დეტექტიური თამაში მიტოვებულ შენობაში. მოდი! - Marao

დეტექტიური თამაში მიტოვებულ შენობაში. მოდი!

2018-07-02 11:28:17+04:00

7 ივლისს, შაბათს, 17:00 სთ-ზე, მიტოვებულ შენობაში დეტექტიური თამაში გაიმართება, რომელშიც ნებისმიერ მსურველს (15 წლიდან ზემოთ) შეეძლება მონაწილეობის მიღება.

თამაშის პრინციპი: მონაწილეები შედიან აღნიშნულ ლოკაციაზე და ეძებენ მინიშნებებს, ხსნიან თავსატეხებს, რათა გამოიცნონ რვა რიცხვითი კომბინაცია. ამ რიცხვების დახმარებით უნდა იპოვონ ასოები წიგნში („მეცხრე ფლიგელი“), შეადგინონ სიტყვა-გასაღები და ჩანაცვლებადი შიფრით გაშიფრონ ფარული წერილი, რომელიც მოცემულია წიგნშივე.

ჩანაცვლებადი შიფრის პრინციპი: ჩანაცვლებადი შიფრი წარმოადგენს კრიპტოგრაფიულ ალგორითმს, რომელშიც ხდება ღია ტექსტში ინფორმაციის ერთეულების ჩანაცვლება შესაბამისი შიფროტექსტით. ჩანაცვლებად შიფრში პოზიციები უცვლელი რჩება, სიმბოლოები იცვლება.

ჩანაცვლებადი შიფრი წარმოადგენს ანბანურ ცხრილს - წინასწარ განსაზღვრული წესით ჩამოწერილ ანბანის სიმბოლოებს ანუ ჩანაცვლების ანბანს. ირჩევენ კოდურ სიტყვას, რომელშიც სიმბოლოები არ მეორდება, და ბოლოში მიაწერენ ანბანის დანარჩენ სიმბოლოებს, რომლებიც ამ კოდურ სიტყვაში არაა.

რა დასჭირდება მოთამაშეს: წიგნი „მეცხრე ფლიგელი“; კალამი, ბლოკნოტი, ფარანი.

ჩაიცვით მოხერხებულად, სპორტულად.

როგორ მოვიდეთ: ნაგებობა მდებარეობს ნუცუბიძის მეოთხე პლატოში. ფერმწერთა ქუჩა # 137. იქვეა ბოლო გაჩერება და სუბარუს ცენტრი. იხილეთ ლოკაცია

ტრანსპორტი: სადგურის მოედნიდან გამოდის ავტობუსი # 29 და ბოლო გაჩერება არის ლოკაციიდან 20-30 მეტრში (იხილეთ ჯიპიეს კოორდინატები და ვიდეო).

პრიზი: მას, ვინც პირველი გაშიფრავს გზავნილს, საჩუქრად გადაეცემა „ბიბლუსის“ 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

თამაშს გაუძღვება თავად წიგნის ავტორი, მწერალი თეა ინასარიძე.

გადადი "ივენთზე"

გელით ყველას და გისურვებთ წარმატებებს!