მარადიული ახალგაზრდობა, სიკვდილით დასჯა, სასიკვდილო შხამი, მტრობა და სიყვარული - ყველაფერი ეს მძაფრსიუჟეტიან დეტექტიურ ჟანრს ჰგავს.
სინამდვილეში კი, სწორედ ასე შეიძლება მოკლედ გადმოვცეთ მილიონობით ადამიანის საყვარელი ზღაპრის სიუჟეტი, რომლის ეკრანული სახელწოდებაც ასე ჟღერს: "ფიფქია-ჯუჯების შურისძიება".
ძმებმა გრიმებმა ძალიან დიდი ხნის წინ გვაჩუქეს ისტორია, რომელიც ყველა დროში აქტუალური აღმოჩნდა და ყველა ასაკის ადამინმა შეიყვარა.
რეჟისორმა ტარსემ სინგხმა გადაწყვიტა, დიდ ეკრანზე გადაეტანა ზღაპრის ადაპტირებული ვარიანტი და გერმანული ფოლკლორის ლაბირინთებში მან შესანიშნავ ჯგუფთან ერთად გაიარა. ვინ არის ბოროტი დედინაცვალი? ჯულია რობერტსივით ალბათ ამ როლს ჰოლივუდში ვერავინ მოირგებდა. ძვირფას ფარჩასა და ნატში გამოწყობილი ის სინდისის ქენჯნის გარეშე ცდილობს თავიდან მოიშოროს ახალგაზრდა, მშვენიერი გერი.
სიუჟეტი ნაცნობია - ბოროტი დედოფალი კლავს ფიფქიას მამას, რის შემდეგაც გოგონა იძულებულია სახლიდან გაიქცეს. მას ჯუჯები შეიფარებენ და ერთად ცდილობენ შური იძიონ ბოროტ დედინაცვალზე! როგორც უკვე გითხარით, დედოფალს ჯულია რობერტსი ანსახიერებს, ხოლო ფიფქიას როლი შესანიშნავად მოირგო ცნობილი ინგლისელი მუსიკოსის ფილ კოლინზის ქალიშვილმა, ლილი კოლინზმა.
მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა - მძაფრ სიუჟეტებს გემოვნებიანი იუმორი და ხუმრობა ცვლის. ჯუჯები, სასახლის კარის მსახურები, ფიფქია და თავად ბოროტი დედოფალიც ტოლს არ უდებენ ერთმანეთს ენამოსწრებულობაში.
ფილმი ეკრანებზე 2012 წლის დასაწყისში გამოვა!