„იქს ფაქტორის“ სცენაზე კონკურსანტებმა გუშინ გააცოცხლეს კადრები ფილმებიდან. დაუვიწყარი სანახაობა იყო, რომელსაც, როგორც ყოველთვის, თან ახლდა დადებითი და დამთრგუნველი ემოციები.
ბოლო ლაივ-შოუზე კონკურსს გამოეთიშა ია ტომაში.
მარიამ შენგელიამ სიმღერით "How Far I’ll Go" – „იქს ფაქტორის“ სცენაზე გააცოცხლა ანიმაცია "მოანა". ჟიურიმ სიმღერის სათაურის საპასუხოდ, სიმბოლურად მარიამს შორს წასვლა უწინასწარმეტყველა. ნანიკომ თავისი კატეგორიის კონკურსანტს უთხრა, რომ "დისნეის" სიმღერის შესრულების დროს გამოჩნდა მისი ნამდვილი, ბავშვური და ლაღი სახე.
ანრი გუჩმანიძემ იმღერა Writing’s On The Wall ფილმიდან "აგენტი 007". გულშემატკივრების ოთახში, როცა ანრის მამას ჰკითხეს, ისურვებს თუ არა „იქს ფაქტორის“ მომავალ სეზონზე ბენდების კატეგორიაში იმღერონ ოჯახის სრული შემადგენლობით, მან იუმორით უპასუხა, რომ მშვენიერი აზრია, მით უმეტეს, როცა ბენდში ანრის სახით „იქს ფაქტორის“ წინა სეზონის გამარჯვებული ეყოლებათ.
გორის გოგონათა გუნდმა გენიალურად შეასრულა სიმღერა "ვარდები არ არიან" სერიალიდან "დათა თუთაშხია". დათო ევგენიძემ პირველად გამოხატა ღიად თავისი დამოკიდებულება საკუთარი კატეგორიის კონკურსანტების მიმართ, ის ფეხზე დადგა.
გიორგი ფუტკარაძის მიერ ემოციურად ნამღერმა Nirvana-ს უკვდავმა ჰიტმა Where Did You Sleep Last Night! საზოგადოების უდიდესი ნაწილის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა. გიორგი ფუტკარაძემ "იქს ფაქტორის" სცენაზე გააცოცხლა სერიალი "ამერიკელი ღმერთები".
თამთა ხუხუნაიშვილმა შეასრულა Crazy in love, ეროტიკული ჟანრის ფილმიდან: „გრეის ორმოცდაათი ელფერი“. თამთას ფონს გამომწვევად მოცეკვავე გოგონები უქმნიდნენ. ჟიურის მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა დიდი აქცენტი გააკეთეს მის სექსუალურობაზე. სწორედ ამიტომ ნანიკო ხაზარაძემ ჩათვალა, რომ თამთა თავს უხერხულად გრძნობდა და ნერვიულობდა და სიტუაციის განმუხტვას შეეცადა.
ლიკუნა თუთისანმა შეასრულა სიმღერა "smile" ჩარლი ჩაპლინის ფილმიდან: "თანამედროვე დრო". ლიკუნას შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ანრი ჯოხაძემ განაცხადა, რომ მისი სახელი საქართველოს მუსიკალურ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
ია ტომაშმა შეასრულა სიმღერა Glory, ფილმიდან "სელმა". ია შავი, გრძელი კაბით გრაციოზულად გამოიყურებოდა.
სულ შემოვიდა 364 456 ხმა! გიორგი ფუტკარაძე უკვე მეორედ გახდა ლიდერი. ყველაზე ნაკლები ხმა მიიღეს და ბოლო ლაივის აუტსაიდერები გახდნენ ია ტომაში (13% და მარიამ შენგელია (7%).
გოგოების კატეგორიის მენტორი, თამთა გოდუაძე არ ესწრებოდა ლაივ-შოუს, ის კონკურსს საბერძნეთიდან ადევნებდა თვალს, აუტსაიდერების გამოცხადების შემდეგ ჩაერთო შოუში და საბერძნეთიდან დააფიქსირა თავისი აზრი.
ლაივ-შოუმდე 2-3 დღით ადრე ია ტომაშმა "ფეისბუქზე" ლაივი ჩართო რეპეტიციიდან, სადაც გულშემატკივრებს უთხრა, რომ ავადაა და მათი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდება. როგორც ჩანს, მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ უკვალოდ არ ჩაიარა. გადამწყვეტი სიტყვა ანრი ჯოხაძემ თქვა:
"მე შევეცდები, ვიყო მაქსიმალურად ობიექტური. მე მიყვარს, როდესაც ადამიანებს ვაძლევ შანსს, მიყვარს, როდესაც მე მაძლევენ შანსს. მე იას ერთხელ უკვე მივეცი შანსი. მინდა, რომ მარიამსაც ჰქონდეს შანსი... მარიამი რჩება პროექტში."
მერიემ კაკაურიძე