დასვენება წელიწადის ნებისმიერ სეზონზე სასარგებლოა, თუმცა ზაფხული სწორედ ის დროა, რომელიც დასვენების გარეშე წარმოუდგენელია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ტურისტების რიცხვი შემცირდება, სწორედ ამიტომ, სოციალურ ქსელში ახალი კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ წამოიწყეს, რომლის მიზანიც, უცხოელი ტურისტების დაინტერესებაა, რომლებმაც, თავის მხრივ, რუსი ტურისტები უნდა ჩაანაცვლონ. საქართველო ლამაზი, ისტორიული, სამკურნალო წყლებითა და ტალახით გაჯერებული კურორტებით განებივრებული ქვეყანაა. აქ ნებისმიერ სეზონზე შეგიძლია დაისვენო. AMBEBI.GE ცნობილ ქართველებს ესაუბრა, ვისთვისაც საქართველოს კურორტებზე დასვენება ყოველთვის პრიორიტეტულია.
- მე და კახა ყოველთვის საქართველოს კურორტებზე ვისვენებთ. როცა იტალიაში ვცხოვრობდით, თავისუფალ დროს საქართველოში ჩამოვდიოდით. ბავშვებიც არდადეგების ნაწილს სწორედ საქართველოში ატარებენ. აჭარაში, ბორჯომში და ბახმაროში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სწორედ საქართველოში გაატარონ უმეტესი დრო ზაფხულში. ჩვენი ფავორიტი კურორტი არის ბახმარო, სადაც ივლისის ბოლოს 3 კვირით მივდივართ. სოფლის პროდუქტები, ცხენებით ჯირითი, ტყეში სეირნობა, საღამოს კოცონზე სიმინდის შეწვა და ქართული სიმღერები, ეს არის ის, რაც ჩემს შვილებს ძალიან უყვართ. შემოდგომაზე, თუ სკოლა გვაძლევს ამის საშუალებას კახეთში ჩავდივართ. ასევე უყვართ სამტრედიაში წასვლა ბებიასთან და ბაბუასთან, სწორედ ეს არის ჩემთვის ის, რასაც ბავშვობის დაუვიწყარი დღეები ჰქვია. წელს პირველად ვიყავით ყაზბეგში, აღფრთოვანებული დავრჩი ბუნებით და მომსახურებით.
- საქართველოს განსაკუთრებული ხიბლი აქვს. პირადად ჩემთვის ის მნიშვნელოვანია ჰავით, ბუნებითა და ხალხით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ ოჯახში. ხალხი არის განსაკუთრებით ტკბილი. მომსახურების სფეროს რაც შეეხება, ვფიქრობ, ბოლო წლებში ძალიან განვითარდა. ეს კონკურენციის დამსახურებაც არის. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში 7 დღე იტალიაშიც დამყავს ბავშვები, გული მაინც საქართველოსკენ აქვთ. სანამ მეოთხე შვილი მეყოლებოდა, დაგეგმილი გვქონდა შატილის, სვანეთისა და თუშეთის დათვალიერება შვილებთან ერთად, მაგრამ ეს მომავალი წლისთვის გადავდე. უამრავი ლამაზი ადგილია საქართველოში, რომელიც არ მაქვს ნანახი და ვაპირებ მომავალი წლიდან, ჩემს ბიჭებთან ერთად ვიმოგზაურო იმ ჯადოსნურ ადგილებში, რომლითაც ჩემი ქვეყანა არის დაჯილდოვებული.
- ჩემთვის საქართველოში დასვენებას ბევრი პრიორიტეტი აქვს, პირველი არის ის, რომ ახლოს ვარ ჩემებთან, სახლთან და თუ კონცერტი მექნება, ნებისმიერ დროს შემიძლია დავისვენო და თან საქმეც გავაკეთო. ბოლოს მხოლოდ დასასვენებლად, როდის ვიყავი წასული აღარც მახსოვს. მას შემდეგ, რაც შვილი მყავს, ზამთარში და ზაფხულში ბაკურიანში ვუშვებ დასასვენებლად. რადგან ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ზაფხულში სიგრილეც არის. წელს უკვე იყო ბაკურიანში და ვფიქრობ შოვში წავიყვან და ზღვაზე აუცილებლად.