თუ სტერეოტიპები ისევე ვნებს აზროვნებას, როგორც მუდმივად კომფორტის ზონაში ყოფნა, მაშინ სტერეოტიპებთან შებრძოლების საუკეთესო იარაღი კომფორტის ზონიდან გაქცევა უნდა იყოს. ამ იდეით შეპყრობილმა ჯერ გონების საზღვრები გადავკვეთე, შემდეგ საქართველოსი და შუაგულ ერევანში ერთი წითელი ჩემოდნით აღმოვჩნდი, რომელიც სომხებისა და სომხეთის შესახებ უამრავი უსიამოვნო მითით იყო სავსე.
მანამ, სანამ ჩემოდნის შემსუბუქების შესახებ მოგიყვებით, თავიდან დავიწყებ და გეტყვით, რომ თბილისიდან სომხეთისკენ ყველაზე კომფორტული მგზავრობა მინივენითაა შესაძლებელი, რომელიც მხოლოდ 40 ლარი ღირს. საქართველოს საზღვარს რომ გადაკვეთთ, პასპორტსა და ბარგს გაამზადებთ და გასაჩხრეკადაც მოემზადებით, პირველ გაოცებას სწორედ მაშინ ეჩეხებით, რადგან პასპორტ-კონტროლის გავლის შემდეგ არც ბარგს გიმოწმებენ და არც გჩხრეკენ (მთავარია, პასპორტში აზერბაიჯანის ბეჭედი არ გქონდეთ ჩარტყმული, თუმცა დიდ პრობლემას არც ეგ შეგიქმნით). ამის შემდეგ უკვე ხვდებით, რომ მეზობლებთან მიდიხართ და ლამის სომხეთის საზღვართან უკვე ჩუსტებით გადახვიდეთ.
ამავე შთაბეჭდილებით უმკლავდებით საცობებს ქალაქის ცენტრში და რწმუნდებით, რომ კი, ერთი-ორი თავი თავგადასავლისთვის ნამდვილად მეზობელთან გადაირბინე და უცებ ისიც შეამჩნიე, რომ ზუსტად შენნაირად მოუწყვია „სახლი“, მაგრამ ახლა შეკითხვა შემდეგია - რომელი იყო პირველი? შენ მიბაძე მას თუ მან შენ? ამ კითხვაზე პასუხების ძებნის პარალელურად, ათვალიერებ სომხურ „გმირთა მოედანს“, „ვაკეს“ , „პეკინს“, „სომეხი აღმაშენებლის ძეგლს“ - ეს სახელები ქართველმა ტურისტებმა შევურჩიეთ და ბოლომდე გვწამს, რომ ამ ქალაქს, ისევე, როგორც ხალხს, ჩვენი იერი დაჰკრავს.
მინივენის სომეხმა მძღოლმა რომ სასტუმრომდე მიგვაცილა, ქართულ სტუმართმოყვარეობას პირველად აქ შევეჩეხეთ, თუმცა სასტუმრო იმაზე ღარიბული აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით და ოცნებები აუზიანი სასტუმროს შესახებ უწყლო აუზში თავით გადაეშვა. ისღა დაგვრჩენოდა, ბარგი დაგვეტოვებინა და ქალაქის დასათვალიერებლად დავრაზმულიყავით.
ჯერ ფული გადავცვალეთ და ამაყად გავოცდით, როცა 50 ლარის ნაცვლად 8 000 დრამი მოგვცეს. ცოტაოდენი ფანტაზია და საფულის 1000-იანი "პაჭკებით" გამოტენა სასიამოვნო გახდა მანამ, სანამ 1 ბოთლ წვენსა და ფენოვან ხაჭაპურში 1100 დრამი არ მივაფშვნიტეთ. საბოლოო ჯამში, ეს ქალაქი თბილისთან შედარებით იაფია, თუმცა, როცა ტურისტი ხარ, ყველა თეთრს აფასებ. დრამსაც.
პირველმა დღემ ემოციების გარეშე ჩაიარა, რადგან თავს მართლა სახლში ვგრძნობდით. შემდეგ საღამოს მეგობარმა სომხებმა ქალაქის ცენტრში სასეირნოდ გაგვიყვანეს და შადრევნების ღამის ქალაქი გაგვაცნეს. თურმე ერევნის ცენტრის სიმბოლო მომღერალი- მოცეკვავე შადრევანი ყოფილა, რომლის წინ აღმართულ გალერეას ჯერ კიდევ „მიმინოს“ ბილბორდი ამშვენებს და ქართველ ტურისტებსაც სიამაყით გვავსებს. მომღერალი, მოცეკვავე, ფერადი, ცისარტყელა და ათასი სხვა სახის შადრევანი კი სამშობლოდან წამოყოლილ სტრეოტიპებს ჩამოგვრეცხავს და რაღაც ახალ კომფორტს გვიქმნის.
რამდენიმე დღე სომხურ ტრადიციულ კერძებს კაფე-კაფე და ბარ-ბარ დავეძებდით, თუმცა ჩვენი გაოცება მხოლოდ ყავითა და კონიაკით შეძლეს. სომხეთში არც კაფე-ბარები გამოირჩევა სიძვირით და კლუბებიც, როგორც ამბობენ, ტიპურია. გაგვაკვირვა ერთ-ერთი კაფეს დაცვის არანორმალურმა სიდინჯემ, რომელიც მიუსაფარი მოხუცის აგრესიას მშვიდი ტონით პასუხობდა. მოხუცი ჩვენს მაგიდას ჯიუტად არ შორდებოდა და მკითხაობას დაჟინებით გვთავაზობდა. დაცვამ რამდენჯერმე ბოდიში მოგვიხადა და ოღონდ ქალი ჩვენგან მოეშორებინა, ფული მისცა.
მოგზაურობის დასასრულ, მინივენი სევანის ტბასთან გავაჩერეთ და არნახულ სიცივეში ლამის ჩვენც ტბასავით გავლურჯდით, თუმცა მან ჩვენი მოხიბვლა მაინც შეძლო და უკანასკნელი შთაბეჭდილებაც დაუვიწყარი გახადა.
ბოლოს, როცა ჩემი წითელი ჩემოდანი პასპორტ-კონტროლთან გადმოვიტანე, მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში რაღაც დამრჩა და ეს იყო ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლებოდა დამეკარგა, რადგან ეს ის სტერეოტიპები იყო, რომლებიც ნეგატიურ განწყობას მიქმნიდა. გამეღიმა.