"დაკარგული სამოთხე" - ქართველი ურბანული მკვლევარის საოცარი მოგზაურობა წყალტუბოში (+ ფოტო)

 "დაკარგული სამოთხე" - ქართველი ურბანული მკვლევარის საოცარი მოგზაურობა წყალტუბოში (+ ფოტო)
ფოტოაპარატით ხელში, ზურგჩანთაში: კონსერვებით, რეზინის ხელთათმანებით, ორი ფარნით, სათადარიგო ელემენტებით, მზა პროდუქტებითა და აუცილებელი პირადი ნივთებით მომარაგებულ მოგზაურებზე გსმენიათ რამე?
წყალტუბო
იცოდით, რომ მათ ურბანული მკვლევარები ჰქვიათ? მიტოვებულ, საშიშ ადგილებში დაეხეტებიან, რათა თქვენამდე მოიტანონ მათი ისტორია? დღეს ჩვენი რესპონდენტი ერთ-ერთი მათგანია, ალექსი GEOSTALK-ი. ის მოგზაურობს საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ნამყოფია ჩერნობილში, ცოტა ხნის წინ იყო უკრაინასა და ბელორუსში. ალექსმა წყალტუბოში მოგზაურობის შემდეგ იქაურობას მიტოვებული სამოთხე უწოდა...


ურბანული მკვლევარების საქმიანობაზე მომიყევით...

- პირველ რიგში, ეს არის ერთგვარი გართობა,
ჰობი. დავდივართ და ვიღებთ მიტოვებულ შენობებს, ქარხნებს, ქალაქებს და ასე შემდეგ. გვაქვს მკაცრად გაწერილი უსაფრთხოების წესები, ვიღებთ სურათებს და ვიდეოებს, სოცქსელის მეშვეობით საზოგადოებას ვაცნობთ უცნობ და დავიწყებულ ადგილებს.



კონკრეტულად რატომ არის ურბანული მკვლევარების საქმიანობა მნიშვნელოვანი? რა არის თქვენი მიზანი?

- ჩვენ ვცდილობთ, ყველას ვაჩვენოთ ის მაგარი და საინტერესო ადგილები, რომლებიც არ იციან; ვცდილობთ, ვაჩვენოთ ხალხს, რომ საქართველოში, გარდა ტიპური ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა, უამრავი რამაა სანახავი. ადრე არ ვიღებდი სურათებს, მაგრამ ფოტოგრაფია, ასე ვთქვათ, ურბანული კვლევების გვერდითი მოვლენაა.



გაგვაცანით უსაფრთხოების წესები...

- უსაფრთხოების წესები შემდეგია: არასდროს არ უნდა იარო მარტო; უნდა გქონდეს ორი ფარანი, სათადარიგო ელემენტებით; უნდა გეცვას სქელძირიანი ფეხსაცმელი და აუცილებლად უნდა იცოდეს ვინმემ, სად მიდიხარ და რამდენი ხნით. ასევე, მსგავს ადგილებში, ცხადია, უნდა იყო ფხიზლად და ყურადღებით. დაუშვებელია გაყვანილობებზე ხელის მოკიდება, ხელთათმანის გარეშე ხელში რაიმე ნივთის დაჭერა.

არსებობს გუნდი, რომელთან ერთადაც დადიხართ თუ სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამგზავრი გყავთ?

- გარკვეული გუნდი ვართ, თუმცა მცირე ცვლილებები ყოველთვის გვაქვს, ვიღაც მიდის, ვიღაც მოდის. ვეცნობით და ვპოულობთ ერთმანეთს, ხშირად ინტერნეტში, ფორუმებზე ან რამე თემატურ შეკრებებზე. ამჟამად სამნი ვართ.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ წყალტუბოში წასვლა?


- მოგეხსენებათ, მიტოვებულ ადგილებში სიარული ბავშვობიდან მომწონდა. წყალტუბო უზარმაზარი ტერიტორიაა, სადაც უამრავი, ძალიან ლამაზი მიტოვებული შენობაა. როგორც ფოტოგრაფს, ძალიან მინდოდა ამ ყველაფრის გადაღება. გადავიღე სანატორიუმები, ძველი აბაზანები, მიტოვებული ფოტოატელიე, ფოსტა... არქიტექტურულად ძალიან უჩვეულო შენობებია, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეპოქიდან. თითოეული შენობა განსხვავებულია, არ არსებობს ასლი... არქიტექტორები ძირითადად ქართველები იყვნენ. ისტორიულად, წყალტუბო იყო ბალნეოლოგიური კურორტი, სადაც უამრავი დაავადება ინკურნებოდა. საბჭოთა პერიოდში ეგ იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირად ღირებული კურორტი. 90-იანებში, აფხაზეთის ომის შემდეგ ჩასახლდნენ დევნილები და დღემდე სანატორიუმებში ცხოვრობენ. ვეცადე, ყველაფერი რაც შეიძლებოდა ლამაზად და მისტიკურად გადამეღო... წყალტუბოში ჩემი მოგზაურობა ორი-სამი დღე გაგრძელდა. სულ სამჯერ ვიყავი. წყალტუბოს დაკარგული სამოთხე დავარქვი...


წყალტუბოში მიტოვებული შენობების დათვალიერების დროს ხომ არავინ გინახავთ?


- მხოლოდ სანატორიუმებში, დევნილები ცხოვრობდნენ შენობების ნაწილში. მომიყვნენ იმ სანატორიუმზე, რომლებშიც შესახლებულები იყნენ. გაიხსენეს ის დრო, როცა შესახლდნენ; მომიყვნენ თავიანთი ოჯახის ისტორიები.
სანატორიუმი "აია" ყველაზე ბოლოს აშენდა. იქ შესასვლელშივე დაგვხვდა ერთი ქალბატონი, რომლის სახელიც არ მახსოვს... მოგვიყვა, რომ მშენებლობა დამთავრებულიც არ იყო, როცა შესახლდნენ სანატორიუმში. მათი შესახლებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დამთავრებულა მშენებლობა. აგვიღწერა, როგორ გამოიყურებოდა შენობა, გვიამბო ლამაზ ხალიჩებზე, მოპირკეთებული იატაკებზე... თუმცა, 90-იან წლებში ყველაფერი, რაც ლამაზ ინტერიერს ქმნიდა, ჯართში ჩაუბრებიათ, ლიფტების კონსტრუქციები დაუზიანებიათ და კაბინებიც ჯართში ჩაუბარებიათ...
დღესდღეობით ეს შენობები ავარიულ მდგომარეობაშია...


შეგიძლიათ ამიღწეროთ, რა შეგრძნებები გეუფლებათ, როცა პოულობთ "ახალ" მიტოვებულ ადგილებს? როგორი გრძნობაა?


- პატარა ბავშვივით მიხარია და მინდა, რაც შეიძლება მალე დავათვალიერო... ყოველთვის ვცდილობ, წარმოვიდგინო, როგორი იყო ეს მიტოვებული ობიექტი წარსულში.


ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა ხომ არ შეგიძლიათ გაიხსენოთ?

- წლევანდელი მოგზაურობა უკრაინასა და ბელორუსში 1 თვე გაგრძელდა.

ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა დათქმულ დროს არ/ვერ დაბრუნებულხართ? და ამ შემთხვევაში, რა უნდა მოიმოქმედოს პირმა, ვინც იცის, რომ უნდა დაბრუნებულიყავით?

- ამ შემთხვევაში უნდა გამოიძახონ დახმარება ან მოვიდნენ იმ ადგილზე... თუმცა, მსგავსი სიტუაცია ჯერ არ ყოფილა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93