ქართულ კინოს ბევრი ისეთი სახე ჰყავს, რომლებიც ფილმში რამდენჯერმე გამოჩნდნენ და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში არიან აქტიურად ჩართულნი, თუმცა მაყურებელს არ ავიწყდება.
"ამბები.გე" სწორედ ასეთი მსახიობებით დაინტერესდა.
ხათუნა კოტრიკაძე
"სოფლის ტალახისთვის იმეტებთ ამ სიმწრით გამოზრდილ ანგელოზს?" - ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მედეა ჩახავას გმირის ნათქვამი ეს ფრაზა ფილმიდან "მხიარული რომანი". გაინტერესებთ, თუ რა ბედი ეწია სახეზე საყვარლად დაჭორფლილ, მაღალ, თხელ, ნატიფი აღნაგობის გოგონას, რომელიც ამ ფილმის შემდეგ სადღაც გაუჩინარდა? ფილმში გადაღების შემდეგ ხათუნა კოტრიკაძე ფეხბურთელ დავით გოგიას გაჰყვა ცოლად და ქმრის მოთხოვნით, კინოს და მეგობრებს საბოლოოდ ჩამოშორდა. სოფელ დიღომში გადავიდა საცხოვრებლად და საქონლის მოვლა დაიწყო. ფუფუნებაში გაზრდილი გოგონა დაოჯახების შემდეგ შეიცვალა. ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ ქმარი ეჭვიანობის გამო არსად უშვებდა. რუსი სამხედროებისგან დავით გოგიამ ჰოლანდიური ძროხები შეიძინა, რომლებსაც ცნობილი ქართველი მსახიობი თავად უვლიდა. ხათუნა კოტრიკაძეს დაოჯახების შემდეგ არაერთი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ ის ფილმებში გადაღებაზე და საზოგადოებაში გამოჩენაზეც კი ყოველთვის უარს ამბობდა. სოფლიდან თბილისში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ შვილის გამო გადმოვიდა.
როლანდ ბორაშვილი
"ღიმილის ბიჭები", "მაგდანას ლურჯა", "სხვისი შვილები", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" - არ არსებობს ქართველი, ვისაც ეს ფილმები ნანახი არ აქვს. ჩვენი ბავშვობა პატარა მიხოს გარეშე "მაგდანას ლურჯადან" წარმოუდგენელია. მიხოს როლის შემსრულებელი მსახიობი როლანდ ბორაშვილია. ახლა ფილმებში აღარ იღებენ, თუმცა მისი ცხოვრება ისევ გადაღებებთან არის დაკავშირებული, ამჯერად კადრს მიღმა. ასევე, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში და მუშაობს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე".
გაგრძელება