ნანუკა სტამბოლიშვილის სახელი დღეს ყველამ იცის. ბათუმელი მოცეკვავე პოპულარული თურქული სერიალის, "სხვისი შვილის" მთავარი გმირია. ნანუკასთვის ეს პირველი სამსახიობო გამოცდილება და პირველი როლია. თავისი "თურქული თავგადასავლის" შესახებ მან გადაცემაში "სტუმრად ნოესთან" ისაუბრა.
ნანუკა სტამბოლიშვილი:
- პირველ რიგში, მე ვარ დედა, შვილი, შვილიშვილი, მოცეკვავე, უკვე მსახიობი, ეკონომისტი და უბრალოდ ადამიანი. ძალიან რთულია ოჯახის წევრებისგან მოშორებით ყოფნა. ამდენი ხანი მათგან შორს ჯერ არსად არ წავსულვარ. როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, უკვე მზად ვიყავი ამისთვის. ახლა როგორი ადამიანიც ვარ, ჩემი შვილის დამსახურებაა, ძალიან გამაძლიერა. მოვა დრო, როცა ჩემს მეუღლესთან ერთად ვისაუბრებ ამ თემაზე. ეს ამ გადაწყვეტილებას არ ეხება, სულ სხვა თემაა. ჩემი შვილი გვაძლიერებს ჩვენ. ჩემი თაისია ანგელოზია, ძალიან მიყვარხარ, დე.
ბათუმში დავიბადე, ულამაზეს ქალაქში. ძალიან ვამაყობ ამით. მადლობა ოჯახს ლაღი ბავშვობისთვის. დიდი ოჯახი მაქვს და იღბლიანი ვარ. 13 წლის ასაკიდან დავიწყე ცეკვა. წელში მოხრილი დავდიოდი და მშობლებმა ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს. ხელოვნების კუთხით უნიჭიერესი ადამიანები ცხოვრობენ ბათუმში.
გვარის შესახებ
"სტამბოლიშვილი ქართული გვარია, ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვადან. ამ გვარმა ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრი წერდა, რომ გადავირქვი, რადგან სტამბოლში ჩამოვედი. ბევრი ისტორია მსმენია ჩემს გვარზე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. დედის მხრიდან, ჩემი ბაბუს დედა იყო თურქეთიდან".
თურქეთში ჩასვლა და "სულ სხვა რეალობა"
სულ სხვა რეალობაში გავიღვიძე, აბსოლუტურად სხვა ქვეყანა, ახალი ენა, ადამიანები. მე დავტოვე ჩემი საყვარელი საქმიანობები, ქალაქი, ვარ ოჯახისგან შორს და დავიწყე ახალი საქმიანობა, მსახიობობა. ეს არის პირველი როლი ჩემთვის, თან მთავარი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
ბოლო ორი-სამი წელი თურქეთიდან მოდიოდა შემოთავაზებები. სოციალური ქსელის მეშვეობით მიკავშირდებოდნენ. თავიდან რამდენიმე ცნობილმა რეჟისორმა გამომიწერა, დაინტერესდნენ, რას ვსაქმიანობდი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, ბევრი მიზეზი იყო: ენის ბარიერი, ამ სფეროში გამოუცდებლობა, შიში, უნდობლობა. შემდეგ დამიკავშირდა ბატონი ჰანოზენი, სერიალის მთავარი რეჟისორი, ძალიან კარგი ადამიანია. ყველაფერში მეხმარება და დიდ სტიმულს მაძლევს და უბრალოდ ჩემი მასწავლებელია. გადაწყვეტილება უცებ მივიღე. ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამაში ჩემმა მეუღლემ. მადლობა მას ამისთვის, რადგან ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.
წაიკითხეთ სრულად