც ჩვენი სახლიდან, ყველაზე მცირე, სამი კილომეტრი აშორებდა და კვირაში ოთხი დღე ის ამ მანძილს ფეხით გადიოდა, რადგანაც გაკვეთილების დასრულებისთანავე მოიჩქაროდა შინ... მე მას რომელიმე მეზობელთან ველოდებოდი სკოლის შემდგომ და არ სურდა, რომ ვინმე დიდი ხნით შეეწუხებინა... სახლში დაბრუნებული, როდესაც ოჯახის საქმეებს მორჩებოდა, უკვე ჩემთან ერთად მიუჯდებოდა საწერ მაგიდას და იმას, რაც ბევრი წლის წინ სკოლაში, მოსწავლის რანგში გაიარა, ისევ ახლიდან იხსენებდა. თამამად ვიტყვი, რომ სკოლა მეორედ დაამთავრა, რადგანაც ვალდებულად მიიჩნევდა, ყოველთვის გაეგო, რამდენად კარგად მომზადებული მივდიოდი სკოლაში. საკმაოდ მკაცრი იყო... არასოდეს დამითმობდა რაიმეს, თუ თვლიდა, რომ ჩემთვის ასე სჯობდა. დღევანდელი გადასახედიდან კი ვხვდები, რომ სწორი მიმართულებით მზრდიდა. არც მიკვირს, მან სკოლაში თითქმის 52 წლის განმავლობაში ასწავლა, შესაბამისად, უამრავი თაობის აღმზრდელს ნამდვილად არ ესწავლებოდა, როგორ აღეზარდა საკუთარი შვილი. ასევე არასოდეს ჰქონდა მიმღებლობის პრობლემა და ყოველთვის მისმენდა, თუ რაიმეს სხვაგვარად ვუყურებდი. ბევრჯერ გაუთვალისწინებია ჩემი შეხედულებებიც, სხვებთან მიდგომებში...გაგრძელება