ტოსკანა - ფოტოგრაფებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, რადგან ძველი ნაგებობებითა და საინტერესო ლანდშაფტით გამოირჩევა.
პორტადა კი სწორედ ის ადგილია, რომელიც ტოსკანაშივე შეგიძლიათ მოინახულოთ და მზესუმზირების თვალუწვდენელი მინდვრის ხილვით დატკბეთ. თუმცა, თუ მაინც უძველესი, უცნაური ნაგებობები გიტაცებთ, გირჩევთ, ლაციო მოინახულოთ.
სიცილია - ფერადი ნაგებობები, ფერადი ნავები, უძველესი ძეგლები, შადრევნები, ერთ რიგში ჩამწკრივებული კაფე-ბარები. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია. სიცილიაში ყოფნისას შეგიძლიათ დააგემოვნოთ სწორედ ისეთი პიცა, რომელიც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს.
კალაბრია - ეს სწორედ ის ადგილია, სადაც დასვენებისთვის დროს ნამდვილად გამონახავთ. მზეზე გარუჯვა გსურთ? კი ბატონო, კალაბრიაში ხომ კამკამა წყალი და ქვიშიანი პლაჟია. და ეს ყველაფერი კლდისა და ნაგებობების ქვეშ.
როგორც გავიგე, კალაბრიაში ხშირად შეესწრებით საქორწილო ცერემონიებსა და ფოტოსესიებს.
ლომბარდია - სიფერადე არც ლომბარდიას აკლია. ეს ფერადი კოტეჯები მართლაც რომ შესანიშნავი სანახავია. როცა ამ ადგილს სტუმრობ, ხვდები, რომ კიდევ უფრო მეტის ნახვა გინდა და მისი ყოველი კუთხე-კუნჭულის გაცნობა.
კაპრი - დღისით თუ მშვენიერია, ღამით ულამაზესი ხდება. ფერად გემებსა და ნავებს აქაც წააწყდებით. ნაგებობებს თვალს ვერ მოსწყვეტთ და მთების ყურება, ალბათ, მოგონებებსაც გამოგიღვიძებთ.
ვენეცია - ალბათ, თქვენც არაერთხელ გინახავთ ფილმებში, როგორ მისეირნობს წყალზე ნავი, ფერადი შენობები კი ირგვლივ ხედს კიდევ უფრო ზღაპრულ იერს სძენს. დიახ, ეს სწორედ ვენეციაა. ვენეცია ახდენილ ოცნებას მართლა ძალიან ჰგავს. ტურისტებისთვის სწორედ ამიტომ ხშირად იგი მოსანახულებელ სიაში პირველ ადგილას წერია ხოლმე.
დამაკავშირებელი ხიდები კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ნებისმიერ მხარეს თამამად ვისეირნოთ.
ვერონა - რომეო და ჯულიეტა. დიახ, ჩემთვისაც დღემდე მათთან ასოცირდება ვერონა. პიაცაზე არაერთ ტურისტს იხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ხშირად სწორედ ტრაგიკული, სულამდე ჩამწვდომი ისტორიის გამო ჩადიან ტურისტები მის დასათვალიერებლად. მათ ხომ ერთი სული აქვთ, ის აივანი იხილონ, რომლის დანახვაზეც წარმოსახვაში ჯულიეტა მათ თვალწინ გაცოცხლდება.
სარდინია - წყალი, წყალი და წყალი. გამჭვირვალე და კამკამა. თვალუწვდენელი სივრცე, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს და ამასთან ერთად, დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი ფავორიტია. აქ შეხვდებით ვილებს, კლუბებს. მოკლედ, იმ ყველაფერს, რაც კარგი დასვენებისთვისაა აუცილებელი. იდეალურია რომანტიკული ვახშმისა და საქორწინო ცერემონიებისთვისაც.
სარდინია თევზებთანაც ასოცირდება. სწორედ ის ადგილია, სადაც სუფთა წყალი და ძალიან ბევრი თევზია. ამიტომ იქ მეთევზეობით დღემდე ბევრი ადამიანია დაკავებული.
ტურინი - ეს ის ქალაქი გახლავთ, რომელიც ერთიანად კაშკაშებს და ბრდღვიალებს. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც მოსაღამოვდება. სულ სხვა განზომილებაა, რადგან აქ კორპუსებსაც შეხვდებით და ძველ ნაგებობებსაც. ძველი და ახალი ერთმანეთთან საინტერესოდაა შერწყმული.
და თქვენ რას იტყვით, რომელია თქვენი ფავორიტი?
ნათია ხუნაშვილი