ნორვეგიაში არის ერთი ადგილი, რომელსაც „კლდის ნატეხს“, ტროლტუნგას ეძახიან.
ის მიწიდან 700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და თვალწინ ულამაზეს ხედს უშლის დამთვალიერებელს.
ეს ადგილი უყვართ ჰოლივუდური ფილმების რეჟისორებსაც და ხშირად იღებენ რომანტიკულ სცენებს.
არც ერთი სცენა არ ყოფილა ისეთი რეალური, როგორც რამდენიმე კვირის წინ. ამბავს ქართველი ტურისტი სოსო ნებიერიძე შეესწრო. მან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ხელის თხოვნის ისტორია marao.ge-ს უამბო:
„ფოტოს გადასაღებად ტროლტუნგაზე ძალიან დიდი რიგებია. რიგში ვიდექი და ეს წყვილი გავიდა გადასაღებად. სხვადასხსვა პოზაში იღებდნენ და ბიჭი უცებ დაიჩოქა ხელის სათხოვნელად. ამას მოჰყვა ტაში და შეძახილები, მაგარი იყო“, - იხსენებს სოსო.
ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე უჩვეულო ადგილები ქორწილისათვის
ქორწინების სახლი, მენდელსონის მარში, ლიმუზინი, მყუდრო რესტორანი... უმეტესობა ქორწილებისა, სწორედ ამ სცენარით იმართება. რასაკვირველია, ქორწილის გამართვის ეს ტრადიციული ფორმაც შეიძლება იყოს დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი, რომელიც არის კლასიკა და ალბათ, არასოდეს გადავა მოდიდან.
მაგრამ ხანდახან უბრალოდ გინდება, შეიტანო კრეატივი და გაამრავალფეროვნო ქორწილი, რომ ის არ ჰგავდეს სხვა ქორწილებს. გინდება, უარი თქვა ტრადიციულ ბანკეტზე - თამადითა და თავაწყვეტილი ღრეობით.
ბოლო პერიოდში სულ უფრო გახშირდა ქორწინების უჩვეულო, განსხვავებულ და ექსტრემალურ პირობებში გადაწყვეტა. უფრო და უფრო მეტი წყვილი ირჩევს ქორწილის არატრადიციულ ფორმას.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ არაორდინარულ ადგილს, რომლებიც ქორწილების გასამართად გამოიყენება:
1. ქორწილი ყინულოვან ეკლესიაში
ზამთარი, ყინვა, ცივი ჰაერი, ზრახვების გამჭვირვალობა და შევარდისფერებული ღაწვები... თუ თქვენ ასეთი ატმოსფერო მოგწონთ, მაშინ უნდა გაემგზავროთ შვედეთის ერთ-ერთ ქალაქში - იუკასიარვში, რომელშიც სულ რაღაც ხუთასიოდე მცხოვრებია.
აქ ყველაფერი გათვალისწინებულია ქორწინებისთვის. ყინულის ეკლესიის მახლობლად არის ყინულის სასტუმრო - Ice Hotel -ი, რომელიც ახალდაქორწინებულ წყვილს ყინულის აპარტამენტებს სთავაზობს.
ასეთ ტაძარში დაქორწინება მხოლოდ ზამთრის სეზონზეა შესაძლებელი, რადგან ეკლესია ყოველ ჯერზე თავიდან შენდება.
2. ქორწილი დელფინების თანხლებით
ასეთი ქორწილის გამართვას ბაჰამის კუნძულებზე შეძლებთ. თქვენ არ მოგიწევთ მეჯვარეებზე ზრუნვა, რადგან მათ როლს ეგზოტიკური ძუძუმწოვრები - დელფინები შეასრულებენ. ისინი აწვდიან საქორწინო ბეჭდებს ნეფე-პატარძალს, ცერემონიის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში. ეს მართლაც სამოთხეა.
- ზურმუხტისფერი წყალი, თეთრი ქვიშა, მზე, რომანტიკული მზის ჩასვლა და განთიადი, განმარტოება...
3. ქორწილი საჰაერო ბურთზე
რა შეიძლება იყოს უფრო რომანტიკული - გახდე ცოლი ან ქმარი ფრინველის ფრენის სიმაღლის დონეზე... ზედ ღრუბლების ქვეშ. ეს ენითაუწერელი გრძნობაა - იფრინო ლურჯ უკიდეგანო სივრცეში შენს საყვარელ ადამიანთან ერთად.
რა თქმა უნდა, ასეთ ცერემონიალზე ბევრ სტუმარს ვერ წაიყვან. მაგრამ, სამაგიეროდ, დაშვებისას დაგხვდებიან ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები შამპანურითა და ურიცხვი სურვილებით.
4. ქორწილი „ამერიკულ მთებზე“
თუ თქვენ ნატურით მამაცი და უშიშარი ხართ, ეს ადგილი თქვენზეა ზედგამოჭრილი! ქორწილის რეგისტრაცია 65 მეტრ სიმაღლეზე ხდება, იმ მომენტში, როდესაც გული გამალებით გიცემს და გეკუმშება. ასეთ ექსტრემალურ ადგილზე, ორჭოფობის დრო ნამდვილად არ გექნებათ. ყველაფერთან ერთად, თავბრუდამხვევი ჩასვლა-ასვლების დროს, უნდა მოახერხოთ ბეჭდების გაცვლა და ურთიერთობის გამყარება. აჩქარებული პულსი კი ცხოვრების რიტმის გემოს გაგრძნობინებთ.