2003 წელს სასამართლომ ავსტრალიელი ქალი კეტლინ ფოლბიგი დამნაშავედ ცნო სხვადასხვა დროს თავისი ოთხი შვილის მკვლელობაში. მსხვერპლთაგან ყველაზე უფროსი ორი წლისაც არ იყო.
ფოლბიგს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ახლახან ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს და სასჯელი გადაიხედოს.
1999 წლის მარტის თბილ დღეს, ლანჩის დროს, კეტლინ ფოლბიგი ოთახში გავიდა, რათა 18 თვის მძინარე ქალიშვილისთვის, ლორასთვის დაეხედა. ბავშვი ფერმკრთალი იყო და არ რეაგირებდა. ფოლბიგი ამ დროს სინგლტონში, ავსტრალიაში, საკუთარ სახლში მარტო იყო. ქალმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ამავე დროს ის ცდილობდა ბავშვისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას. ”ჩემი ბავშვი არ სუნთქავს”, - ეუბნებოდა სასწრაფოს ოპერატორს და ევედრებოდა, რომ ეჩქარათ.
ოპერატორთან საუბრისას ფოლბიგმა თქვა, რომ ამ შემთხვევამდე სამი შვილი უკვე გარდაიცვალა ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომით (SIDS). ეს ტერმინი გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების მიზეზის აღსანიშნავად, როდესაც ექიმები ვერ ადგენენ სიკვდილის მიზეზს. ყველაზე ხშირად SIDS-ის სინდრომით ერთ წლამდე ასაკის ბავშვები იღუპებიან. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, SIDS-ი ერთი თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილის მთავარი მიზეზია.
როდესაც სასწრაფო მივიდა, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებები ვერ აღმოაჩინეს, გაკვეთისას ბავშვის სხეულში არ აღმოჩნდა უცხო ნივთიერებების კვალი. მოხსენებაში ექიმმა აღნიშნა, რომ ბავშვს გულში ანთებითი პროცესის ნიშნები ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ვირუსით, თუმცა გოგონას სიკვდილის მიზეზი ეს არ ყოფილა.
მედიცინის ექსპერტის თქმით, არასწორი იყო SIDS-ით ერთ ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების ახსნა. მან არ გამორიცხა, რომ ბავშვები მკვლელობის მსხვერპლნი გახდნენ.
ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ სასამართლომ კეტლინ ფოლბიგი დამნაშავედ ცნო ოთხი შვილის - კალების, პატრიკის, სარას და ლორას მკვლელობაში. არც ერთ შემთხვევაში გამომძიებლებს არ აღმოუჩენიათ ძალადობის ნიშნები. პროკურორმა აღნიშნა, რომ "ბავშვები გარე ჩარევის გარეშე ვერ დაიღუპებოდნენ."
ჩვილ ბავშვთა მკვლელობის საქმემ ფოლბიგი გადააქცია ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელ ქალად.
წაიკითხეთ სრულად