"ორი ანგელოზი" - ასე მოიხსენიებდნენ მართლაც გამორჩეულ წყვილს, ალენ დელონსა და რომი შნაიდერს. თითქოს მათი სახით ახალი სუნთქვა გაეხსნა კინოსამყაროს.
მოხდა ისე, რომ მათი ნიშნობა ქორწინებაში ვერ გადაიზარდა, თუმცა ერთმანეთი ნამდვილი სიყვარულით უყვარდათ, უყვარდათ მთელი გულით და სამუდამოდ. ალენ დელონმა რამდენიმე წლის წინ მათი ნიშნობის 50 წლის იუბილეც კი იზეიმა.
ალენ დელონისა და რომი შნაიდერის ცხოვრება - ერთად და უერთმანეთოდ...
რომის ცხოვრება ალენთან შეხვედრამდე
14 წლის ულამაზესი გოგონა მოწყენილია, აღარ იცის, თავი რითი გაირთოს. "მოდი, დღიურის წერას დავიწყებ" - გაიფიქრა და განწყობა გამოუკეთდა. ხალისით მოძებნა მაგიდის უჯრაში სუფთა რვეული. კალამს ცალკე ფურცელზე წვერი შეუმოწმა და... კი მაგრამ, რა უნდა ჩაწეროს? მხოლოდ ის, რომ მოწყენილია? ადგა, დედის ფუმფულა კაშნე მხრებზე მოისხა, თმა გაიშალა.
თავი კინოვარსკვლავად იგრძნო. შემდეგ რვეულს მიუჯდა და ჩაწერა: "კარგ განწყობაზე ვარ. დედაჩემის კაშნე ძალიან მომიხდა. სასწაულის მოხდენა რომ შეიძლებოდეს, სიამოვნებით დედაჩემივით ცნობილ მსახიობად გადავიქცეოდი. დღესვე." დედა, მაგდა შნაიდერი, მსახიობი გახლდათ, ლამაზი და ნიჭიერი.
სასწაულები თურმე მართლა ხდება. ერთ უჩვეულო დღეს, პატარა პრანჭია, როზმარი მაგდალენა ალბახმს ახარეს, რომ დედასთან ერთად ფილმში გადაიღებდნენ. ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ, რომი ძალიან შეიცვალა. სკოლაზე გული აიცრუა.
,,ახლა ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა არა. კინო მინდა, სკოლა - არა." - ჩაწერა დღიურში და სკოლა მართლაც მიატოვა. თავნება...
1954-57 წლები რომი შნაიდერის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო. ოთხი ფილმი ხუმრობა ხომ არაა, თანაც რა როლი?! ავსტრიის იმპერატორის მეუღლე, დედოფალი განასახიერა. ჰო, ეს მართლაც საიმისო როლი იყო. ის ხომ ცხოვრებაშიც დედოფლად გრძნობდა თავს, მით უმეტეს, რომ დედა მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.
- წელში გაიმართე, - წაჰკრავდა ხოლმე იდაყვს და რომიც კეკლუცად მართავდა სხეულს, უკვე მრავალთა სანატრელად რომ ქცეულიყო.
სანამ სამყაროს ერთ-ერთ წერტილში უმშვენიერესი გოგონა კეკლუცობდა და კარიერას იწყობდა, მეორე წერტილში ერთი ძალიან სიმპათიური ყმაწვილი შუბლიდან ოფლს იწმენდდა და ზურგით ყუთების გადაზიდვის მძიმე საქმეს ეპოტინებოდა.
ალენის ცხოვრება რომისთან შეხვედრამდე
ბუნებამ უზადო გარეგნობა არგუნა. ალბათ, დაბადებიდანვე განსაზღვრული იყო მისი ბედი: ის მსოფლიოს ულამაზეს მამაკაცად უნდა ეღიარებინათ. პლანეტის სხვადასხვა მონაკვეთში საუკეთესო მამაკაცურ კომპლიმენტად, "ალენ დელონივით გამოიყურები" უნდა ეთქვათ... თუმცა დასაწყისში ალენ დელონის ცხოვრებას ვარსკვლავურობისა არაფერი ეტყობოდა, პირიქით, პურს შრომით, ტანჯვა-წვალებით შოულობდა.
- ოფიციანტი ხომ არ გჭირდებათ? - მომხიბვლელად გაუღიმა კაფეს მეპატრონეს. მან კი, ისე, რომ ბიჭისთვის ზედაც არც შეუხედავს, ჩაილაპარაკა:
- ღმერთო, როდემდე უნდა ავიტანო ამდენი უსაქმურის ერთი და იმავე შეკითხვის მოსმენა?..
კი, შეურაცხყოფილი იყო, მაგრამ რას იზამდა. უკან გამობრუნდა და მეორე ქუჩაზე შეუხვია. - გამარჯობა. ოფიციანტი ხომ არ გჭირდებათ?
კი, სჭირდებოდათ.
არასაინტერესო საქმე იყო. ზოგჯერ შარიანიც. დიდხანს ვერ გაძლო. "რაიმე ნორმალური სამუშაო უნდა ვიშოვო," - გადაწყვიტა ერთ დღესაც და მალე მიზანს მიაღწია. მდივანი - ასე ერქვა მის ახალ თანამდებობას.
სად აღარ იმუშავა. თუმცა გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ მისი ადგილი სხვაგან იყო. აბა, ბუნებამ ტყუილად ხომ არ არგუნა ასეთი გამორჩეული გარეგნობა?! ოდესმე იქნებ ბედმა გაუღიმოს, ჯერჯერობით კი საფრანგეთის საზღვაო ძალების ერთი უბრალო მეზღვაურია. აი, დაუძახეს. ნეტავ, რა ხდება? მივიდა. მკაცრი ხმით გამოუცხადეს:
- უდისციპლინობის გამო...
მოკლედ, გამოაგდეს.
- მართლა გამოგაგდეს? საწყენია, მაგრამ სამყარო ამით არ დასრულებულა, - ლოყაზე ხელი მოუთათუნა მეგობარმა. ეს მეგობარი ქალბატონი მსახიობი გახლდათ, ბრიჟიტ ობერი. - გინდა კინოფესტივალზე გამომყვე? გულს გადააყოლებ, გაერთობი.
- დღეს საღამოს?.. - კარგი, წამოგყვები. სხვა საქმე მაინც არაფერი მაქვს.
რა იცოდა, რომ ამ საღამოდან მისთვის ახალი ცხოვრება დაიწყებოდა. ის შენიშნეს, მოიწონეს და კინოს დარაბები ფართოდ გაუღეს...
ალენ დელონი და რომი შნაიდერი ერთად
ცნობილი რეჟისორი, პიერ გასპარი ფილმ "ქრისტინეს" იღებდა. "ერთმანეთი უნდა შეუყვარდეთ, რომ უფრო ბუნებრივად ითამაშონ," - ფიქრობდა რეჟისორი. - "რა თქმა უნდა, ერთმანეთი მოეწონებათ. რომი შნაიდერი ძალიან სექსუალურია და ალენ დელონი საშინლად სიმპათიური. მეც შევუწყობ ხელს, რომ დაახლოვდნენ. ახლავე გადავდგამ პირველ ნაბიჯს." - უთხრა საკუთარ თავს და ხმამაღლა დაიძახა:
- ალენ დელონს დაუძახეთ!.. ა, აქ ხარ? მისმინე, რამდენიმე საათში შენი პარტნიორი ჩამოფრინდება. მიდი, თეთრი ვარდების თაიგული იყიდე და აეროპორტში დახვდი... ულამაზესი ქალია...
ვარდები იყიდა, ბრძანება შეასრულა. ის ხომ მიჩვეული იყო სხვების ნათქვამის შესრულებას... ქალი მართლაც ლამაზი იყო, თუმცა არც იმდენად (როგორც კაცს მოეჩვენა), რომ უნაკლო გარეგნობის მამაკაცი ჭკუიდან გადაეყვანა. ვარდები ადრესატს ჩაჰბარდა. ადრესატმა მხოლოდ ზრდილობისთვის გაიღიმა...
"ნეტავ, რას ფიქრობენ ერთმანეთზე? - ინტერესი არ ასვენებდა რეჟისორს. - ალბათ, უკვე ყურებამდე არიან შეყვარებულები."
სინამდვილეში, ამ ორ ადამიანს ერთმანეთის ატანა არ ჰქონდა. დელონისთვის ეს მზეთუნახავი "გაბერილი ავსტრიული ბატი" იყო, შნაიდერი კი ალენს "თვითკმაყოფილ ფრანგ თავხედს" ეძახდა.
გავიდა დრო და ყველაფერი შეიცვალა. მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. "ქრისტინეს" გადაღების დასრულებისას, ქალი კაცს სიყვარულში გამოუტყდა. საღამოს კი თავის საყვარელ დღიურში ჩაწერა: "მინდა, ყველაფრით ფრანგი გავხდე. მინდა, ფრანგული იყოს ჩემი ცხოვრება, სიყვარული, ჩაცმა, ძილი... მოკლედ, ყველაფერი."
მაგდა შნაიდერს შვილის არჩევანი არ მოეწონა, მაგრამ რას იზამდა, ისღა დარჩენოდა, ქალიშვილი დაერიგებინა:
- იცოდე, რაც შეიძლება მალე გააოფიციალურე თქვენი ურთიერთობა. რაც შეიძლება მალე.
ულამაზესმა წყვილმა ნიშნობა გამოაცხადა. სამწუხაროდ, ამ ნიშნობას არასდროს ეწერა ქორწინებით დასრულება.
მშვიდობით! გიბრუნებ თავისუფლებას.
,,მინდა, ფრანგული იყოს ჩემი ცხოვრება." - გადაიკითხა საკუთარი ჩანაწერი და ამოიოხრა. ახლა, როცა საფრანგეთში იყო, თავს რატომღაც პროვინციელ გოგონად გრძნობდა. კალამი აიღო და დღიურში ჩაწერა: "მე უკვე ჩამომწერეს გერმანიაში. საფრანგეთი კი სერიოზულად არ აღმიქვამს. ისე მიყურებენ, როგორც ამომავალი ვარსკვლავის, ალენ დელონის მხიარულ კომპანიონს. თავს ვიმშვიდებ, რომ ერთ დღეს ვისკონტისთან ვიმუშავებ, მეორე დღეს - რენე კლემენთან... ეჰ, როდის მოხდება ეს?"
,,ეს მოხდა." ვისკონტიმ პარიზში, ფილმში მთავარი როლების შემსრულებლად რომი შნაიდერი და ალენ დელონი მიიწვია. შემდეგ დაიწყო ნამდვილი აღმასვლა კარიერაში. რომი ჰოლივუდში მიიწვიეს, ალენი საფრანგეთში დარჩა. რთული იყო ასე ცხოვრება. ერთხელაც, როცა რომი ჰოლივუდიდან თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა ალენთან, სახლში საყვარელი მამაკაცის ნაცვლად წითელი ვარდები და პატარა ბარათი დახვდა:
"საყვარელო, თვითონაც ხედავ, ჩვენი პროფესიის გამო, ერთად ყოფნას ვერ ვახერხებთ. მშვიდობით! გიბრუნებ თავისუფლებას და ვიტოვებ შენს გულს."
შოკირებული რომი ალკოჰოლს მიეძალა. ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. საშინელება იყო...
დრომ ნაწილობრივ მოუშუშა იარა. გათხოვება გადაწყვიტა. მასზე 15 წლით უფროს მამაკაცს, მსახიობ ჰარი მეინს გაჰყვა ცოლად და დედობის ბედნიერებასაც ეზიარა. მალე ქმარს განქორწინების შესახებ დაელაპარაკა. ჰარიმ განშორებას ვერ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო...
კიდევ ერთი დეპრესია და ერთი გადარჩენის იმედი: სიყვარული. მისივე მდივანს, დანიელ ბიასინის გაჰყვა ცოლად და მეორე შვილი გააჩინა. ეს ქორწინებაც უიღბლო გამოდგა.
რომის დღიურში მოკლე ჩანაწერები გაჩნდა: "მე ვარ ყველაფერი ეკრანზე და არაფერი - ცხოვრებაში." "სამმა პიროვნებამ განსაზღვრა მთელი ჩემი ცხოვრება: ალენმა, ვისკონტიმ და კოკო შანელმა." "ერთ ძველ გაზეთში ამოვიკითხე, თითქოს ალენმა ჩემი თავი ავსტრიას მოჰპარა და საფრანგეთს აჩუქა. ჰმ!.."
ალენ დელონი სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა. ცოლებს, საყვარლებს, ქალებს უსასრულოდ იცვლიდა. თუმცა, ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ მისი ნამდვილი, ერთადერთი სიყვარული რომი იყო. მხოლოდ ის...
ბედმა ერთმანეთს ისევ შეახვედრა. ეს ფილმ "აუზის" გადაღებაზე მოხდა. ალენმა სანატრელ ქალს მასთან დაბრუნება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. მათ გზებს ერთად შეყრა აღარ ეწერათ.
უკანასკნელი ბარათი
რომის შვილი დაეღუპა. ამდენის გადატანა უკვე შეუძლებელი იყო. ისევ ალკოჰოლი, დეპრესია, ნარკოტიკი.
მისი ცხოვრება მთავრდებოდა. უკანასკნელ საღამოს რომის უსიცოცხლო ხელი ალენ დელონს ეჭირა.
პლანეტის ულამაზესმა მამაკაცმა უძვირფასესი ქალის საფლავთან უზარმაზარი თაიგული მიიტანა. ისეთივე თეთრი ვარდების, სულ პირველად აეროპორტში შეხვედრისას რომ მიართვა.
როცა სასაფლაოდან ყველა წავიდა, ალენ დელონმა ჯიბიდან ბარათი ამოიღო და რომის საფლავზე დატოვა. აი, რა ეწერა ბარათში:
,,შენთვის, მხოლოდ შენთვის რამდენიმე გერმანული სიტყვა ვისწავლე: მე შენ მიყვარხარ, საყვარელო..."
ნათია როსტიაშვილი
ჟურნალი "ბომონდი"
(ოქტომბრის ნომერი)