მაკა გოგიჩაიშვილი მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობია, სადაც ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს. როგორც ამბობს, ახლა 76 წლის არის და ამ თეატრის გარდა, სხვაგან არსად უმუშავია.
- ქალბატონო მაკა, თეატრის გარდა თქვენს ცხოვრებაში არის კიდევ პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები“, რომელშიც უკვე ბევრი სეზონია თამაშობთ. სერიალმა პოპულარული გაგხადათ...
- ადრე მსახიობები მასობრივად ცნობილები კინოს საშუალებით ხდებოდნენ. კინოში ბევრჯერ შემომთავაზეს გადაღება, მაგრამ ჩემი მეუღლე წინააღმდეგი იყო ხოლმე, ამიტომ რამდენჯერმე მიღებულ შემოთავაზებაზე უარის თქმა მომიწია. კარგი მეუღლე მყავდა და ამის გამო გულს ვერ ვატკენდი...
ამ სერიალზე კასტინგმენეჯერმა ეკა მჟავანაძემ რომ დამიძახა, თავიდან მასაც უარი ვუთხარი. ხან რა მოვიმიზეზე და ხან - რა. რომ გავიდა "დაქალები“ რამდენიმე სერიის შემდეგ, კიდევ დამირეკა და მითრხა, - არ მოხვედი, არ მოხვედი, ახლა ერთი პატარა ეპიზოდია და იქნებ ამაზე მაინც მოხვიდეო. მერე ვთქვი - რას ვიპრანჭები, წავიდე-მეთქი და მივედი. ჟუჟა, სანდრექასას ბებია ვიტირე, რადგანაც ჩემი გმირი მისი ბებიის მეგობარი იყო, რომელიც ამ ბიჭის ცხოვრებაში ერეოდა. მერე ისეც მოხდა, რომ შაგუს ბაბუდაც გავხდი.
- როგორც შაგუ იტყოდა, შაგუს ბაბუდა "გაიჩითეთ,“ ხომ?
- კი, "გავიჩითე“ და თან, როგორ "გავიჩითე“ (იცინის). ნიღბით რომ გავდივარ გარეთ, სადაც არ უნდა ვიყო, საკმარისია, ხმა ამოვიღო, რაიმე ვიკითხო, - აი, თქვენ ის არა ხართ, შაგუს ბაბუდა? იმ დღეს ეს კანფეტი რა ღირს-მეთქი, - ვიკითხე და თქვენ რა გენაღვლებათ, შაგუ გიყიდითო, ქალმა ისეთი პირდაპირი მნიშვნელობით მითხრა, რომ ვფიქრობ, მას მართლა სჯერა, რომ ის ქალი ვარ, რომელსაც ეკრანზე უყურებს. ისიც მკითხეს - "თქვენ ხომ ვაკეში ცხოვრობთ?" ვუთხარი - დავიბადე ვორანცოვზე და ვცხოვრობ დიღომში, ვაკეში არ მიცხოვრია-მეთქი.
- თავად როლზე რას იტყვით. როგორი ქალბატონია ვაკელი თამარა?
- ძალიან შორს არის ჩემი მენტალიტეტისგან, ჭორიკანა, მატრაკვეცა ქალია, ცხოვრებაში ასეთები არიან.
- მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საყვარელი პერსონაჟია...
- ხო, რა ვიცი, მოსწონს ხალხს, ალბათ, სერიალში ამიტომაც დამტოვეს.
- ამ პერსონაჟს მგონი, თქვენეული "ფერები“ შესძინეთ...
- ალბათ. ეკა მჟვანაძეს აქვს საოცარი უნარი, არტისტები ზუსტად შეარჩიოს. ამ სერიალში თუკი ვინმე არის, ყველა ზუსტადაა შერჩეული. არავის ხელოვნურობა არ ემჩნევა, ნატურალური სახეებია შექმნილი. ეს ეკას და საერთოდ, სერიალის დიდი პლუსია და რა თქმა უნდა, რეჟისორის, გიორგი ლიფონავასი, ასევე სხვა რეჟისორების, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ.
რაც შეეხება, იმ რუსულ ფრაზებს, რომელსაც ჩემი პერსონაჟი იყენებს, ასეთ ფრაზებს ცხოვრებაში ხშირად მეც ვიყენებდი და ეს სერიალშიც გადმოვიტანე - "მაია ზალატაია“, "მაია დარაგაია“...
- თქვენს პარტნიორ შაგუზე, სახიობ ილო ბეროშვილზე რას იტყვით?
- ძალიან კარგი ბიჭია. სანამ გადაღებას დავიწყებთ, რამდენჯერმე რეპეტიციას გავდივართ, იმ დროს იტყვის ხოლმე - აქ რაღაც ასე ხომ არ ვთქვათ, ხომ შეიძლება? ყალთაბანდი არტისტი არ არის, სერიოზულად მუშაობს და როლს პასუხისმგებლობით უდგება. ამასთან, წესიერი, ზრდილობიანი ბიჭია. ზოგჯერ მისი პერსონაჟი ცუდ სიტყვას რომ იტყვის, ბოდიშს მიხდის. მე კიდევ ვეუბნები - შენი რა ბრალია?! გული დამწყდა, ჩიკა რომ აღარ არის სერიალში, ანუ შაგუს ცოლი. კარგი გოგოა ანი ძალიან.
- რეალურად თუ ხართ ბაბუდა?
- ბაბუდა არ ვარ, ბებიდა - კი. ორი და მყავდა და მათი შთამომავლები ჩემი შვილიშვილები არიან. მე თვითონ ორი ვაჟი მყავს. დიდები არიან. ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე 27 წელია პარიზშია, მხატვარია. მყავს 4 შვილიშვილი. მათგან ორი თბილსშია, ორი - პარიზში. ერთი შვილი ცოლიანია და მალე პატარაც გვეყოლება. ასე რომ, გვაქვს დიდი ოჯახი და ამ ახალგაზრდებისთვის ყველასთვის ვარ მაკო ბება.
ჩემი შვილი ცოტა ხნის წინ 5 დღით ჩამოვიდა პარიზიდან, მოვენატრე. რომ არა პანდემია, ყოველ წელს სამ-სამი თვე ვიყავი ხოლმე იქ. ახლა პანდემიამ შემაფერხა, ვეღარ ჩავდივარ.