დეკემბრის თვის ,,კინოთერაპია" არღვევს წესებს და გესაუბრებათ იმ საახალწლო ფილმებზე, რომელთა ყურებაც საუკეთესო განწყობის უპირობო გარანტია.
რადგან არსებობს ფილმები, რომელთა ნახვის შემდეგაც, უბრალოდ, გინდება, იყო ბედნიერი და ბავშვივით გჯეროდეს სასწაულის.
დეკემბერი სრულდება. გარეთ უკვე ძალიან ცივა და სუსხია. თბილმა სახლმა და ცხელმა შოკოლადმა კი განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. წლის ამ ყველაზე ცივ პერიოდში კი რომანტიკული და რაც მთავარია, შესაბამისი საახალწლო განწყობის შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა.
მაშ ასე, მოხერხებულად მოეწყვეთ საყვარელ დივანზე, წინასწარ მოიმარაგეთ ცხელი შოკოლადი და ორცხობილა, მოიმარჯვეთ ტელევიზორის პულტი და დავიწყოთ...
ეს ფილმი გასული საუკუნეების 70–იანი წლებიდან ახალი წლის ერთგვარ სიმბოლოდ და შობის ისეთივე ტრადიციულ ატრიბუტად იქცა, როგორებიცაა სანტა კლაუსი და ნაძვის ხე. საუბარია ფრენკ კაპრას ფილმზე ,,ეს მშვენიერი ცხოვრება", რომელიც ჩარლზ დიკენსის ,,საშობაო სიმღერების" ერთგვარ მხატვრულ ანალოგადაა აღიარებული.
ეს არის სენტიმენტალური, კეთილი და რომანტიკული საშობაო ისტორია – ზღაპარი უფროსებისათვის, რომელიც მოგვითხრობს იმაზე, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ადამიანს არ აქვს უფლება, დაეცეს სულით და ჩაიდინოს გამოუსწორებელი შეცდომა.
მთავარია, გვერდით აღმოგაჩნდეს ვინმე, თუნდაც კეთილი ანგელოზი, რომელიც ცხოვრებას უკეთესი მხრიდან დაგანახვებს და ყველაფრის თავიდან დაწყებისა და გამოსწორების შანსს მოგცემს. უბრალოდ, შენი ცხოვრების კინოფირი უკუღმა უნდა დაატრიალო და შეეცადო გაიაზრო როგორც ბედნიერი, ისე უსიამოვნო მომენტები და დაინახო ის, რაც რეალური და მარადიულია ამ ცხოვრებაში – ახლობელი ადამიანების სიყვარული და დახმარების სურვილი. შობა კი ახალი ცხოვრების დასაწყებად საუკეთესო პერიოდია.
დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას ნანახი გექნებათ ნენსი მაიერსის რომანტიკული კომედია ,,შვებულება" კამერონ დიასის, კეიტ უინსლეტის, ჯუდ ლოუსა და ჯეკ ბლექის მონაწილეობით.
ერთმანეთისაგან 10 000 კილომეტრის მოშორებით, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ორი ერთმანეთისათვის უცნობი ქალბატონი იდენტურ მდგომარეობაში აღმოჩნდება –პირადული პრობლემები და არშემდგარი სასიყვარულო ურთიერთობები.
აირისი და ამანდა ერთმანეთს გაცვლითი შვებულების საიტის მეშვეობით გაიცნობენ. შობამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მარტოსული გოგონები მობეზრებული სიტუაციისაგან თავის გარიდებას გადაწყვეტენ და შვებულების გატარებას ერთმანეთის სახლებში მოილაპარაკებენ. იცვლება ყველაფერი: სახლი, მანქანა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კონტინენტებიც კი. ინგლისელი აირისი ლოს–ანჯელესში ამოყოფს თავს, ამერიკელი ამანდა კი ბრიტანეთის პატარა პროვინციაში. სწორედ ასე იწყება გოგონების ცხოვრებაში ახალი რომანტიკული თავგადასავლები!
არსებობს სიყვარული და არსებობს შეყვარებულობის შეგრძნება. განსხვავებას, ალბათ, ყველანი მიხვდებოდით. ეს ამბავი დაახლოებით იმას ჰგავს, კინოთეატრიდან რომ გამოხვალ მოხიბლული და იტყვი: კარგი ფილმი იყოო! მაგრამ ეს ფილმი მხოლოდ ერთჯერადად იყო კარგი და მისი საშინაო კოლექციაში მოთავსება ნამდვილად არ მოგინდება.
რიჩარდ კერტისის ,,რეალური სიყვარული" იმ ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის ნახვაც არასდროს მობეზრდება მაყურებელს. ეს ბრიტანული კინოშედევრი უკანასკნელ სკეპტიკოსსაც კი უმტკიცებს, რომ სიყვარული ყველას და ყველაფერს მართავს, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, რომელსაც უეცრად შეუყვარდება თავისი აპარატის რიგითი თანამშრომელი, დამთავრებული საფრანგეთში გაქცეული და სიყვარულში ხელმოცარული მწერლით.
ეს არის საშობაო რომანტიკული ისტორიების მთელი ნაკრები, ,,ალა ისტორიების კოლაჟი", რომელიც არცერთი გემოვნების მაყურებელს არ დატოვებს გულგრილს. რადგან თითოეული სასიყვარულო ისტორია და ამბავი იმდენად გაშლილი, კარგად მოყოლილი და ჩამთრევია, რომ ყველა მათგანი თავისებურად და, რაც მთავარია, განსხვავებულად აჩვენებს მაყურებელს სხვადასხვა ოჯახისა და ადამიანების მიერ განცდილ შობას, რომლის მთავარი დანიშნულებაც მათ ცხოვრებაში სითბოსა და სიყვარულის შეტანაა.
ია ბერიაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(დეკემბრის ნომერი)