"კარგი შვილები მყავს, უფროსი 40 წლის არის, უმცროსი - 32-ის... ჩემი მეუღლე 10 წლის წინ გარდაიცვალა, ჩვენ უკვე დაცილებულები ვიყავით" - ნინო ზაუტაშვილი ოჯახისა და განვლილი ცხოვრების შესახებ - Marao

"კარგი შვილები მყავს, უფროსი 40 წლის არის, უმცროსი - 32-ის... ჩემი მეუღლე 10 წლის წინ გარდაიცვალა, ჩვენ უკვე დაცილებულები ვიყავით" - ნინო ზაუტაშვილი ოჯახისა და განვლილი ცხოვრების შესახებ

2023-02-11 22:25:29+04:00

პროფესიით მსახიობია, მაგრამ როგორც ტელე-რადიოჟურნალისტს, ტელეწამყვანს, ისე იცნობენ. ნინო ზაუტაშვილი ექსპერიმენტებს, სიახლეებს და ათასგვარ გამოწვევას არასდროს უფრთხის... ამის გამო ცხოვრების მანძილზე საინტერესო გამოცდილება დაუგროვდა.

ახლაც სიალხე აქვს - პოპულარულ სერიალში "ხელოვნური სუნთქვა" იღებენ...

 

"ეს მართლა მოულოდნელობა იყო. ჩემმა მეგობარმა, კასტინგის მენეჯერმა, საოცარმა პროფესიონალმა ეკა მჟავანაძემ შემატყობინა, რომ სერიალის "ხელოვნური სუნთქვა" მესამე სეზონი იწყება, ერთ-ერთი როლია, რომელზეც შენ გხედავ, მოდი, სინჯი ჩავწეროთ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივაო. რას ამბობ, რა სერიალი, სად მაქვს დრო? ხომ, იცი, მუდმივი გადარბენები მაქვს-მეთქი... შემომიჩნდა, საბოლოოდ, დამიყოლია და წავედი.

საერთოდ, ინტერესიანი და ცნობისმოყვარე ვარ, მოდი, მივალ და ვნახავ, რა გამოვა-მეთქი... ჩავწერეთ, მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, როლზე დამტკიცებული ხართო... ვთამაშობ კლინიკის დირექტორის როლს. ნელი მჟავია ენერგიული, აქტიური, ქოთქოთა ქალია - ასეთივეა როგორც კლინიკაში, ისე - სახლში... ეს ადამიანი ერთი ნახვითაც კი გამახსოვრებს თავს... ახლა მასში შინაგან ძაფებს ვეძებ, რომ ამოვქაჩო, ჯერ არ ჩანს, ზედაპირზე მხოლოდ ქოთქოთა, საქმიანი, აქტიური ქალია - ოჯახშიც თავია და სამსახურშიც. საერთოდ, მსგავსი ადამიანის უკან ყოველთვის სათუთი „რაღაცები“ არის ხოლმე, რაც მსახიობმა შეიძლება ისეთ ელემენტარულ რაღაცაში "გამოაგდო" და ითამაშო. ამის საშუალებას ყველა როლი იძლევა, რადგან ყველა ადამიანში არის საწყისები კარგის და ცუდის. ასე რომ, ახლა ამ პროცესში ვარ...

საერთოდ, მოწესრიგებული ტიპი ვარ, მუშაობის პროცესში ვუსმენ რეჟისორს, ვიზიარებ მის მოსაზრებებს და საკუთარ იდეებსაც ვთავაზობ. ყოველთვის მაინტერესებს და ვკითხულობ, ჩემს ნამუშევარში რა არ მოეწონათ, რომ მის გამოსწორებაზე ვიმუშაო. არ მიყვარს, როცა მაქებენ. მაგ დროს თავს უხერხულად ვგრძნობ, მერიდება. შენიშვნის მოცემისას მობილიზებული ვხდები. კრიტიკა უნდა მოისმინო და ეცადო, გამოასწორო", - გვეუბნება ნინო ზაუტაშვილი.

- ზოგადად, ძალიან აქტიური ადამიანი ხართ. რატომღაც მგონია, მოუსვენარი, აქტიური ბავშვი იყავით და კარგი მოსწავლეც...

 

- კი, ასე იყო, ოღონდ, სკოლაში რაც მაინტერესებდა, იმას ვსწავლობდი, მაგრამ ეს არ ეხებოდა ტექნიკურ საგნებს. მერე კი აღმოჩნდა, რომ ამ საგნებშიც გარკვეული ნიჭი მქონდა... მამა ენერგეტიკოსი იყო და მათემატიკა ზედმიწევნით კარგად იცოდა. თვითონ რომ მიხსნიდა, ყველაფერს კარგად ვიგებდი და სკოლიდან დაბრუნებული რომ შევჩივლებდი, ვერ გავიგე-მეთქი, ეს ძალიან უკვირდა... საშინლად ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, იმ დონეზე, რომ ჩემს მშობლებს მასწავლებლებმა უთხრეს, წაიყვანეთ, ნუ ივლის სკოლაში, ნიშნებს ისე დავუწერთო. ბიჭებს ცელქობაში არ ჩამოვუვარდებოდი, ლამის კედლებიდან მხსნიდნენ. ისე მოხდა, რომ მე და ჩემი და ერთ კლასში ვიყავით. მზია ძალიან წყნარი ბავშვი იყო - ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული. მას და მასწავლებლებს ჩემგან მოსვენება ჰქონდათ დაკარგული...

წაიკითხეთ სრულად