სახლში შუაღამისას მივედი, ორი იყო დაწყებული. ჯერ არანორმალურად ბევრი ვჭამე და მერე მკვდარივით დამეძინა ჩაცმულ-დახურულს. სიცხემ გამაღვიძა, მზე მომდგომოდა და თან მაცხუნებდა, თან მანათებდა. ავდექი. ვეცადე, ჩვეულ რეჟიმს ცოტა მაინც დავბრუნებოდი. სახლი მივალაგე, საჭმელი გავაკეთე, ნატასთვის რომ დამეხვედრებინა. ვიღაც კარს მოსდგომოდა, გაუჩერებლად აბრახუნებდა. კინაღამ ჩამოიღო. ცოტა დაძაბულმა გამოვაღე.
- რა გჭირს, გული გამიხეთქე. - კარში ანა იდგა გაფართოებული თვალებით და აწეწილი თმებით, ქოშინებდა და სახე აწითლებული ჰქონდა.
- უბედურება დამატყდა...
- ხო არ გააფრინე?!
- შემომიშვი. ახლავე თუ არ მოგიყევი, მართლა გული გამისკდება.
სამზარეულოში შევიდა და ჩემს კუთვნილ სარწეველა სკამში ჩაეშვა. მერე წამოხტა, აივანზე გავიდა, სიგარეტი ამოაძრო კოლოფიდან და მოსაყოლად მოემზადა.
- ჰა, თქვი, რა დაგემართა? - ვეღარ ვითმენდი.
- მოკლედ, ავეჯის მაღაზიაში ვიყავით მისულები მე და ლევანი, ნიტასთვის საწოლის ყიდვა მინდა რამდენი ხანია, ხო იცი?! ვიფიქრე, ჩვეულებრივ, ერთსაწოლიანს ვუყიდდი და მის საწოლში კიდევ ელენას გადავაწვენდი. შევწუხდი, ისე მცხელა, ღამე სამს რომ გვძინავს ერთად.
გავაჩერე ეს ჩემი დაფეხვილი მანქანა, შევედით. ჯერ იქ მომეშალა ნერვები. რა თქმა უნდა, ვერაფერზე შევთანხმდით... არა, შენ არ იცი, რა ბედნიერებაა, ქმარი რომ აღარ გყავს... - ჩაურთო და უცებ ორივეს გაგვეცინა. მივხვდი, აზვიადებდა რაღაცას, თორემ რა გააცინებდა. - გამოვედი გამწარებული და რას ვხედავ, ჩემი ყოფილი არაა აყუდებული თავის უზარმაზარ X6-ზე? პაპიროსი აქვს ყურში გარჭობილი, როგორც ყოველთვის. დაინახა თუ არა ლევანი, მისკენ წამოვიდა. ერთი წამი წარმოიდგინე, კინაღამ გულმა დამარტყა. ეუბნება, სანთებელა ხომ არ გაქვსო და ეს კრეტინი მომიბრუნდა და სანთებელა ათხოვეო, მითხრა. სანამ მე სანთებელა მოვძებნე ჩანთაში, იმან ჩემს მარჩს ორი წრე დაარტყა და ეკითხება ლევანს, რომელწლიანია და როდის ჩამოგივიდაო. გეფიცები, სახეში როგორ არ ჩავარტყი ფეხი, ახლაც არ ვიცი, - სიცილს ვეღარ ვიკავებდი. ანა ყურადღებას არ მაქცევდა და განაგრძობდა. - ამანაც დადგა და ჩამოყვანის დღიდან ზეთის შეცვლის ციკლით დამთავრებული ყველაფერი მოუყვა. კაცს რომ ეგეთი მანქანა ჰყავს და შენს საცოდაობაზე გისვამს კითხვებს, როგორ ვერ უნდა მიხვდე, რომ დაგცინის?! დავჯექი მანქანაში, ვიფიქრე, დავძრავ და დაეგდება ესეც-მეთქი, მაგრამ რას დაძრავ, გადავწიე გასაღები და არ დაიქოქა. რატომ არ მოვკვდი იქვე, ჰა? მითხარი... ეგრევე იმას შევხედე და გაეცინა, მარა მთავარი უბედურება წინ იყო თურმე, მიუბრუნდა ლევანი და ეუბნება, ,,პერემიჩკებით“ დამაქოქინეო. მერე იმან თავისი გაზულუქებული ჯიპი მოაყენა და მანქანა დაგვაქოქინა... რატო ვარ ცოცხალი, ნია...
თავი ვეღარ შევიკავე, ისე ვხარხარებდი, უნებურად ისიც ამყვა.
- რა განერვიულებს მერე? შენ რომ მარჩი გყავს და იმას X6?
- არა, რომ დამცინა, ან იქ რას აკეთებდა. რომ შევედი, არავინ იყო, როდის მოეთრა. თავს განადგურებულად და დამცირებულად ვგრძნობ.
- არა, გახსოვს, რომ გითხარი, თავმოყვარეობა აღარ გაქვს-მეთქი და რომ მიპასუხე, რა დაგემართა, სულ სხვადასხვებს ვაქოქინებო. ალბათობის თეორიით თუ ვიმსჯელებთ, სანამ ეგ მანქანა გეყოლება, ის მეტჯერ აღარ შეგხვდება, რომ დაგეხმაროს. ხვალ წავალ და მე გიყიდი აკუმულატორს მაგ მანქანისთვის.
- რომ წამოვედით, იყიდა. ხომ წარმოუდგენელი ბედის ირონიაა?!
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ რომ მომხდარიყო ეს ამბავი, დიდ რამედ მომეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ჩემს ამბებში ისე ვიყავი ჩაკარგული, ანას პრობლემა არაფრად მიმაჩნდა. ყველაფერს რობოტულად ვაკეთებდი და მხოლოდ მაშინ ვხდებოდი ქალი, დაჩის რომ ვხედავდი. მთელი ენერგია იმ წამისთვის მქონდა გადანახული, ის რომ უნდა მენახა. სამსახურში გავედი თუ არა, კახამ ექსკურსიაზე წასვლა აიტეხა. ოთხი საათის სავალზე უნდოდა ჩვენი წაყვანა რაღაც ციხეების სანახავად. იმ საღამოს, სამსახურის მერე დაჩი ვნახე. ვუთხარი, ორი დღით წასვლა მიწევს-მეთქი.
მითხრა, კარგია, გაერთობი და დაისვენებ, წადი, მაგარი ადგილიაო.
არაფერი მითქვამს. მგონი, სხვა რამეს ველოდი და ამიტომ უფრო ხასიათი გამიფუჭდა და მალე წამოვედი სახლში. იმ ღამით ვერაფრით დავიძინე, ვნერვიულობდი, წასვლაზეც და საერთოდ ამ ყველაფერზე. დილით უთენია მოვიკიდე ზურგჩანთა, მძინარე ნატას ვაკოცე და მისაღებში დივანზე წამოწოლილი დიტო გავაღვიძე, გავაფრთხილე, რომ გავდიოდი და ყურადღებით ყოფილიყო.
მთელი გზა განვიცდიდი, რომ წამოვედი. თავს ცუდად ვგრძნობდი, ვერაფრით ავყევი დანარჩენებს სმასა და გართობაში, მიუხედავად იმისა, რომ კახა ყველანაირად ცდილობდა, უყურადღებოდ ერთი წამი არ დავეტოვებინე. ციხეებზე ვიბოდიალეთ, დავიქანცეთ, ღამე რესტორანში დავსხედით და გადავწყვიტე, რომ რაც მთელი დღე თავი ვიკავე, ახლა უნდა ამენაზღაურებინა და სასტიკად უნდა დავმთვრალიყავი, ისე, რომ ყველაფერი დამვიწყებოდა. ესეც კიდევ ერთი გაუაზრებელი გადაწყვეტილება. ჩემს სიმთვრალეს ის მოჰყვა, რომ იმ ღამეს დაჩის ვუთხარი, ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვართ მე და დიტო, მაგრამ ორი წელია ერთად აღარ ვართ-მეთქი. ეს იყო პირველი დიდი შეცდომა, რომელიც დაჩისთან ურთიერთობაში დავუშვი და მგონი, შემიყვარდი-მეთქი - ეს მეორე და კიდევ უარესი. ურთიერთობებში, სადაც სერიოზულს არაფერს გეგმავ, არასდროს უნდა ილაპარაკო სერიოზულ თემებზე. იმიტომ, რომ სერიოზული ამბები ყოველთვის ამძიმებს მსუბუქ ურთიერთობებს. ღმერთმა უწყის, კიდევ რაზე ვილაპარაკეთ. მხოლოდ ის მახსოვს, რომ სანამ ცუდად გავხდებოდი და ტუალეტში ჩავიკეტებოდი, ვიკამათეთ. ვეუბნებოდი, შენთან მინდა და დარჩენა რატომ არ მთხოვე-მეთქი. ვერაფრით ვიხსენებ, რას მწერდა, მაგრამ რომ გავცეცხლდი და ვიტირე, ეს ზუსტად მახსოვს. მთელი ეს ამდენი ხნის ნანახი დიალოგები რომ ერთი ხელის მოსმით წავშალე, ესეც.
არ ვიცი, რაც ვუთხარი, ამის თუ კიდევ სხვა რამის გამოც, მაგრამ დედამ გადაწყვიტა, რომ ჩემთან უნდა ჩამოსულიყო. არაფერი მკითხა, მითხრა, ორ დღეში მანდ ვიქნებიო. ლიზა კიდევ უფრო გაუცხოებული დამიბრუნდა, არავითარი მონატრების კვალი... მგონი, სისულელე ვქენი, რომ საერთოდ გავუშვი.
დაჩისთან რაღაც რომ ცუდად იყო, იმ დღიდან ვგრძნობდი, დღიდან კი არა, იმ ღამიდან, რაც ვუთხარი, დიტოსთან ერთად არ ვარ-მეთქი, რაც ვაღიარე, რომ მიყვარდა, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი, არ ვუტყდებოდი, რომ რაღაც ძალიან დიდი სისულელე ჩავიდინე. იქნებ არც იყო ეს მიზეზი, მაგრამ მე იმ საღამოს ვიგრძენი პირველად, რომ სადღაც ქვემოთ ვეშვებოდი. საერთოდაც მჯეროდა შეგრძნებების. ადამიანები ოდნავ მეტად რომ უსმენდნენ თავიანთ თავებს, ბევრად ადრე მიხვდებოდნენ, სწორად როგორ უნდა მოიქცნენ, როდის გაჩერდნენ, როდის გააგრძელონ. სხვებს კი არა, საკუთარ თავებს რომ უსმენდნენ. მეც ასე ვიყავი. ვიგრძენი თუ არა, რომ რაღაც კარგად ვერ იყო, მაშინვე შევწყვიტე საკუთარი თავის მოსმენა. რომ ვერ ვხედავდი, იმ დღეებში გამოვდიოდი და მისი ჰიპერმარკეტის ზემოთ ბავშვთა გასართობ ცენტრთან მანქანას ვაყენებდი. ზოგჯერ მთელი საათი ვუყურებდი, როგორ დადიოდა წინ და უკან, როგორ ეწეოდა, მანქანაში როგორ ჯდებოდა, მიდიოდა, მერე მალევე მოდიოდა, ზოგჯერ სულ იკარგებოდა, ვიღაცებს ელაპარაკებოდა... და იმ დღეს, როცა ვხედავდი, მშვიდად ვბრუნდებოდი. ზოგჯერ საკუთარი ფიქრები მანადგურებდა და გადაშტერებული დავდიოდი სამსახურშიც და სახლშიც. ზოგჯერ, როცა მწერდა, როცა ვნახულობდი, ისევ ბედნიერი ვიყავი, მანქანით გიჟივით მოვქროდი სახლში, აუდიოსისტემას ქანცს ვაძრობდი. იმ სიმღერებს ვუსმენდი, რაც დაჩის მანქანაში მესმოდა. ზოგჯერ სადმე თუ გადავეყრებოდი, უკან მივდევდი. ერთმანეთს თუ ვხვდებოდით, ძირითადად ნახევარი საათი ან ორმოცი წუთი და სულ განცდა მქონდა, იმის გამო მნახულობდა, სექსი რომ მოგვესწრო. ზოგჯერ, ერთად ყოფნისას იკარგებოდა ფიქრებში, ხელის ჩაკიდება ავიწყდებოდა. ზოგჯერ სრულ სიჩუმეში მივდიოდით მის სახლამდე.
გაგრძელება იქნება