აპრილში ოშოს „უმაღლესი შემეცნების“ კითხვა დავიწყე. ამ წიგნის ყიდვის ძირითადი მოტივაცია დიდხანს გაგრძელებული უხასიათობა იყო. ამ დროს კი, ხომ იცით, ფიქრობ, რომ აღმოსავლური სიბრძნე გიშველის.
აღმოსავლური სიბრძნე არ ვიცი, მაგრამ ალბათ, მზა გაცნობიერებები ნამდვილად გვეხმარება. მე კი ეს გაცნობიერება მომეწონა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „გონება პრობლემა ხდება მაშინ, როცა ფიქრებს ზედმეტად სერიოზულად აღვიქვამთ და გვავიწყდება, რომ ისინი დროებითი სტუმრები არიან - მოდიან და მიდიან.“
გონება ნამდვილად იყო ჩემი პრობლემა. ამიტომ გადავწყვიტე, მას გავქცეოდი სადმე, სადაც D ვიტამინი ჭარბად იყო - ასე მოვხვდი სიღნაღში და შემეშინდა, რადგან პირველივე დღეს ისეთი ნისლი იყო, რომ D ვიტამინს წამლადაც ვერ იპოვიდით, რომ არაფერი ვთქვათ გონებისგან გაქცევაზე. ეს ამბები ცოტა მოსაწყენია, ამიტომ პირდაპირ იმ მომენტზე გადავალ, როცა ამ ქალაქში მეორედ, ერთი კვირის წინ მოვხვდი.
როცა პირველად სიღნაღში მოვხვდი, ბევრი რამით გავოცდი: ხედებით, სახლებით, კერძებით, ღვინით... თუმცა, სიმართლე გითხრათ, მეორე ვიზიტის დროს, თითქოს ყველაფერი საკმარისად აღვიქვი და ყველა ადგილი თითქოს ნაცნობი იყო. ქუჩაში ვსეირნობდი, როცა ყვითელი კედელი შევნიშნე.ზუსტად ისეთი, რომლის ფოტოც უკვე სადღაც მენახა. ცოტა ხნის წინ დიზაინის ფსიქოლოგიით დავინტერესდი, Pinterest-ზე გამორჩეული დიზაინის შენობებს ვათვალიერებდი და სწორედ იქ ვნახე ყვითელი კედელი, რომელიც განათების ილუზიას ქმნის.
სწორედ ასე გავიგე, რომ სიღნაღში, დადიანის 21 ნომერში არსებობს არტ-კაფე „ქედელი“, რომელიც ნამდვილად არის განსაკუთრებული სივრცე, რომელიც აუცილებლად შეძლებს თქვენ გაოცებას (ბანალურად ჟღერს, მაგრამ მართლა ასეა).
არტ-კაფეს შექმნის იდეა ცოლ-ქმარს, ლალი ხანდოლიშვილსა და გელა ღლიღვაშვილს ეკუთვნის. ისინი თემი „ქედელის“ დამაარსებლები არიან და ეხმარებიან შშმ პირებს საკუთარი თავის რეალიზაციაში.
ყავის დალევას აქ გირჩევდით, ყველაზე ლამაზ და ვინტაჟურ ადგილას, საიდანაც მთელი სიღნაღი ჩანს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
თუ ჩემსავით გურმანი ხართ და დასვენებასთან ერთად გემრიელი კერძების დაგემოვნებაც გსურთ, კარგი ამბავი მაქვს: - სიღნაღში მარტივად შეძლებთ გემრიელად ჭამას. ამისთვის ორი ლოკაცია არსებობს: „ნიკალა“ და „მტევანი“.
‘’მტევანი“ ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ქართულ-ევროპული რესტორანია უგემრიელესი ტრადიციული კერძებითა და დესერტებით. აქ კარგ მწვადს შეჭამთ, თუმცა რამდენჯერაც ვიყავი, ხინკალი ვერ დავაგემოვნე და ამაზე ცოტა გული მწყდება. გირჩევთ, რომ ქვევრის ღვინოც აქ გასინჯოთ.
დესერტებიდან ყველაზე მეტად ბლინები მომწონს - განსაკუთრებით კი, ატმის ბლინი შოკოლადით, რომელიც შოკოლადის ნამდვილი ლავაა!
აი, თუ ნამდვილი ხინკლის გემო გაინტერესებთ, „ნიკალაში“ უნდა წახვიდეთ - ობიექტურად, აქ ყველაზე გემრიელი ხინკალი აქვთ, უგემრიელესი შიგთავსით! მხალი და მჭადიც გავსინჯე, თუმცა ვერ გავოცდი - ალბათ იმიტომ, რომ იმერელი ვარ და რთულია მხალში ახალი გემოს აღმოჩენა.
სიღნაღელების რეკომენდაციით, სიღნაღის ბაზარს ვესტუმრე. აქ ყველაფერი ძალიან ფერადი და საინტერესოა. შეგიძლიათ, იყიდოთ სოფლის პროდუქტები: ხილი, ბოსტნეული, თაფლი, ტყლაპი და რაც მთავარია, ჩურჩხელა!
თუ ნიგვზით გადავსებული არომატული ჩურჩხელის გასინჯვა და ყიდვა გსურთ, ანა კოკოლიშვილი იკითხეთ. ეს ულამაზესი ქალბატონი იქვე გაგასინჯებთ ყველაფერს და აგარჩევინებთ თქვენთვის საუკეთესოს, ძალიან მისაღებ ფასად.
ამით დამთავრდა ჩემი სიღნაღური ვოიაჟი. ვეცადე, ჩემი ემოციები ამ ბლოგით გადმომეცა. თუ უქმეების გატარებას სიღნაღში გადაწყვეტთ, აუცილებლად იყავით მზად საინტერესო თავგადასავლებისთვის. არ დაგავიწყდეთ #spendyoursummerinGeorgia!
ავტორი: მარიამ შენგელია
ფოტო: მარიამ შენგელია