რუბრიკა კინოგიდის მორიგი სტუმარი ქართველი მწერალი - ნიკოლას მაჩაბელია, რომელიც ლიტერატურული კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" ერთ-ერთი გამარჯვებულია.
11 ჩემი საყვარელი რიცხვია და ნება მომეცით მეც 11 საყვარელი კინო-სურათი შემოგთავაზოთ...
- 1. დავიწყებ საუკეთესოთი, ანუ პირველ ადგილს ვანიჭებ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორის სტენლი კუბრიკის ბოლო ნამუშევარს - „ფართოდ დახუჭულ თვალებს“. ამ ფილმზე ბევრი რამის თქმა შემიძლია, ერთგვარი თვითტრადიცია მაქვს და წელიწადში ერთხელ ვნახულობ, ყოველ ჯერზე სხვადასხვა რამეს აღმოვაჩენ ხოლმე. ფილმი სავსეა სიმბოლოებით, ამოცანებით და შენც მუდამ გიწევს ძიება ამ მისტიკურ ამბავში სად არის რეალობა და სად რეჟისორის, თუ ნაწარმოების ავტორის ფანტაზია.
ფილმი ავსტრიელი მწერლის, არტურ შნიცლერის ნოველის „სიზმარის“ მიხედვითაა გადაღებული და მასში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი ასრულებენ. სურათში შეხვდებით 1999 წლის, ანუ მეოცე საუკუნის ბოლო დროინდელ ნიუ-იორკულ ცხოვრებას, შოსტაკოვიჩის მუსიკას, რუმინული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის საგალობლებს, პაროლს „ფიდელიო“ და სხვა მრავალი, რომლის აქ ჩამოთვლა ძალიან შორს წამიყვანს. უბრალოდ უყურეთ, ვისაც ნანახი გაქვთ, კიდევ ჩაუჯექით და დაუმუღამეთ დეტალებს... სწორედ დეტალებშია ამ ფილმის გენიალურობა...
- 2. მეორე ადგილზე ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმი უნდა გავიხსენო. ავსტრალიელი რეჟისორის და მსახიობის მელ გიბსონის შემოქმედება ყოველთვის მაოცებდა, გამოვყოფდი მის ისტორიული ჟანრის ფილმებს - „პატრიოტს“, „აპოკალიფტოს“, „ქრისტეს ვნებანს“, თუმცა ყველაზე ძლიერი და დასამახსოვრებელი ფილმი მაინც „მამაცი გულია“. მამაცი გული თავის რაინდული და რომანტიული პათოსით ჩვენს გულებს იპყრობს. ეს პათოსი კი ზოგადად შუა საუკუნეებზე საუბრისას განმსაზღვრელია. სასიამოვნო ეთნო-მელოდიური მუსიკა, ბრძოლის საკმაოდ ბრუტალური სცენები და სხვა ისტორიული ფაქტები მაღალი ოსტატობით აქვს მელ გიბსონს გადმოცემული.
ფილმი ყველასთვის საყვარელ, თავისუფლებისთვის მებრძოლ შოტლანდიელზე - უილიამ უოლასზე 1995 წელს გადაიღეს. „მამაცი გული“ მაშინვე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და სურათმა 5 ოსკარიც აიღო.
- 3. მესამე ადგილზე ამერიკული კლასიკური კინოს მამებს მინდა შევეხო და იმ თემას რასაც „იტალიური მაფია“ ჰქვია. ფრენსის ფორდ კოპოლას ნათლიმამას I ფილმი 1972 წელს გამოვიდა. პირველივე სერიაში მარლონ ბრანდოს ოსტატურმა და დამაჯერებელმა როლმა თავისი ქნა და ფილმი აიტაცეს. მარლონ ბრანდომ თამაშით გვითხრა ეს ფილმი კლასიკური ამერიკული კინოს ნაწილიაო და სერიოზულად შეხედეთო.
კოპოლას ნიჭს დაემატა ენრიო მორიკონეს დაუვიწყარი მუსიკა - იტალიურ-სიცილიური ჰანგები, შემდეგ კი ამერიკული ამომავალი ვარსკვლავების თაობა - ალ პაჩინო, II ფილმში დე ნირო (მისი შესრულება ოსკარითაც დააჯილდოვეს), III ფილმში სოფია კოპოლა თუ ენდი გარსია...
- 4. ევროპულ კინოზე რომ არაფერი ვთქვათ არ გამოვა. მეოთხე ადგილზე ფრანგული კინოს, „ახალი ტალღის“ ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს ფრანსუა ტრიუფოს შევეხები. ტრიუფო გოდართან და ერიკ რომერთან ერთად ახალ ევროპულ კინოს აღორძინებდა. ტრუფოს სურათებში ბევრი რამაა მეგობრობა, ცხოვრების ბედუკუღმართობა, ახალგაზრდული თავგადასავლები, ცხოვრებისეული ინტრიგები - ამ ყველაფერს ფრანსუა ტრიუფო ირონიით და შინაურულად გადმოსცემს. მის შემოქმედებაში გამოვყოფდი ანტუან დუანელის ცხოვრების 5 სერიას, რომელიც ტრუფომ სხვადასხვა დროს გადაიღო ჟან-პიერ ლეოსთან ერთად. სერია შედგება 5 დამოუკიდებელი ფილმისაგან, მაგრამ თანმიმდევრობით თუ უყურებთ აღმოაჩენთ რომ ერთგვარ კინო-საგას უყურებთ.
ანტუან დუანელის 5 სურათია: „400 დარტყმა“ - ანტუანის ბავშვობა; „ანტუანი და კოლეტი“ - ანტუანის ახალგაზრდობა, „მოპარული კოცნები“ ანტუანი ჯარის შემდეგ „ოჯახური კერა“ - ანტუანის დაოჯახება და ბოლო სურათი „სიყვარული გადარბენებზე“ - ანტუანის განშორება მეუღლესთან.
- 5. ევროპულ კინოზე თუ ვთქვით წარმოუდგენელია იტალიურ კინოზე არაფერი ვთქვათ. სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი რომელი იტალიური სურათი ამერჩია, ვმერყეობდი ვიტორიო დე სიკას „ველოსიპედის გამტაცებლებზე“, პაზოლინის „თეორემაზე“ და ვისკონტის სურათებზე „როკო და მისი ძმები“, მაგრამ მაინც არჩევანს ვისკონტის „თეთრ ღამეებზე“ შევაჩერებ. რამდენჯერ ვნახე იმდენჯერ ვიტირე, ეს არის დოსტოევსკის პეტერბურგული ცხოვრების და ჩრდილოეთის რომანტიზმის ჩრდილო იტალიური სენტიმენტალური ეკრანიზაცია, მარჩელო მასტროიანის საოცარი შესრულებით.
1956 წლის ფილმი თანამედროვე მაყურებლისთვის ცოტა დამღლელი შეიძლება იყოს, მაგრამ კინოს მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს - მითუმეტეს გაეცნობიან კლასიკური კინოს ნიმუშს.
- 6. დევიდ ფინჩერის „მებრძოლთა კლუბი“, რომელიც ჩაკ პალანიკის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა 1999 წელს გამოვიდა და კინომანთა დიდი აღტაცება დაიმსახურა. ფილმის იდეებს და ვიზუალურ გამოხატულებას დღესაც ბევრი ახალგაზრდა აზიარებს. თუმცა, ამ ფილმის გამოყოფით მინდა შევეხო ედუარდ ნორტონის სამსახიობო ნიჭს. ბრედ პიტს და მის პერსონაჟს ტაილერ დარდენს თავისი როლი აქვს, ისევე როგორც ჰელენა ბონემ კარტერს, მაგრამ რომ არა ედუარდ ნორტონის ასეთი შესრულება - ფილმი ვერ გახდებოდა ასეთი საყოველთაო. ედუარდ ნორტონი თითქოს ჩვენს გვერდით მცხოვრები ჩვეულებრივი მოქალაქეა და სწორედ მისი გარდასახვა და ამბოხი იწვევს აღტაცებას.
- 7. იქიდან გამომდინარე რომ ჰორორ-მისტიკური ჟანრის მწერალი ვარ, არ შემიძლია გვერდი ავუარო ასეთ ფილმებს. პირველი და შეიძლება ითქვას საშინელებათა ფილმების დედა ენა ალფრედ ჰიჩკოკის შემოქმედებაა. პირადად მე რამდენჯერაც ვუყურე „ფსიქოს“ იმდენჯერ ღამე გავათიე.
ფსიქოს ყურებისას ალფრედ ჰიჩკოკის ორიგინალურ და ღრმა, ფსიქო-ანალიზურ, ინტრიგნულ სიუჟეტებს თან ერთვის ამერიკული კინო-მუსიკის გენიოსის ბერნარდ ჰერმანის მუსიკალური ნაწარმოებები. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ენტონი პერკინსის დაუვიწყარი თამაში - მარტოსული, სამყაროს გაშორებული ბიჭის გამოხედვები...
- 8. ისევ ჰორორ-ფილმებზე გავაგრძელებ და მეორე ჩემს საყვარელ საშინელებათა ფილმზეც ვიტყვი. რომან პლანსკის „როზმარის ბავშვი“ ასევე ის ფილმია რაზეც ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, დაუსრულებლად. თუმცა ვხვდები რომ ძალიან გამიგრძელდა, ამიტომ გეტყვით რომ ფილმი ირა ლევინის წიგნის ეკრანიზაციაა, მთავარ როლს ულამაზესი და უსაყვარლესი მია ფეროუ თამაშობს, რომელიც შეიძლება ითქვას ამ როლისთვის დაიბადა, შემაძრწუნებელი მუსიკის ავტორი კი კრიშტოფ კომედაა... პოლანსკი საოცარი დაძაბულობით და დამზაფვრელი სიუჟეტებით ახერხებს ჩვენს შეშინებას - ისე რომ შიში დიდ ხანს მიგვყვება...
- 9. ახლა კი სერიალების ჯერი დადგა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს ბავშვობაში ტელე-სერიალები ბრაზილიურ-კოლუმბიური საპნის ოპერებთან ასოცირდებოდა, დღესდღეისობით ის უკვე ამერიკულ ხარისხიან კინო-პროდუქციას გულისხმობს. ამგვარი ამერიკული სერიალების მამად კი ძალიან ბევრის აზრითაც და ჩემი პირადი გამოცდილებითაც “Breaking Bad” შეიძლება ჩაითვალოს. რომ იტყვიან „მოიტანაო“, ამ სერიალის სეზონების ყურება არის საოცარი ადრენალინი, მთავარი პერსონაჟების ვოლტისა და ჯესის მეგობრობის ისტორია გულშიჩამწვდომია, ვოლტის ოჯახის და მისი გამდიდრება კი გამაოგნებელი.ამ სერიალის ყურების მერე გვიჩნდება განცდა რომ ჯობდა ქიმია უკეთესად გვესწავლა. ეს სერიალი ბევრ ცხოვრებისეულ ნიუანსებზე დაგვაფიქრებს.
- 10. ისტორიული ჟანრის სერიალებიც მოდაშია და მინდა გირჩიოთ ავსტრალიურ-კანადური ნაწარმი „ვიკინგები“ უძლიერესი სამსახიობო დასით და რაც მთავარია ძალიან ექშენ-ინტრიგ ჩახლართვებით, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ისტორია და გეოგრაფია ძალიან უყვარს + ლამაზი ჩრდილოელი ქალები თუ კაცები და ზოგადად სკანდინავიური თუ ანგლო-საქსონური კულტურა ესიმპათიურება.
- 11. და ბოლოს დავასრულებ - უკომენტაროდ - ერთადერთი და განუმეორებელი კომედიური ჟანრის ყველასთვის საყვარელი სერიალით “Freinds“- ით, ამით ყველაფერი ნათქვამია