გარდა იმისა, რომ რომანტიკული ფილმები ან თუნდაც კონკრეტული სასიყვარულო სცენები სავსეა სექსისტური კლიშეებით, ასეთ სურათებს და სცენებს თან ახლავს სიუჟეტური კლიშეები, რომლის გარეშეც, მგონი, სცენარისტებს არსებობა არ შეუძლიათ.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო პროდუქტი გაქირავებაში "ჩავარდება", მაგრამ 80-იანი წლებიდან მოყოლებული, სულ უფრო თვალშისაცემი და მოსაბეზრებელი ხდება განმეორებადი სიტუაციური ეპიზოდები.
დღეს წარმოგიდგენთ იმ კინოკლიშეებს, რომლებიც თან ახლავს თითქმის ყველა ფილმს, სადაც სიყვარულის დეკლარირება ხდება.
1. ვნებიან კოცნას მუდამ თან ახლავს კოკისპირული წვიმა
აბა, გაიხსენეთ რომანტიკული ფილმი, რომელშიც ვნებიანი კოცნისკენ მიმავალი თხრობა "დანიშნულების ადგილს" მიაღწევს და წყვილი ერთმანეთს კოცნის. გახსენდებათ, ამ დროს ფილმში მზიანი ამინდი ყოფილიყო? რა თქმა უნდა, ვერ იხსენებთ. ყოველი დიდებული ეკრანული კოცნა ცუდი ამინდის პირდაპირპროპორციულია. ალბათ, ეს ფაქტი რომ გააანალიზეს, იმიტომ დაიწერა ამდენი ქართული სიმღერა წვიმის შესახებ.
აღსანიშნავი ფილმები: Notebook, Match point, Breakfast at tiffanys, Garden state, 50 first dates, Spider man, Four weddings and a funeral.{{ArticleSplitCont}}
2. მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, რომელიც დამამშვიდებლის ფუნქციას ასრულებს
არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ეს მეორეხარისხოვანი პერსონაჟი - იდიოტი, პატარა ბავშვი, ოჯახის წევრი თუ გარყვნილი გონების მეგობარი; მთავარია, რომ გულგატეხილი მთავარი გმირი ვინმემ უნდა გაამხნევოს და ამით ფილმში იუმორისტული სცენა შეიქმნას. ძალიან იშვიათად, რომ რომელიმე ასეთმა პერსონაჟმა რაიმე რეალური რჩევა ან ბრძნული ფრაზა წარმოთქვას; ძირითადად, ის დრამატული ატმოსფეროს დასაბალანსებლად გამოიყენება.
აღსანიშნავი ფილმები: 500 days of summer, Good luck chuck, Youre my best frends girl, What happens in vegas, The parent trap, Pretty in pink, High fidelity.{{ArticleSplitCont}}
3. უთანხმოება წარმოშობს სიყვარულს
ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული კლიშეა, როდესაც ისტორიის დასაწყისში მთავარი პერსონაჟები ერთმანეთს ვერ იტანენ ან უბრალოდ, ვერ უგებენ ან სხვადასხვა ბენდს უსმენენ და ჰგონიათ, რომ საერთო არაფერი ექნებათ. მაგრამ სწორედ ისინი აღმოაჩენენ გადამწყვეტ მომენტში, რომ იდეალური ადამიანი იპოვეს.
აღსანიშნავი ფილმები: The Proposal, Australia, Bounty Hunter, Ugly Truth, You've Got Mail, One Fine Day, Bridget Jones's Diary, 27 Dresses, Leap Year, Life as We Know It, The Cutting Edge, Clueless, What Happens in Vegas, 10 Things I Hate About You, Blended.{{ArticleSplitCont}}
4. მეგობრობა = სიყვარულს
თავიდან ყველაფერი მეგობრობით იწყება, ერთმანეთს არც კი აღიქვამენ საპირისპირო სქესად და ერთ მშვენიერ დღესაც "აენთებათ" და მიხვდებიან, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ამდენ ხანს გვერდით ჰყავდათ და ვერ ამჩნევდნენ. მოკლედ, სწორი ყოფილა, რომ ამბობენ: მეგობრობიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო.
აღსანიშნავი ფილმები: When Harry Met Sally, Made of Honor, Zack and Miri Make a Porno, Someone Like You, Valentine's Day, Some Kind of Wonderful, What If, Just Friends, Friends With Kids, No Strings Attached, Friends With Benefits, The Wedding Singer.{{ArticleSplitCont}}
5. დროში მოგზაურობა ყველაზე რომანტიკულია
ეს ყველაზე უცნაური კლიშეა ჩვენს სიაში. რატომღაც სცენარისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი დროში მოგზაურობს ან ასაკობრივ ტრანსფორმაციას განიცდის. ეს იდეალური სიუჟეტია რომანტიკული ისტორიისთვის.
აღსანიშნავი ფილმები:Kate and Leopold, About time, Time travelers wife, 17 again, 13 going on 30, Big.{{ArticleSplitCont}}
6. რომანტიკას უყვარს ჟურნალისტიკა
მოკლედ, ჩვენი დაკვირვებების შედეგად გრანდიოზული აღმოჩენა გავაკეთეთ: თუ გინდათ იდეალური სიყვარული, ჟურნალისტი უნდა გახდეთ. საინტერესოა, მეცნიერული კვლევა თუ ჩატარებულა ამასთან დაკავშირებით - აბა, რატომ ხდება, რომ რომანტიკულ ფილმებში მთავარი პერსონაჟები ჟურნალისტები არიან?
აღსანიშნავი ფილმები: Morning Glory, Broadcast News, 13 Going on 30, Never Been Kissed, Scoop, His Girl Friday, When Harry Met Sally, How to Lose a Guy in 10 Days, Knocked Up, The Devil Wears Prada, All About Steve, Sleepless in Seattle, Definitely, Maybe.{{ArticleSplitCont}}
7. სირბილი სიყვარულის სახელით
რეალურ ცხოვრებაში რომ დაინახოთ ადამიანი, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გარბის, ან იმას იფიქრებ, რომ პოლიციას გაურბის, ან იმას, რომ გადარჩენისთვის იბრძვის, ანდა ცდილობს, ავტობუსს მიუსწროს. მაგრამ როდესაც ფილმში ხედავ, როგორ გარბის პერსონაჟი, ხვდები, რომ მისი ეს სირბილი სიყვარულის ახსნით დასრულდება. მოკლედ, თუ გსურთ, რომ ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობა გქონდეთ, ბოლო წუთს გადაწყვიტეთ, ვინ გჭირდებათ ცხოვრების მეგზურად და გაიქეცით, რომ მას ეს აცნობოთ, თუნდაც საკურთხეველთან იდგეს და სხვას მიჰყვებოდეს - კინოპრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სიყვარულისთვის მორბენალი ხალხი მუდამ გამარჯვებული გამოდის.
აღსანიშნავი ფილმები: The graduate, Good luck chuck, Love and the other drugs, Love actually, Whats your number, Made of honor, When harry met sally, How to lose a guy in 10 days, Fever pitch.
ბაჩო ოდიშარია