12 მიზეზი, რატომ ირჩევს უფრო მეტი ტურისტი დასვენებისთვის საქართველოს - Marao

12 მიზეზი, რატომ ირჩევს უფრო მეტი ტურისტი დასვენებისთვის საქართველოს

2019-05-09 13:46:44+04:00

საქართველოში ჩამოსვლის უამრავი მიზეზი არსებობს: ზღვა, თბილი ამინდები, ლამაზი ხედები, ღირსშესანიშნაობები, იდეალური სამზარეულო და გულუხვი მასპინძლები. რა ელოდებათ ტურისტებს საქართველოში?..

1. თბილისი

მხოლოდ რამდენიმე დღე გჭირდებათ, რომ დატკბეთ არქიტექტურით, გემრიელი პორციებით, მყუდრო ბარებით. ზოგიერთი თბილისს ვიწრო ქუჩების გამო ბარსელონასაც კი ადარებს.

რით უნდა დაკავდეთ: გაისეირნეთ მტკვრის სანაპიროზე. მოინახულეთ მეტეხის ისტორიული რაიონი. ქალაქის ცენტრში ჩანჩქერს შეხვდებით. ნარიყალაზე გაისეირნეთ, აუცილებლად მოსანახულებელია ბოტანიკური ბაღი და გოგირდის აბანო.

2. ბათუმი

თანამედროვე, დინამიკური ქალაქი. დასვენება კულტურულ ცხოვრებასთან იდეალურადაა შერწყმული.

რით უნდა დაკავდეთ: გაისეირნეთ ფუნიკულიორზე, დაესწარით ქართული ცეკვების კონცერტს. შეგიძლიათ ექსკურსია მოიწყოთ გონიოში. აუცილებლად სანახავია ბოტანიკური ბაღი. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მცენარეებია თავმოყრილი.

3. სარფის პლაჟი

პატარა საკურორტო დასახლება კამკამა წყლითა და ულამაზესი მთებითაა განთქმული. სარფში შეგიძლიათ შემოდგომაზეც კი გაემგზავროთ.

რით უნდა დაკავდეთ: სარფი საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. უნიკალური ბუნება დაათვალიეროთ, გადმოხტეთ კლდიდან გამჭვირვალე ზღვაში, მოინახულოთ ჩანჩქერი ანდრია პირველწოდებულის ძეგლთან ერთად.

4. შეკვეთილი

ბათუმიდან 45 კმ-ში მდებარეობს. სანაპირო განთქმულია მაგნიტური ქვიშით, რომლის სამკურნალო თვისებები მეცნიერულადაა დამტკიცებული. პლაჟის მახლობლად, 30 მეტრში, ფიჭვნარი მდებარეობს.

რით უნდა დაკავდეთ: დაათვალიეროთ მინიატურების პარკი, მოინახულოთ 20 კმ-ში მდებარე ქობულეთი, რომლის პლაჟი 10 კმ-ზეა გადაჭიმული; ეწვიოთ კალმახების ფერმას სოფელ კოხში.

5. მცხეთა

საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ქალაქი-მუზეუმი. უნიკალური არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების თავმოყრის ადგილი. აქ კაფე-ბარებისა და სუვენირების მაღაზიების ფართო არჩევანია.

რით უნდა დაკავდეთ: მოინახულეთ სვეტიცხოველი, სამთავროს ტაძარი, ადით ჯვარზე, გადმოხედეთ ქალაქს, გადაიღეთ უნიკალური ფოტოები.

6. კახეთი

ღვინის სამშობლო. აქ მდებარეობს ალაზნის ველი, ქარხნები, სადაც იწარმოება: "წინანდალი", "ქინძმარაული", "მუკუზანი" და სხვა მრავალი სახეობის ღვინო. კახეთში მდებარეობს ულამაზესი და უნიკალური ტაძრები და მონასტრები.

რით უნდა დაკავდეთ: დააგემოვნოთ ღვინოები, მოინახულოთ დავითგარეჯა, სიყვარულის ქალაქი - სიღნაღი; თელავი, სადაც გადაიღეს ფილმი "მიმინო", დატკბეთ ალაზნის ხედებით.

7. სტეფანწმინდა

ულამაზეს ბუნებაში გაჭრილი ტრასა, ყაზბეგის მთა. გზაზე, თქვენ თვალწინ, ულამაზესი ხედები გადაიშლება.

რით უნდა დაკავდეთ: მოინახულეთ ანანური, ჟინვალის წყალსაცავი. გადაიღეთ ფოტოები ხალხთა მეგობრობის თაღთან. არ გამოტოვოთ სტეფანწმინდა, გერგეტის ტაძარი. თუ სურვილი გექნებათ, ყაზბეგის ყინულოვანი მთებიც დაათვალიერეთ.

8. ბორჯომი

საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი კურორტი. ცნობილი თავისი სამკურნალო კლიმატით, უნიკალური ჰავით, წყლებით. ტერიტორია შემოსაზღვრულია ფიჭვის ხეებით.

რით უნდა დაკავდეთ: საბაგიროთი ადით ფუნიკულიორზე, საიდანაც მთელი ბორჯომი ხელისგულზე მოჩანს. გაისეირნეთ ფიჭვის ტყეში, პარკის ზედა ნაწილში მდებარეობს გოგირდის აბაზანები. სოფელ დაბაში მოინახულეთ XIV საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარი. იგი უნიკალურია იმით, რომ კლდეშია ნაკვეთი.

9. ვარძია

უძველესი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი და მონასტერი. ცნობილია თამარ მეფის ეპოქიდან. მას ვარდების ციხე-კოშკსაც ეძახიან.

რით უნდა დაკავდეთ: მოინახულეთ გამოქვაბულები, ტაძრები. მის მეზობლადაა ხერთვისი და გოგირდის წყაროები.

10. ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი

იმერეთის უნიკალური ღირსშესანიშნაობა. ჩანჩქერის წყალი 140 მეტრ სიმაღლიდან ვარდება. ერთ კილომეტრზეა გადაჭიმული საფეხმავლო ბილიკი აივნებითა და ხიდებით, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.

კინჩხა - ჩანჩქერების კომპლექსი. იგი კანიონიდან 8 კმ-ში მდებარეობს. ძველად ამ ადგილს დიდგვაროვნები აბაზანებად იყენებდნენ.

რით უნდა დაკავდეთ: გადმოხედოთ კანიონს 50-მეტრიანი სახლის სიმაღლიდან. გაითვალისწინეთ, რომ საფეხმავლო ბილიკზე 10 წლამდე და სიმაღლით 1,2 მეტრამდე ბავშვები არ დაიშვებიან. სეირნობის შემდეგ იცურავეთ ბუნებრივ აბაზანებში, დატკბით ჩანჩქერით.

11. ქუთაისი

რიონის ორივე მხარეს გაშენებული უნიკალური ქალაქი. იმერეთის დედაქალაქი. აქ დატკბებით ავთენტური არქიტექტურით, ისტორიული ძეგლებით, გემრიელი კერძებით. ქუთაისი მსოფლიოს უძველესი ქალაქების სიაშია შესული.

რით უნდა დაკავდეთ: გაისეირნეთ თეთრ ხიდზე, მოინახულეთ ბაგრატისა და გელათის ტაძრები. აქვე, მახლობლად მდებარეობს სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები.

12. სამზარეულო

ცალკე თავი უნდა მივუძღვნათ ქართულ სამზარეულოს. ქართული მწვადი და ხაჭაპური მთელ მსოფლიოშია განთქმული. საქართველოს თითოეულ რეგიონში დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს, ღვინოს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამზარეულო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ სამზარეულოდ დაასახელეს. გთავაზობთ იმ მცირე ჩამონათვალს, რითაც განთქმულია საქართველოს სამზარეულო:

  1. ნიგვზიანი ბადრიჯანი - სანელებლებით შეზავებული ნიგოზი, რომელიც შემწვარ ბადრიჯანშია გადახვეული.
  2. ლობიო - ქოთანში მომზადებული, მწნილით, მჭადითა და წითელი ღვინით უნდა მიირთვათ.
  3. კუჭმაჭი - სუნელებითა და ნიგვზით შეზავებული ქათმის შიგნეულობა.
  4. ხინკალი - მსოფლიოში უნიკალური და უგემრიელესი კერძი. მისი გულსართი შეიძლება იყოს: ხორცის, კარტოფილის, ხაჭოს, სოკოს და ა.შ.
  5. საცივი - სუნელებითა და ნიგვზით შეზავებული ბულიონი, რომელშიც ინდაურის ან ქათმის ნაჭრებია მოთავსებული.
  6. ჩაქაფული - მწვანილეულსა და ტყემალში მოხარშული ბატკანი.
  7. ღომი - სიმინდის ფქვილის ფაფა, სულგუნით.
  8. ტყლაპი - მზეზე გამომშრალი ტყემლის წვენი.

13. როდის ვეწვიოთ საქართველოს?

თუ თბილი ზღვა, მწიფე ხილი და ახალგაზრდა ღვინო გიყვართ, სექტემბერ-ოქტომბერში უნდა ეწვიოთ. თუ მზითა და ზღვით დატკბობა გსურთ - მაისიდან ივლისამდე, თუ სრიალი გინდათ - დეკემბრიდან მარტამდე. ერთი სიტყვით, საქართველოში წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დასვენება.

წყარო: adme.ru