მზეთუნახავი ბრიჯიტ ბარდო და ფოტოგრაფი გიუნტერ საქსი... მათი გრძნობები მყისიერად გაჩნდა, ვნების მორევში დატრიალდა, მაგრამ ასევე სწრაფად გაქრა, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ყოფილ მეუღლეებს მრავალი წლის განმავლობაში თბილი ურთიერთობების შენარჩუნებაში...
ის იყო მდიდარი, სიმპათიური და გალანტური. ქალები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი სილამაზითა და გულუხვობით და მზად იყვნენ, ბევრი რამ გაეკეთებინათ ცნობილი ფოტოგრაფისა და კოლექციონერის ყურადღების მისაქცევად. გიუნტერ საქსმა ნამდვილად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ მის გვერდით ყველა ქალს თავი დედოფლად ეგრძნო და შესანიშნავადაც გამოსდიოდა ეს. ის არასდროს ზოგავდა ფულს საჩუქრებზე, არ იტანჯებოდა ეჭვიანობის სცენებით და იცოდა, როგორ მიეღო სიამოვნება ცხოვრებისგან.
ისინი შეხვდნენ 1966 წლის მაისში. ბრიჯიტ ბარდომ მაშინვე იგრძნო სიმპათია გიუნტერ საქსის მიმართ, ხოლო გიუნტერმა იმ წამსვე გადაწყვიტა, დაქორწინებულიყო ბრიჯიტზე, ქალზე, რომელმაც მისი გული ერთ წამში დაიპყრო.
მეორე დღეს ბრიჯიტს სახლის კართან წითელი ვარდების უამრავი თაიგული დახვდა. ვარდები მის სახლთან წვიმასავით მოვიდა - გიუნტერ საქსმა ყვავილები ყველა ახლომდებარე პლანტაციისგან იყიდა და ბრძანება გასცა, რომ ისინი ვერტმფრენიდან გაეფანტათ, როდესაც ბრიჯიტი გამოჩნდებოდა. ამ საქციელმა საბოლოოდ დაარწმუნა ლამაზმანი საკუთარი გრძნობის სისწორეში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გიუნტერი ორი თვის განმავლობაში ცდილობდა, მიეღო ბრიჯიტის თანხმობა ცოლობაზე. გიუნტერი სატრფოს ისეთ სიურპრიზებს უწყობდა, რომ, საბოლოოდ, თავბრუ დაახვია და დაითანხმა.
გაცნობიდან ორი თვის შემდეგ ისინი უკვე მიფრინავდნენ ლას-ვეგასში, რათა ქორწინება დაერეგისტრირებინათ. თაფლობის თვემ მედიისთვის თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა და მალე შეყვარებულები პარიზში დაბრუნდნენ. და... ერთი დღეც აღარ უცხოვრიათ ერთად, თუმცა ერთმანეთს ისევ ნახულობდნენ. ისინი ცალ-ცალკე, საკუთარ ბინებში ცხოვრობდნენ ისე, რომ გასაღები არც კი გაუცვლიათ. ამასთან, ორივეს ჰქონდა პარალელური ურთიერთობები - ისინი ერთმანეთის ერთგულები არასდროს ყოფილან.
წყვილი სამი წლის შემდეგ საბოლოოდ დაშორდა. მათი ვნებიანი რომანი დასრულდა, მაგრამ ეს მეგობრული ურთიერთობის დასაწყისი იყო. 10 წლის შემდეგ, სწორედ იმ დღეს, როდესაც ისინი დაშორდნენ, მსახიობმა გიუნტერ საქსისგან საჩუქრად აბსოლუტურად წარმოუდგენელი დიდი ბრილიანტის სამკაული მიიღო.
1980-იანი წლების ბოლოს მილიონერმა მოულოდნელად აღმოაჩინა ეს და კიდევ სხვა სამკაულები, რომლებიც მან ბრიჯიტს აჩუქა, აუქციონზე იყო. ამ ფაქტმა ის ძალიან გააბრაზა, ვერ მოითმინა და ყოფილ ცოლს დაურეკა. გიუნტერი ფიქრობდა, რომ ბრიჯიტი მასზე ნაწყენი იყო და ასე იმიტომ იქცეოდა, თუმცა ყველაფერი გაცილებით მარტივად აღმოჩნდა - ბრიჯიტს ცხოველების დახმარების ფონდის გახსნა სურდა და ფული სჭირდებოდა.
აუქციონის შემდეგ ბრიჯიტმა დიდი თანხა მიიღო, მეორე დღეს კი გიუნტერ საქსმა სთხოვა შეხვედრა. ისინი რესტორანში მაგიდასთან ისხდნენ და მისი ყოფილი ცოლი გაოცებული უყურებდა, როგორ გამოჩნდა სწორედ გუშინ აუქციონზე გაყიდული სამკაულები მის წინ.
ყველა ძვირფასეულობა გიუნტერმა პირადად იყიდა, რათა ისევ ყოფილი ცოლისთვის გადაეცა. იმ მომენტში ბრიჯიტმა გულწრფელად ინანა, რომ საყვარელ კაცთან ურთიერთობა დაასრულა, რადგან არც ერთ კაცს, არც მანამდე და არც მის შემდეგ, ბრიჯიტი გიუნტერივით არ ჰყვარებია.