ნებისმიერ ქალაქს, ყველაზე მიყრუებულსაც კი, რაიმე ღირსშესანიშნაობა გააჩნია. და კიდევ-ნებისმიერ ქალაქში არის საათი, თავისი მოქალაქეების ისტორიის ამთვლელი.
თანამედროვე ადამიანი, ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო საათებს ვეღარც კი ამჩნევს, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ შევჩერდეთ და ყური მივუგდოთ-ქალაქის ქრონომეტრს ხომ უამრავი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია.
მოდით, დროში ერთად ვიმოგზაუროთ და, რა თქმა უნდა, პირველად ლონდონს ვეწვიოთ, სადაც 1859 წლის 31 მაისს მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული საათი-ბიგ-ბენი ალაპარაკდა.
დღემდე ზუსტად არავინ იცის, საიდან წარმოიშვა სახელი ”ბიგ-ბენი”. მის ზარს BBC ყოველ საათს გადმოსცემს.
ტურისტებს ბიგ-ბენის შენობაში არ უშვებენ, ბიგ-ბენის კოშკის სიმაღლე 96 მეტრია, ზემოთ ასვლა კი შესაძლებელია მხოლოდ ვიწრო, ხრახნული კიბით. ასვლა გინდათ? მაშინ მოემზადეთ და დინჯად აიარეთ 334 საფეხური.
ახვალთ და აღმოჩნდებით პატარა ბაქანზე, სადაც მოთავსებულია ლეგენდებით გარემოცული ორმეტრიანი ზარი.
ერთნი ამბობენ, რომ ამ საათს სახელი ბიგ-ბენის მშენებლობის უფროსის, ბენჟამენ ჰოლის პატივსაცემად დაარქვეს. იგი ზორბა კაცი გახლდათ და მეტსახელად ბიგ-ბენი შეარქვეს.
სხვების აზრით, ზარის სახელი დედოფალ ვიქტორიას დროინდელი მოკრივე ბენჟამენ კაუნტთან არის დაკავშირებული. მოკლედ, ამ საათს ძალიან კარგი სახელი აქვს და ასე ვის ან რის გამო ”მონათლეს”, მნიშვნელობა არა აქვს.
”მე უფალი მმფარველობს და მისი ძალა არავის მისცემს გზიდან აცდენის საშუალებას”-ბიგ-ბენი თავისი შედარებით მომცრო ზარებით სწორედ ამ სიტყვებს გადმოსცემს. ყოველ მეორე დღეს საათის მექანიზმს ზეთავენ.
გარდა ამისა, შემოწმების დროს ითვალისწინებენ დღის ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას და ამინდის პირობებს. ნებისმიერი საათივით ბიგ-ბენიც ზოგჯერ ჩამორჩება დროს, დაახლოებით დღე-ღამეში 1,5-2 წამით.
ბიგ-ბენის ციფერბლატი ისეა მოწყობილი, რომ ყოველი მხრიდან ჩანს დრო, რომელსაც ბიგ-ბენი აჩვენებს. საათი დამზადებულია ბირმინგემული ოპალისგან, ისრები ჩამოსხმულია თუჯისგან, წუთების მაჩვენებელი ისრები კი სპილენძის ფირფიტებისგან.
გამოკვლევებით დადგინდა, რომ წელიწადში წუთის მაჩვენებელი ისრები 190 კილომეტრს ”ფარავს”.
ბიგ-ბენის ისტორია დაიწყო 1844 წელს, როდესაც არქიტექტორმა ჩარლზ ბერიმ, ვესტმინსტერის სასახლის აღმშენებელმა, პარლამენტს სთხოვა გამოეყოთ მისთვის თანხა, რათა წმ. სტეფანეს კოშკზე საათი დაედგა.
პარლამენტმა მისი თხოვნა შეასრულა იმ პირობით, რომ ახალი საათი, მსოფლიოში ყველაზე ზუსტი და დიდი იქნებოდა, ხოლო ამ საათის ზარის ხმა მთელ იმპერიას უნდა გაეგონა.
კრემლის კურანტები
მოსკოვის კრემლის მთავარი საათი-კრემლის კურანტები შექმნეს 1851 წელს. ქვეყნის მთავარი საათის სახელწოდების საფუძველია ფრანგული სიტყვა courant-მორბენალი. რუსეთში კურანტებს კარგა ხანი უწოდებდნენ მუსიკალურმექანიზმიან კოშკის ან ოთახის საათებს.
ოქტომბრის რევოლუციამდე კრემლის საათი ასრულებდა მელოდიას ”დიდებულია სიონში ჩვენი უფალი”. 1917 წლის 2 ნოემბერს, არტილერიის ცეცხლმა დააზიანა საათი და იგი მთელი წლით გაჩერდა.
შემდეგ უკვე ბოლშევიკებმა შეაკეთეს, მუსიკალური მექანიზმიც შეცვალეს და ახლა საათის კურანტები 12 საათზე უკვე ”ინტერნაციონალს” ასრულებდა, 1935 წელს კი მუსიკა საერთოდ მოაცილეს და მექანიზმი დაშალეს.
ასტრონომიული საათი ”ორლოი”
ეს საათი ჩეხეთში, პრაღაში 1410 წლიდან არსებობს. ჩეხურიდან ”Orloj” კოშკის საათს ნიშნავს. XV საუკუნის დასაწყისში, ქალაქის მთავარ მოედანზე გაცხოველებული ვაჭრობა იყო გამართული და ქალაქის მთავრობამ გადაწყვიტა საათი რატუშაზე მოეთავსებინა, რათა მოქალაქეებს წირვაზე არ დაეგვიანათ.
ეს საათი პრაღელებს არა მარტო დროს ახსენებდა, არამედ თავის სულზეც ჩააფიქრებდა. ყოველ საათს, სიკვდილის სიმბოლო ჩონჩხი ზარს ჩამოჰკრავს, ძუნწი მონეტებს აჟღარუნებს, ამპარტავანი სარკეში საკუთარი თავის ხილვით ტკბება და 12 მოციქული იწყებს სვლას. ლეგენდის თანახმად, როდესაც 1490 წელს საათი შეაკეთეს, შემკეთებელ ოსტატს ცალი თვალი ამოსთხარეს, რომ მსგავსი საათი აღარასოდეს შეექმნა.
ათასწლეულის საათი
ვარშავის ეს საათი, რომელიც კულტურისა და მეცნიერების სასახლეზეა აღმართული, გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკის საათი. იგი მოთავსებულია სასახლის 42-ე სართულზე, ანუ მისი სიმაღლე 165 მეტრია.
საათი ”მსოფლიო დრო”
ბერლინში, ალექსანდერპლატცზე აღმართული კონსტრუქციის სიმაღლე 10 მეტრია, ხოლო თავად საათის მბრუნავი ცილინდრის სიმაღლე 2 მეტრი და 70 სანტიმეტრი. საათი დაფარულია ალუმინის ფირფიტებით და მსოფლიოს დედაქალაქების დროს აჩვენებს.
საათის ქვეშ იატაკი მოზაიკითაა მოპირკეთებული და ქართა სქემას ასახავს. ცილინდრის ქვეშ კი აღმართულია რგოლებიანი ბურთები-პლანეტის ორბიტების სიმბოლო.
გრინვიჩის საათი
დიდ ბრიტანეთში, გრინვიჩში განთავსებული საათი მეტალისა და მინისგან არის დამზადებული. მას ასევე უწოდებენ მთავარ ელექტროსაათს, შეპერდის (მისი შემქმნელის, ჩარლზ შეპერდის პატივსაცემად) და სამეფო ობსერვატორიის საათს. გრინვიჩის ობსერვატორიის ალაყაფის კარზე განთავსებული ამ საათის მიხედვით იწყება მსოფლიოში დროის ათვლა.
გრინვიჩის საათი 1857 წელს დაამზადეს.
მოცეკვავე საათი
ავსტრიის დედაქალაქის უძველეს უბანში-Haher Markt-ის მოედანზე, სადაც ბინა დაიდო უნიკალურმა საათმა, ქვაფენილის ქვეშ არქეოლოგმა აღმოაჩინა ძველი რომის დროინდელი ბანაკის, ვინდბონის ნარჩენები.
”მოცეკვავე” საათი 1911 წელს შექმნა მხატვარმა ფრანც ფონ მატშმა. ავტორის ჩანაფიქრით, საათს უნდა აესახა ავსტრიის ისტორია და დროის სწრაფწარმავლობა. ამიტომაც მისი კონსტრუქცია ერთი მხრიდან უჭირავთ ადამისა და ევას ფიგურებს, მეორე მხრიდან კი ანგელოზსა და ეშმაკს.
ასეთივე სიმბოლურია საათის ორივე მხარეს აღმართული ფიგურები: მარცხნივ-სიცოცხლე, ბავშვი პეპლებით ხელში, ხოლო მარჯვნივ-სიკვდილი, რომელსაც ხელში ქვიშის საათი უკავია.
ზუსტად შუადღეს იწყება მუსიკალური ”პარადი”. ფიგურები მაყურებელთა თვალწინ ჩაივლიან და ყოველი მათგანის სვლას თან ახლავს სათანადო ისტორიული ეპოქის მელოდია.
მოქმედება 15 წუთი გრძელდება. ამ დროის მონაკვეთში მთელი ვენის ისტორიაა წარმოდგენილი. პირველი-”გამარჯვების ოდის” თანხლებით გამოჩნდება იმპერატორ მარკ ავრელიუსის, ვენის დამაარსებლის ფიგურა. მას მოსდევს იმპერატორი კარლოს დიდი და ჟღერს ”Hidibrandlied”-ამ იმპერატორმა შექმნა ავსტრიის სახელმწიფო.
იმპერატორს მოჰყვება ცოლ-ქმარი-ჰერცოგი ლეოპოლდო XI და თეოდორა ბიზანტიელი. ისმის ”ნიბელუნგების სიმღერა”. შემდეგ კი გამოჩნდება ვალტერ ფონ ფოგელვალი ”Kreuzfahrrerliend”-ის მელოდიის თანხლებით. ამ პერსონაჟს ცვლის მეფე რუდოლფ ჰაბსბურგელი და მისი მეუღლე, ანა ფონ ჰოუნბერგი.
სრულდება ერთი მინეზინგერის სიმღერა. შტეფანსდომის ტაძრის მშენებელ ჰანს პუჰ ბაუმის გამოსვლისას ისმოდა ხალხური მელოდია, ხოლო იმპერატორი მაქსიმილიან I სევდიანად უსმენს სევდიან მელოდიას-”ინსბრუკ, მე შენ გტოვებ”.
ასე გრძელდება, სანამ მსვლელობას არ დაამთავრებს მეთორმეტე პერსონაჟი, კომპოზიტორი იოზეფ ჰაიდნი, რომლის დროსაც ჟღერს მისივე მუსიკა ”Die Sehpfung”.
1921 წელს ვენაში გაიხსნა საათების მუზეუმი, სადაც მოთავსებულია სხვადასხვა ეპოქის საათები და საათის მექანიზმები. კოლექცია მუზეუმის სამ სართულზეა განთავსებული და მოიცავს 1000-ზე მეტ ექსპონატს, XIV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით.
ჟურნალი ”ბომონდი”
მოამზადა ნონა ღამბაშიძემ