ასაკი: 44 წლის.
განათლება: დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: "კომედი შოუს" მსახიობი.
ჰობი: ცეკვა, სიმღერა.
ცხოვრების დევიზი: "მშვიდობა ყველასთან და ყველგან".

- ქეთი, რომელი კერძი უნდა იყოს აუცილებლად შენს საახალწლო სუფრაზე?
- (იცინის) არ მაქვს გამორჩეული კერძი, რომელიც აუცილებლად ახალი წლის დღესასწაულისთვის უნდა მოვამზადო. შარშან შემწვარი კარტოფილი მქონდა. სპეციალურად ახალი წლისთვის კი არ შევწვი, უბრალოდ, მინდოდა... შარშანწინ ახალ წელს მარტო ვიყავი, 1 ჭიქა შავი ღვინო გეახელი, დავწექი და დავიძინე... საჭიროდ არ მიმაჩნია, სპეციალურად ახალი წლის დღესასწაულისთვის კერძები მოვამზადო.
- დილით, როცა იღვიძებ, ცხოვრების მოტივაციას რა გაძლევს?
- ყავა. მიხარია, რომ ცოცხალი ვარ და ყავა უნდა დავლიო. საერთოდ, "ყავისტი" არ ვარ - მხოლოდ დილით ვსვამ. ყავის სურნელს რომ ვგრძნობ, მოტივაციაც მოდის. ბედნიერი ვარ, რომ დილა თენდება და ყავა "მელოდება"...
- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?
- ჩემს შვილს. ვეკითხები, - სახლში როდის მოხვალ? დღეს ბევრი უნდა იმუშაო-მეთქი (იცინის)?
- მეგობრები მოფერებით რას გეძახიან?
- ქეთის, ქეთოს, ზოგი - ქეთინოსაც... პრობლემა არ მაქვს: ვისაც რა უნდა, ის დამიძახოს.
- როგორ სიზმრებს ხედავ?
- სიზმრებს იშვიათად ვხედავ. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ჩემი გარდაცვლილი და დამესიზმრა: თითქოს ერთად ვიყავით - სტუმრად მოვიდა. ვიცოდი, რომ ამქვეყნად არ იყო და გაოგნებული ვიყავი, როგორ მოვიდა-მეთქი?!.
- ოდესმე დეპრესიაში ან ისეთ სტრესში თუ ყოფილხარ, რომ ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირვებია?
- რა თქმა უნდა, ფსიქოლოგის დახმარებაც დამჭირვებია და ფსიქიატრისაც... ჩვენს ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ფსიქიატრი თუ დაგჭირდა, რთულ სიტუაციაში ხარ. ძალიან ცუდია, ვინც ასე აღიქვამს. პირადად მე, ეს ჩვეულებრივად მიმაჩნია... დეპრესია ძალიან რთულად მქონდა - ფსიქიატრის ჩარევა დამჭირდა. ვმკურნალობდი... ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი.
- შეგიძლია მიზეზი გვითხრა, რის გამოც დეპრესია დაგემართა?
- კონკრეტული მიზეზის გამო არ ყოფილა. ვინც ამ საკითხში ჩახედულია, მიხვდება: შეიძლება დეპრესიას მიზეზი არ ჰქონდეს. სამწუხაროდ, დეპრესია რამდენჯერმე მქონდა...
- 1 თვის განმავლობაში 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?
- წენგოსფერი ძალიან მომწონს. კონკრეტულად მწვანეს ხომ სხვადასხვა ტონალობა აქვს, არა? უშუალოდ კაკალს გარედან მწვანე ქერქი რომ აქვს, ეგ მომწონს.
- ასეთი ფერის ბევრი სამოსი გაქვს?
- არა. დღეს ვეძებდი ასეთი ფერის სამოსს (იცინის).
- რომელი საკვების ჭამის ცდუნებას ვერ უძლებ დიეტის დროსაც კი?
- გურმანი არ ვარ. ერთადერთი, ყველის გარეშე ვერ ვძლებ.
- მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღო, როგორ გაანაწილებდი, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავდი?
- ჩემს ახლობლებს აუცილებლად რაღაცებს ვაჩუქებდი, სიურპრიზებს მოვუწყობდი. გავიგებდი, ვის რა სჭირდება. შეიძლება მათთვის ბინები ვერ მეყიდა, მაგრამ მცირეოდენით თუ გავახარებდი, ეს ბედნიერებას მომანიჭებდა... თანხას ჩემთვისაც გამოვიყენებდი.
წაიკითხეთ სრულად