"ჩემი თავი დამოუკიდებლად წარმოვაჩინო და არა ცნობილი მშობლების შვილად, არაფერი მაქვს დედის და მამის მსგავსი" - ნატალია ყიფშიძე - Marao

"ჩემი თავი დამოუკიდებლად წარმოვაჩინო და არა ცნობილი მშობლების შვილად, არაფერი მაქვს დედის და მამის მსგავსი" - ნატალია ყიფშიძე

2022-12-11 11:31:41+04:00


მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მახსოვს და ვიცნობ, მასთან ასე ახლოს არასდროს მისაუბრია. ნატალია ყიფშიძე ცნობილი ოჯახის შვილი და შვილიშვილია. უკვე დიდია, 21 წლის გოგოა და ვფიქრობ, ბევრისგან თავისი მკვეთრად გამოხატული მოსაზრებით და სხვადასხვა საკითხის მიმართ დამოკიდებულებით გამოირჩევა. სტუდენტია, "ჯიპაში" ციფრულ მედია და კომუნიკაციაზე სწავლობს. ბოლო კურსზეა, სამომავლოდ გეგმები ჯერჯერობით მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ აქვს, თუმცა იცის, რა უნდა და კიდევ სად შეუძლია სწავლის გაგრძელება.

"შეიძლება სარეჟისოროზე ჩავაბარო, ან მაგ კუთხით კურსები უცხოეთში ავიღო. კარგად მაქვს მოსაფიქრებელი, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, რადგან ამ ეტაპზე სწავლას ვამთავრებ და მთლიანად ამაზე ვარ კონცენტრირებული" - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ნატალია.

- რატომ აირჩიე ეს ფაკულტეტი?

- იმიტომ, რომ აქ ბევრი სფეროა გაერთიანებული, პიარი, ჟურნალისტიკა, ეთიკა, ფროდაქშენი, გადასაღებ მოედანზე მუშაობა, ფოტოგრაფია, ბრენდინგი. კომუნიკაციის სპეციალისტი გამოვალ და თითოეული სფერო ყველაფერში დამეხმარება.

- საკმაოდ გამართული მეტყველება გაქვს...

- ალბათ ესეც ამ ფაკულტეტის დამსახურებაა. მისი დამთავრების შემდეგ ადამიანი კომუნიკაციის სპეციალისტი გამოდის... თავიდან მსახიობობა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ისეთი პროფესია ავირჩიე, რომელშიც ჩემს თავს ვხედავდი. ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია.

- მსახიობობა რატომ გადაიფიქრე? ოჯახმა ხომ არ გითხრა - არ ღირსო?

- არა, რა თქმა უნდა. ბავშვობიდან ადამიანები ჩემს მშობლებს მადარებდნენ. დიდად არ მინდოდა, მათ სფეროებში ისე შევსულიყავი, რეალურად არ მცოდნოდა, მათ სფეროებში როგორი ვიყავი. რამდენიმე ფილმში პატარა ეპიზოდურ როლში კი გადამიღეს, მაგრამ მაშინ 100%-ით არ დავრწმუნებულვარ იმაში, რომ მსახიობის პროფესია უნდა ამერჩია. ამიტომ, სწორი არჩევანი იყო, რომ განათლება ამ კუთხით მივიღე. აქედან გავიგე, რომ გადასაღებ მოედანზე მუშაობა მსურს და სამომავლოდ ამ კუთხით კარგია განვვითარდე. ჩემებს გადასაღებ მოედანზე ბავშვობიდან დავყვებოდი, ამ ფაკულტეტზე სწავლისას უკვე "მეტროფროდაქშენთან" სტაჟიორიც ვიყავი. ვგრძნობდი, რომ კამერის უკან კომფორტულია ყოფნა. მათთან ერთად და უნივერსიტეტის ფარგლებში გადასაღები ჯგუფის შესახებ ყველაფერი შევიტყვე, ვისწავლე. ...ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთვის ვწერდი, 13-14 წლის ასაკში საბავშვო ჟურნალ "ზებრასთანაც" ვთანამშრომლობდი... მიმაჩნია, რომ წერა რაღაცნაირად ამ ყველაფერთან მეტადაა დაკავშირებული. მოკლედ სარეჟისორო კუთხით უცხოეთში სწავლის გაგრძელება მინდა.

- ე.ი. წერა სიამოვნებას განიჭებს?

- კი და სულ ვცდილობდი, სამყარო ჩემი თვალით დამენახა. ჩემებურად ვწერდი და დღემდე ასეა. უბრალოდ, ცოტა დროის ფაქტორი მიშლის ხელს, რადგან როგორც ვთქვი, მთლიანად კონცენტრირებული ვარ უნივერსიტეტის დამთავრებაზე... როცა ცოტა დათრგუნული პერიოდი მაქვს, წერა მდგომარეობიდან გამოსვლაში მეხმარება. მსახიობობაზე მიფიქრია, მაგრამ არა ოჯახიდან გამომდინარე. უბრალოდ მომწონს ახალი „კანის“ მორგება, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ამ „კანის“ შექმნა უფრო მაინტერესებს, ანუ რეჟისურა. მეტად საინტერესოა ჩემი სამყარო დავხატო და მერე მსახიობებს დავეხმარო იმაში, რომ ეს ახალი როლები მოირგონ.

- როგორც თქვი, 21 წლის ხარ. როგორია შენი თაობის თვალით დანახული დღევანდელობა...

- თაობას რომ ამბობენ, თაობის სახელით პასუხი მიჭირს, რადგან ყველა, ვინც ჩემი ასაკის არის, მგონია, რომ თითოეულს თავისებური ხედვა აქვს. ზოგი ახლა იწყებს სწავლას, ზოგმა დაოჯახება გადაწყვიტა, ზოგს მოგზაურობა აქვს გადაწყვეტილი, - ყველას სხვადასხვანაირი ეტაპი აქვს. ამიტომ შეხედულებებიც სხვადასხვანაირია. მე ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ მინდა, ზუსტად ვიცოდე, ვინ არის ნატალია, რა მოსწონს, რა უნდა. ამაზე აქტიურად ვფიქრობ. უცხოეთში წასვლა და სწავლა მჭირდება. ეს კი კომფორტის ზონიდან გამოსვლას ნიშნავს, რადგან ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და სრულიად კომფორტის ზონაში ვარ. მუდმივად ჩემების იმედი მაქვს, რომლებიც სულ ჩემ გვერდით მეგულებიან. ახლა ის მაინტერესებს, საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრებას როგორ შევძლებ.

წაიკითხეთ სრულად