44 წლის ლანა ღვინჯილიას მიერ მონახულებულ ქალაქთა ვრცელი სია, არც მეტი, არც ნაკლები - პარიზიდან იწყება.
სწორედ მას უკავშირდება დაუვიწყარი მოგონებები, თუმცა მას შემდეგ 23 წელი გავიდა და ლანამ უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა. ის თავისი შთაბეჭდილებების შესახებ MARAO.GE-ს ესაუბრა და სასარგებლო რჩევებიც გაანდო:
ყველაზე შთამბეჭდავი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იყო 1994 წელს, პარიზში. ეს იყო სხვა სამყარო მაშინდელი საქართველოს და ახლად დასრულებული საბჭოთა ბავშვობის შემდეგ. პარიზში მივლინებით ვიყავი და დასავლეთ ევროპაში პირველად მოხვედრილმა თავი პირდაპირ ელისეს სასახლეში, იუნესკოსა და საფრანგეთის პარლამენტში ამოვყავი.
საინტერესო მოგზაურობა იყო პორტუგალიაშიც, როდესაც პირველად დავიქირავე მანქანა და ოჯახთან ერთად დამოუკიდებლად მოვიარეთ თითქმის ნახევარი პორტუგალია. ევროპის პირობაზე, საკმაოდ იაფი ქვეყანაა, ძალიან კარგი ტურისტული ინფრასტრუქტურით, კეთილგანწყობილი ადამიანებით.
სორენტოში თავი ფილმში გგონია. სასტუმროს ტერიტორიაზე იტალიური ქორწილის შორიდან ცქერით ტკბები, რომლის დასაწყისსა და დასასრულს მუსიკოსები თუ ნასვამი სტუმრები აუცილებლად ასრულებენ სიმღერით - Turna a Sorrento. ტურისტებით გადაძეძგილ ქუჩებში ქალაქის წმინდანის, ანას დღესასწაულს მსვლელობით აღნიშნავენ, რაც საოცარი სანახაობაა. ამ მსვლელობის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, შემიძლია, გირჩიოთ ძველი იტალიური ფილმი Operazione San Gennaro (1966). იტალიაში თავს ამ ფილმის გმირად წარმოიდგენთ.
ყველაზე საშიში ქვეყანა, სადაც ყოფილხართ...
- რუსეთი. იქ ბოლოს 2005 წელს ვიყავი. მას შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მყავს ახლო ნათესავები, მე იქ პრინციპულად აღარ დავდივარ.
რომელია ყველაზე იაფი ან ძვირი ქვეყანა? რას ურჩევთ ახალბედა მოგზაურებს?
- არასდროს ვყიდულობ ტურებს და არ ვიყენებ ტურისტული კომპანიების სერვისს. ერთადერთი ვარიანტი, როდესაც ტურისტულში ნაყიდი ტური ნაკლები ფასი ღირს, ვიდრე შენთვის დამოუკიდებლად დაჯავშნული, თურქეთის ზღვისპირა კურორტებია.
ზოგადად, იტალია, საფრანგეთი და შვეიცარია ძალიან ძვირია. პოლონეთი, ესპანეთი, გერმანიის ჩრდილოეთის მიწები, პორტუგალია - უფრო იაფი.
Aribnb-ის გაჩენასთან ერთად დამოუკიდებლად მოგზაურობა, განსაკუთრებით, ევროპაში, აღარ არის ძვირი და რთული, თუ ტურს რამდენიმე თვით ადრე დაგეგმავთ, შეიძენთ ბილეთებსაც და სასტუმროს დაჯავშნით.
თუ მასობრივი კულტურული დასვენება არ გხიბლავთ, ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ უამრავი საინტერესო მასალა იმ ადგილის თუ მუზეუმის შესახებ, სადაც აპირებთ წასვლას, უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ იმაზე, რაც არ გაინტერესებთ.
რომელი ქვეყნის კულტურამ მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
- იაპონია ყველასგან განსხვავებულია, ესაა კულტურა-კუნძული. გლობალიზაციის მიუხედავად, იქ გარე სამყაროს ღირებულებები მეორეხარისხოვანია. აღმოვაჩინე, რომ სულაც არ მიყვარს ასე ძალიან იაპონური სამზარეულო, რაც იქამდე მხოლოდ სუში და როლები მეგონა, სინამდვილეში ის სულ სხვანაირია.
ჩასვლის დღეს პირველი გაოცება იყო მეტრო, სადაც სამი ხაზის გამოცვლა მომიწია სასტუმრომდე მისაღწევად. ინგლისურენოვანი წარწერები იაპონურ იეროგლიფებზე დაახლოებით 80%-ით უფრო პატარაა და თავიდან ვერც ხედავ, დგახარ ასე გაფართოებული თვალებით. კიდევ უფრო გაოცებული რჩები ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ღამის კლერკის ნაკლებად გასაგები ინგლისურით და ნომრის აბაზანის უნიტაზით, რომელსაც ერთი-ორი წუთი უბრალოდ ვუყურებდი, იმდენი ღილაკი, მოციმციმე ნათურა და წარწერა ჰქონდა, ლამის დაველაპარაკე. იაპონელები უაღრესად კანონმორჩილი და მოწესრიგებული ხალხია, რომელთათვისაც კანონის პატივისცემა ეროვნული ღირებულებაა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ჩვენთვის განსაკუთრებით უჩვეულოა ფილიპინების კულტურა - ქვეყანა, რომელიც XIV საუკუნიდან სხვადასხვა კოლონიზატორის გავლენის ქვეშ ვითარდებოდა, დღესდღეობით ადგილობრივი ეთნოსის, ესპანური, მექსიკური, სამხრეთაზიული და ამერიკული კულტურის ნაზავია. დასასვენებლად, ალბათ, უფრო ზამთრის თვეებშია მიმზიდველი, რადგან ივნისის დასაწყისში ტემპერატურა უკვე +37 გრადუსია.