ადგილი, რომელიც ზღაპრის გმირად გაქცევთ

ადგილი, რომელიც ზღაპრის გმირად გაქცევთ

ოდესმე საკუთარ ოცნებაში გიცხოვრიათ? არათუ ძილის წინ ოცნებით დასრულებული დღით, არამედ ოცნებაში დაწყებული დღით, როცა გამოფხიზლებას საწოლში გვერდის შეცვლით კი არა, სახლიდან გარეთ გახედვით იწყებ და გაფართოებული თვალებით უყურებ ხედს შენი ოცნებიდან, რომლის ნაწილი თავადაც ხარ, თუმცა ჯერ ამაზე არაფერი იცი.

ხმაურით გადატენილი ქუჩების ნაცვლად შუაგულ ტყეში პატარა კოტეჯის მესამე საფეხურზე მდგარი ჯერ კიდევ ვერ ავლებ ზღვარს საახალწლო ფილმებსა და შენ თვალწინ გაშლილ სივრცეს შორის. ყვითელი ფოთლების შრიალი და წვიმა შენს დილას სრულყოფს და ახალი
ცხოვრებაც ისე მოულოდნელად იწყება, როგორც რეკლამა სატელევიზიო გადაცემის დროს, ოღონდ ამ შემთხვევაში რეკლამა უფრო თვალისმომჭრელი და ჩამთრევია, ვიდრე პირველი მათგანი და როცა ამას გაიაზრებ, მთელი არსებით იწყებ მზადებას ტკბობისთვის. მოიმზადებ ჟელიბონებს, თბილ სამოსს და ჩაუჯდები, რათა საკუთარი ცხოვრების ყველა კადრი ზედმიწევნით კარგად დაიმახსოვრო.


ყველაფერი კი მორიგ საგანმანათლებლო ორკვირიან პროექტზე ფინეთში მიწვევით დაიწყო. თვითმფრინავში ჩაჯდომისას წარმოდგენა არ მქონდა, რომ ცაში კი არა, მეცხრე ცაზე უნდა ვყოფილიყავი, რადგან უბრალოდ სხვა ქვეყანაში კი არა, საკუთარ ოცნებაში მივემგზავრებოდი. სინამდვილეში, ამ ქვეყანაზე ჩემთვის საინტერესო მხოლოდ ორი რამ ვიცოდი - სანტა კლაუსის სოფელი როვანიემი და მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული ფინური განათლების მოდელი. იქაურ სკოლას ყოველ მიზეზგარეშე რომ უნდა ვსტუმრებოდი, თავიდანვე გადავწყვიტე, სანტასთან მოხვედრის ამბიცია კი აეროპორტიდან გასვლის პირველივე წამს სახეში შემოსროლილმა ცივმა ქარმა გამიფანტა.
რამდენიმესაათიანი ხეტიალის შემდეგ პროექტის სხვა ქვეყნის მონაწილეებს შევხვდით და მარშრუტი ჰელსინკი-რაღაც გავიდა. მაშინ ამ „რაღაცაზე“ წარმოდგენა არ მქონდა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ციოდა და კიდევ უფრო აცივდებოდა. ორ საათში უკვე საკონფერენციო შენობის წინ მსოფლიოს 7 ქვეყნის წარმომადგენელი იდგა და თავისი კოტეჯისკენ მიმავალ გზას იკვლევდა. ხის პატარა კოტეჯები, რომლებიც ძალიან ჰგვანდნენ სურათებიდან ამოჭრილებს, მოშორებით, შუაგულ ტყეში გაფანტულიყვნენ. დაღლილობამ, სიცივემ თუ სიბნელემ ჩემთვის განკუთვნილი კოტეჯის კარი კიდევ უფრო ფართოდ გამიღო და შინ შემიტყუა.


მოკლედ, დილით ოცნებასა და იმის შიშში გავიღვიძე, რომ ეს დროებითი იყო, თუმცა, როცა პირველად მკითხეს „Which one is your cottege”-ო ("რომელია შენი კოტეჯიო"), მივხვდი, რომ აქ მეც მეკუთვნოდა რაღაც და ამ ადგილის ნაწილი მეც ვიყავი. დროებით, მაგრამ მაინც.
შემდეგი რამდენიმე დღე უსასრულოდ მაღალ ხეებთან შეჩვევის, ხალიჩებად დაგებულ ფოთლებთან მოშინაურების, მდინარის პირას სეირნობისა და იმაში დარწმუნების იყო, რომ ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებად იქცეოდა. ამის გაფუჭების უფლება არც ამინდს ჰქონდა და არც სხვა არასაჩემო ამბებს. ბოლომდე სიამოვნებისთვის საკუთარ თავთან ყოფნა ვარჩიე, თუმცა არაფერი დამიწერია - როცა საინტერესო რეკლამას უყურებ, ერთი წამითაც არ უნდა გაგეფანტოს ყურადღება, იქნებ სწორედ მაშინაა კულმინაცია.


ეს კულმინაცია თავისუფალი დღე მეგონა, რომელიც მთლიანად ფინურ სკოლაში გავატარე და უზომოდ ენერგიულ მასწავლებელ-მოსწავლეებზე დაკვირვებას დავუთმე, მაგრამ „ჰეფი ენდი“ ბოლო დღე ყოფილა, როცა აეროპორტში წასვლამდე მარტო გასეირნება გადავწყვიტე. სათამაშოების მაღაზიაში ხის თოჯინების თვალიერებისას უცნობმა მითხრა, რომ სათამაშოს, რომელიც ხელში მეჭირა, დაჯდომა და ხელების გაშლა შეეძლო.

ჩემმა ზრდილობიანმა ღიმილმა საუბრის გაგრძელების სურვილი გაუჩინა და სანამ მე იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ ჰგვანან ფინელები თავიანთ ცივ კლიმატს, შუახნის მამაკაცი თავის გამოგონებაზე დიდი ენთუზიაზმით მიყვებოდა და მეტი თვალსაჩინოებისთვის, სათამაშოებს ერთმანეთის პირისპირ იჭერდა ხელში. საუბარი რომ დაასრულა, წარმატებები ვუსურვე და გავეცალე. რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასახსენებლად, რომ ცხოვრებისგან გამოგზავნილი ნიშნების მჯერა და ეს შეიძლებოდა სამყაროსგან მორიგი შემოთავაზება ყოფილიყო. ისევ მივუბრუნდი და ვუთხარი, რომ ის ალბათ ფიზიკოსია, მე კი მისი მონათესავე პროფესიის წარმომადგენელი ქიმიკოსი ვიყავი. ასე შემთხვევით გავიცანი გამომგონებელ-ფიზიკოსი, რომელთანაც უცნაურად საინტერესო საუბარი გამომივიდა. პროექტი, რომელზეც ახლა აარნე მუშაობს, საგანმანათლებლო სივრცეში თავგადასავლებით სწავლებას შეეხება. ზუსტად არ ვიცი, ლაპარაკში გართულებმა რამდენი წრე დავარტყით მაღაზიას და რამდეჯერ ვუთხარი ყავაზე უარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი „დიდურ-ბავშვური“ დიალოგი კიდევ დიდხანს არავისთან მექნება და თუ დამშვიდობებისას აღარავინ მეტყვის „You make me my day”-ო, მე მაინც მეცოდინება, რომ სადღაც შორეულ ფინეთში არსებობს სანტა კლაუსი და იქვე ცხოვრობს აარნე, რომელიც თვლის, რომ მე მიმღებლური აურა მაქვს და ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა ცხოვრებაში. ეს რომ მითხრა, შევეწინააღმდეგე, რადგან ვარ ქიმიკოსი, რომელიც ფრილანსერ ჟურნალისტად და უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერად ვმუშაობ. მისი აზრით კი, მთავარია, ვფიქრობ ჩემს გზაზე და დავეთანხმე. მე ყოველ წამს ვიცი, ვინ ვარ და ჩემი არცერთი ქმედება არ ეწინააღმდეგება ჩემს არჩეულ გზას. ამიტომ, მე აუცილებლად ვიპოვი იმას, რაც მინდა და ერთ დღესაც ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო გადაცემაა, რომელსაც ხანდახან უსარგებლო რეკლამები ახლავს თან.

არ ვიცი, რა გვიბიძგებს ოცნებისკენ, მაგრამ ჯობია, ფრთხილად ავარჩიოთ ისინი, რადგან ერთხელაც შეიძლება აგვისრულდეს. ადრე ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ვთქვი, რომ მინდოდა სახლი მდინარისა და ტყის პირას. მაშინ ხმამაღლა პირველად ვაღიარე, რომ მქონდა რაღაც აუხდენელ-გამოუმცხვარი ოცნებების სამყაროდან, რომლის მოსმენაც თანაგრძნობით აღმომხდარი „ეეჰ“-ით დასრულდა და მეგონა, ცხოვრება ყურების შებერტყვის გარეშე აგრძელებდა რუტინულ ბრუნვას. ახლა ვიცი - სამყაროს ყოველთვის აქვს შემოთავაზება ჩვენთან. ჩვენ მხოლოდ ის უნდა გადავწყვიტოთ, ავიღებთ თუ არა მას. ადამიანს კი გამოყენებული შანსები აქცევს იმად, ვინცაა და შემოთავაზების ხელიდან გაშვება ნიშნავს გაფუჭებულ კადრს ან მოსაწყენ გადაცემას რეკლამის გარეშე. 
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93