დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც პირველად ვეწვიე ჩერნობილის ზონას. სიმართლე გითხრათ, მთელი წელი სულითა და გულით მინდოდა იქ დაბრუნება. როგორც ხდება ხოლმე, გესიზმრება და გარშემო ყველაფერი იქაურობას გახსენებს.
დადგა ჟამი. ჩავფრინდი კიევში. აეროპორტიდან დაწყებული, ყველაფერი ნაცნობი და მყუდრო იყო. კიევში კვლავ ჩემს მეგობართან, ვიტალი სუსანინთან დავბინავდი. ასევე ვიმოგზაურე ბელორუსში, სადაც შევხვდი სტალკერული ქომიუნითის წევრებს და რამდენიმე საინტერესო ადგილი დავათვალიერე, ერთ-ერთი მათგანი იყო ბირთვული რაკეტების საცავი „გომელ 30“.
ობიექტი "გომელ - 30"
მდებარეობს ჩერნობილის ზონის მახლობლად, ოღონდ ბელორუსის მხრიდან. იმ ობიექტზე ლაშქრობა იყო დაახლოებით იმავე სირთულის, რაც ჩერნობილში წასვლა. 1 დღე-ღამეში მომიწია მინსკიდან ნახევარი ქვეყნის გავლა ავტოსტოპით, შემდეგ 26 კილომეტრის ღამით ტყეში ფანრების გარეშე გავლა, დაცულ ტერიტორიაზე შესვლა, სასურველი ობიექტის პოვნა, 16 კილომეტრი იქიდან დასახლებული პუნქტის გავლით გომელის გზაზე მდგარ გაჩერებაზე სიარული, გაჩერებაზე ძილი და დილით ქალაქ გომელში დაბრუნება. ეს ყველაფერი ხდებოდა მინიმალური აღჭურვილობით, საკვების ნაკლებობით, ცივ და ნესტიან კლიმატში ღამით საზაფხულო ჩაცმულობით, გაჩერებაზე ძილით. მოკლედ, ჩემი ორგანიზმის და სულის ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და დავბრუნდი კიევში.
ჩვენი ჯგუფის სრული შემადგენლობა
წელს ჯგუფის დაკომპლექტება ვცადე ჩემით. თბილისიდან ამ ლაშქრობაში წამომყვა ჩემი მეგობარი არჩილი. მასთან ერთად ნავთლუღში ვიყიდე სპეციალური წინდები და ქვედა საცვალი. სხვათა შორის, კარგად გამომადგა და არ ვინანე, რომ ვიყიდე. მოგვიანებით კიევში ჩამოვიდა ჩემი ორი სარატოველი მეგობარი, დიმა და ეგორი. მათგან ერთი უკვე იყო ნამყოფი ჩერნობილში, ხოლო მეორე პირველად მოდიოდა. ერთ-ერთისთვის დამჭირდა ჩემი კიეველი მეგობრის, სერგეის დახმარება, რათა მას გაეკეთებინა მოწვევა. თავდაპირველად სწორედ ის უნდა ყოფილიყო ჩვენი გამყოლი ჩერნობილში, თუმცა ბოლოს უარი გვითხრა, ვინაიდან თანხის სანაცვლოდ სხვა ჯგუფი წაიყვანა. უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე, ცოტა შეშინებულები იყვნენ, თუმცა მათ იქ ყოფნისას პრობლემები არ ჰქონიათ.
ბელორუსში ყოფნის დროს, ჩემი მეგობარი კირილი, რომელიც წინა წელს პრიპიატში გავიცანი, აპირებდა ჩვენთან ერთად წამოსვლას და რადგან გამოცდილი სტალკერი იყო, ვთხოვე, გამყოლი ყოფილიყო. კირილი დათანხმდა, თუმცა ბოლო დღეს გაირკვა, რომ მას საბუთებში პრობლემები ჰქონდა და უკრაინაში არ შეუშვეს. ეს ინფორმაცია ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ვინაიდან გამგზავრებამდე 24 საათი რჩებოდა. ისე მოხდა, რომ წინა დღეს ჩვენი გუნდით სტუმრად წავედით ერთ-ერთ სტალკერთან, სახელად მაქსი, რომელიც იმავე დღეს აპირებდა თავის გუნდთან ჩერნობილში წასვლას. როდესაც მოვუყევი ეს ამბავი, მითხრა, რომ სიამოვნებით დამეხმარებოდა და შემომთავაზა, ერთობლივად წავსულიყავით, რაზეც მე დავთანხმდი და დიდი მადლობელი ვარ დღემდე ამის გამო. იმ დღეს ჩვენ გვიანობამდე ვსვამდით. სუფრა იყო მართლაც სამეფო. იყო უკრაინული კერძები და სასმელი. სუფრას შევუმატე ქართული ღვინო და ჩურჩხელები, რომლებიც თბილისიდან ჩავიტანე. გათენდა დილა. ნაბახუსევებს მოგვიწია კიევში დაბრუნება. იქ შევხვდით ეგორს, რომელიც 3 საათი გველოდა გაჩერებაზე. ლაშქრობამდე რჩებოდა 12 საათი და სახლში დაბრუნებისთანავე ჩამოვწერეთ საყიდლების სია. სულ ვიყავით ორი 4-კაციანი ჯგუფი. წინა წელთან შედარებით, წელს ბევრად მომზადებული ვიყავი. წინა ლაშქრობიდან დამრჩა მხოლოდ ჩანთა, დანარჩენი ყველაფერი ახალი ჩავიტანე თბილისიდან. ესენი იყო: ახალი სამხედრო ფორმა და ფეხსაცმელი, ფლოსტები და ახალი ფოტოაპარატი Nikon D7200 ფართოკუთხედი ლინზით Sigma 8-16 mm. თბილი ტანსაცმელი მე თითქმის არ წამიღია, რადგან სექტემბერში უკრაინაში ჯერ კიდევ ცხელა. წელს ისევ ჩემი საყვარელი რადიომეტრი Припять РКС 20.03 მიკვლევდა გზის სისუფთავეს. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს იგი 150-მეტრიანი რადიოლოკაციური ანძიდან, „დუგადან" ჩამოვარდა და ნახევარი წელი მის შეკეთებას მოვუნდი, იდეალურად მუშაობდა.
ლაშქრობამდე სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო გვრჩებოდა. პირველი, რაც უნდა მეყიდა, იყო წყლის ფილტრი „აკვაფორი“, რომელიც 200 გრივნა (16 ლარი) ღირდა. იქვე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში ვიყიდე პატარა ზურგჩანთა, რომელშიც სამომავლოდ ძვირად ღირებული ნივთები უნდა გადმომელაგებინა, რადგან არსებული თბილისში დამრჩა. ასევე დამრჩა ე.წ. ბახილები, რომლებითაც დატბორილ სარდაფში უნდა მევლო. ბაზრობის მერე ჩვენ წავედით ქალაქის მეორე მხარეს, რათა გვეყიდა სამხედრო ,,პარალონები“ და მე უნდა მეყიდა ახალი მზის სათვალე. მივადექით ისევ pancer.com.ua-ს. ძალიან მაგარი მილიტარისტული მაღაზიაა, უკვე მეორედ ვყიდულობ მანდ სამხედრო აღჭურვილობას და ფასდაკლების ბარათიც მაქვს. გამყიდველმა მიცნო და ოპერატიულად მოგვემსახურა.
ლაშქრობამდე რჩებოდა 6 საათი. დაღლილები მივადექით საოჯახო სამზარეულოს ქსელ „პუზატა ხატას“. იქ 9 ლარში მოგვივიდა ბორშის დიდი პორცია, კიევური კატლეტი, პიურე და კომპოტი. შემდეგ ნაყიდი ნივთები სახლში დავალაგეთ და წავედით სუპერმარკეტში. იქ უნდა გვეყიდა საჭმელი, სასმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები და მედიკამენტები. პირველად ცხოვრებაში, მომიწია 4-კაციან ჯგუფზე ათდღიანი ლაშქრობისთვის გამეთვალა საკვების რაოდენობა და წინა წლის გამოცდილებიდან, ვაყიდინე ყველას ორ-ორი ქილა "ტუშონკა", ბრინჯი, წიწიბურა, "სგუშონკა" და სხვა. საბოლოო ჯამში, იმაზე მეტი ვიყიდეთ, ვიდრე ვჭამეთ, თუმცა ამაზე მოგვიანებით. სასმლიდან ყველამ ვიყიდეთ თითო ბოთლი ალკოჰოლი, ვისაც რა მოსწონდა. მე მახსოვს, ვიყიდე ლიტრიანი ფინლანდია ხილის გემოთი და საქართველოდან ერთი ბოთლი ქინძმარაულიც მომქონდა. სახლში დაბრუნებულებმა ვიბანავეთ და ჩანთების ჩალაგება დავიწყეთ.
ლაშქრობამდე რჩებოდა 3 საათზე ნაკლები. საქმე იმაშია, რომ მაქსმა, ვისაც მეორე ჯგუფი მოჰყავდა, გამოგვიძახა “სტალკერ ტაქსი”, ოღონდ წელს პირდაპირ სახლიდან, ჩერნობილის საზღვრამდე. ჩვენ უნდა გავსულიყავით ღამის 12 საათზე, ხოლო მეორე ჯგუფი დილის 6 საათზე უნდა შესულიყო ჩერნობილის ზონაში. ბოლო ორი საათი იყო ყველაზე დამღლელი და ნერვული. მიწევდა თითოეული ჯგუფის წევრისათვის დახმარების გაწევა ჩანთის ჩალაგებაში. ჩემი ჩანთის ჩალაგება კი ბოლო მომენტში დავიწყე. მასში უნდა დატეულიყო ტანსაცმელი, საკვები, ფოტო-ვიდეოაღჭურვილობა თავისი ფაუვერ-ბანკებით, სასმელი, მედიკამენტები, ფლოსტები, 4 ლიტრი წყალი და სხვა სალაშქრო აღჭურვილობა. არჩილს არ წამოუღია წითელი ფანარი და კატელოკი. ეგორს და დიმას პატარა ჩანთები ჰქონდათ და გარკვეული ნივთების გადალაგება ჩემი და არჩილის ჩანთაში მომიწია.
ზონის საზღვარი
დადგა 3 სექტემბრის 12 საათი. მოვიდა მძღოლი. ჩვენ 15 წუთის დაგვიანებით ჩავსხედით მანქანაში, მივაწოდეთ თანხა 1300 გრივნა (130 ლარი) და დავიძარით. გზაში სულ მარშრუტზე ვფიქრობდი. მეშინოდა, რადგან პირველ ლოკაციამდე სწორედ მე უნდა მიმეყვანა ჯგუფის ნახევარი. დაახლოებით 2 საათში მივედით ჩერნობილის საზღვართან. მანქანიდან გადმოვედით, მოვირგეთ ჩანთები და წავედით. გზა გადიოდა ბოლო და ნახევრად მიტოვებული სოფლის გავლით. მანდ ჩვენ უნდა გაგვევლო ფანრების გარეშე, რათა არ მიგვექცია ყურადღება. სიარულისას რამდენიმე ძაღლმა ყეფა დაიწყო. გული ყველას აგვიჩქარდა.
ღამის ბილიკი
საქმე იმაშია, რომ ამ სოფელში ცხოვრობს ორი პოლიციელი, ვინც ზონის საზღვარს პერიოდულად ამოწმებს. გზაზე სულ ოთხი შუქანთებული სახლი დაგვხვდა. მათთან გავლის დროს სუნთქვასაც ვაჩერებდით. სოფელი დასრულდა და გზა ხან ტყეში, ხან ბარში გადიოდა. პერიოდულად ვიხედებოდი რუკაში და წინა წლის ლაშქრობიდან ვიხსენებდი გზას მდინარემდე „უჟ“. არჩილი საკმაოდ ნელა მოძრაობდა. ვფიქრობდი, რომ არასაკმარისი სინათლის ბრალი იყო.
მდინარე "უჟ"-ის გადასვლის პროცესი
როგორც იქნა, მივადექით მდინარეს და მე, როგორც გამოცდილმა ადამიანმა, ვინც ამ მარშრუტზე მეორედ იყო, გავიხადე ტანსაცმელი და დავიწყე მდინარეში ბოდიალი, რათა მეპოვა ყველაზე დაბალი წყლის დონე. თავიდან ფეხებამდე ჩავვარდი წყალში. შემდგომ დინებამ საკმაოდ შორს წამიღო და მე ვთხოვე ბიჭებს, ფანარი აენთოთ, რათა მე შემძლებოდა გამერკვია, რამდენად აცდენილი ვიყავი მათ ადგილმდებარეობას. დაახლოებით ნახევარი საათი დამჭირდა, სანამ ვიპოვიდი ადგილს, სადაც წყალი მკერდამდე იქნებოდა მდინარის მთელ სიგანეზე. მე დავეხმარე ჯგუფს ნივთების გადატანაში. ამასობაში საშინლად შემცივდა. უკვე დილის 4 საათი იყო და საკმაოდ ციოდა. ბიჭებს ვთხოვე, გადასვლისთანავე აენთოთ ფანარი და მეც ავანთე, რათა მათ შეძლებოდათ ჩემი ბილიკის გაკონტროლება. ავიღე ჩემი ჩანთა და გადმოვედი მდინარის მეორე მხარეს. წყალში ჩავარდნა ნიშნავდა ლაშქრობის დასასრულს, რადგან მთელი აღჭურვილობა, ტექნიკა და საკვები, ფაქტობრივად, გადასაგდები იქნებოდა. გავიმშრალე ტანი, ჩავიცვი, დავლიე ცოტა არაყი გასათბობად და გავაგრძელე სვლა.
ნახევრად დანგრეული ხიდი
წინ ჩვენ 2 ნახევრად ჩანგრეული ხიდი გველოდებოდა, მაგრამ წყალში ჩასვლა აღარ იყო საჭირო. არჩილი სულ უფრო და უფრო ნელა მოდიოდა. მას საკმაოდ მძიმე ჩანთა ჰქონდა. ამიტომ მისი ჩანთიდან ამოვიღე ორი 2-ლიტრიანი წყლით სავსე ბოთლი და დავდე ისინი ბალახში, თუმცა ჩანთის წონაზე ამან დიდად არ იმოქმედა. ძლიერი სინესტის გამო არჩილს სათვალეც ეორთქლებოდა. ამასობაში თენდებოდა და პირველ ლოკაციამდე მისვლის დროც სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩებოდა. მოკლედ, დიდი წვალების მერე, დილის 8 საათზე ჩვენ მივაგენით მიტოვებულ ბოსელს, შევედით შიგნით და დავალაგეთ ჩანთები.
ასე გამოიყურება ჩერნობილის ზონის მიწები მზის ამოსვლამდე
ამოვიღე რადიომეტრი და დავიწყე რადიაციის დონის შემოწმება. ფონი 200-დან 500 მიკრო რენტგენამდე საათში მერყეობდა. ჩვენ დაუყოვნებლივ შევიცვალეთ ლოკაცია და ერთ-ერთ გვერდით მყოფ ბოსელში დავბინავდით. მანდ ფონი ნორმების ფარგლებში იყო. გამიკვირდა, ვინაიდან წინა ლაშქრობის დროს, ეს ტერიტორია მთლიანად სუფთა იყო რადიაციისგან. ოთახში მოვთავსდით, ცოტა დავლიეთ და ვჭამეთ. მზიანი ამინდი იყო, ჭიკჭიკებდნენ ჩიტები და იდგა უმაგრესი ტყის სურნელი, იყო იდეალური სიჩუმე, არანაირი ზედმეტი ხმა არ აწუხებდა ჩემს ყურებს.
მიტოვებული კოლმეურნეობა და ჩვენი დასაძინებელი ადგილი
დავიწყეთ სურათების გადაღება, თუმცა მალევე დავბრუნდით, სველი ტანსაცმელი კედლებზე არსებულ ლურსმნებზე გასაშრობად ჩამოვკიდეთ, შემდეგ მეორე ჯგუფს დავუმესიჯე, რომ ადგილზე ვიყავით და დავიძინეთ. წელს ვიყიდე ვოდაფონის სიმ-ბარათი და კავშირთან დიდი პრობლემები არ მქონია. გაგრძელება + ფოტო