უკანასკნელი 30 ოჯახი სოფელ გორელოვკაში - როგორ ცხოვრობენ დუხაბორები საქართველოში?

უკანასკნელი 30 ოჯახი სოფელ გორელოვკაში - როგორ ცხოვრობენ დუხაბორები საქართველოში?
ჩამონგრეული კედლები, ჩამოშლილი ღობეები, გახუნებული ფასადი, ასფალტის გარეშე დარჩენილი გზები და ასფალტის ფუნქციის შემსრულებლად დანიშნული ქვა-ღორღი - მიდამოს დაკვირვებით, უფრო სწორად, დაჟინებით მოვავლე თვალი და უსახურ საფარქვეშ კარგად დამალული იმ სილამაზის ძებნა დავიწყე, რომელსაც ჩემს წარმოსახვაში ასე სათუთად ვინახავდი. გარეთ მწველი მზეა, მაგრამ სადმე ახლოს ხესაც ვერ ვხედავ, მის ჩრდილს თავი რომ შევაფარო.



მარჯვნივ შინდისფერი სურსათის მაღაზიაა, მარცხნივ - ცისფრად შეღებელი ჭიშკარი. კარი სტუმრებისთვის გაუღიათ. შიგნით შესულს პირველი, რაც თვალში მხვდება, ასევე ცისფრად შეღებილი ოდნავ
გადახრილი ღობეა, რომელიც ეზოს უკიდურეს მარცხენა მხარეს აკრავს და ამავე ეზოში ამოსული სხვადასხვა სახეობის ბევრი ფერადი მცენარეა. ოაზისი გორელოვკაში - ხმამაღლა გავიფიქრე და წარმოვიდგინე, როგორ გამოიქცა უნუგეშო სიცხით შეწუხებული ყველა მცენარე და თავი ამ წალკოტს შეაფარა.



ერთსართულიანი ფერადი სახლი ჭიშკრიდანვე ჩანს. დუხაბორებს ისიც ცისფრად შეუღებავთ. სახლს კოხტა რაფები და კარგად დაპრიალებული ფანჯრები აქვს, რომლებისთვისაც გარედან მხიარული ყვავილებიანი დარაბები გაუკეთებიათ. ხის სახლს სახურავზე მიწა აყრია, რომელზეც უკვე ბალახიც კი ამოსულა. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს ხის სახლი დარაბებითა და მიწით სახურავზე, საქართველოს სამხრეთით, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, უფრო კონკრეტულად კი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ გორელოვკაში შემთხვევით მოხვდა, ალბათ, ისევე, როგორც ამ სახლის მეპატრონე დუხაბორები.


ამ ეთნოკონფესიურმა რუსულმა ჯგუფმა, რომლებიც საკუთარ თავს დუხაბორებს უწოდებენ, რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ I-ის მმართველობის დროს ხელისუფლების მხარდაჭერა კვლავ დაკარგა. ხელისუფლებამ სულ მალე გადაწყვიტა, რომ დუხაბორები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც კი უარყოფდნენ, არასასურველი მეზობლები იყვნენ. 1841 წელს დუხაბორების საქართველოსა და აზერბაიჯანში გამოსახლება დაიწყო. 1841-45 წლების პერიოდში ჯამში 5000 ათასი დუხაბორი გადაასახლეს.

წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93