თურქული კინოინდუსტრია მსოფლიოს ბევრ საინტერესო პროდუქტს სთავაზობს და კინოკრიტიკოსების შეფასებით, ქვეყანაში უკვე ისე განვითარდა ეს სფერო, რომ თუკი ადრე თურქული სერიალების დიდი ნაწილი უხარისხოდ მიიჩნეოდა, ახლა ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა, მსოფლიო ბაზარზე კი თურქულ ფილმებსა თუ სერიალებზე მოთხოვნა დღითი დღე მატულობს.
ჩაათაი ულუსოი კი იმ თურქ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ და მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. ის დაკავებულია არა მხოლოდ სატელევიზიო პროექტებით, არამედ თამაშობს ციფრული პლატფორმებისთვის მომზადებულ სერიალებსა თუ ფილმებში და არის პირველი თურქი მსახიობი, რომელმაც "ნეტფლიქსის“ სერიალში მიიღო მონაწილეობა.
ჩაათაი 1990 წლის 23 სექტემბერს, სტამბოლში დაიბადა. მისი მამა ბულგარეთიდანაა და თურქეთში მაშინ გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც 10 წლის იყო. მსახიობს ჰყავს უმცროსი ძმა ათალაი.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაათაი სტამბოლის უნივერსიტეტში მებაღეობასა და გამწვანების ხელოვნებას სწავლობდა. ის ჰიპერაქტიური ბავშვი იყო და ამიტომაც, მშობლებმა სპორტზე შეიყვანეს. ულუსოი ოცნებობდა, რომ წარმატებული კალათბურთელი ყოფილიყო.
ცხრა წლის განმავლობაში სწორედ ამ სპორტით იყო დაკავებული, თუმცა საბოლოოდ სხვა გზა აირჩია. გარდა კალათბურთისა, გატაცებული იყო ყვინთვითა და ცურვით.
2010 წელს მეგობარს მოდელების ქასთინგზე გაჰყვა, თუმცა მეგობრის ნაცვლად, ჩაათაი შეარჩიეს და აქედან დაიწყო მისი სამოდელო კარიერა. 19 წლის ასაკში მან თურქეთის საუკეთესო მოდელის ტიტული მოიპოვა და მალევე მიიღო პირველი როლი სერიალში Adini Feriha Koydum. სერიალი ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში დღემდე პოპულარობით სარგებლობს.
მალე მსახიობი ნარკოტიკების სკანდალში გაეხვა. 2013 წლის 25 იანვარს 30 თურქი მსახიობი და მათ შორის, ჩაათაი ულუსოი, თურქეთის პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებამ დააკავა. მართალია, მალევე გაათავისუფლეს, თუმცა ეს საქმე დღემდე არაა დახურული და გამოძიებას კონკრეტულ დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია.
2015 წელს ჩაათაიმ თავისი კარიერის უმნიშვნელოვანესი როლი მიიღო - ის სერიალ Medcezir-ში მთავარი გმირის, იამან კუპერის როლზე დაამტკიცეს.
ეს იყო როლი, რომელმაც მსახიობს საერთაშორისო აღიარება და მილიონობით ფანი შესძინა. ჩაათაის პარტნიორობას თურქული კინემატოგრაფიის მთავარი ვარსკვლავი სერენაი სარქაია უწევდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერიალი პოპულარული ამერიკული შოუს, the O.C.-ის რიმეიქია.
გააგრძელეთ კითხვა