გოგოს მშობლები სასიძოში ფულს იხდიან - ნახეთ უცნაური საქორწილო ტრადიციები შორეული შრი-ლანკიდან - Marao

გოგოს მშობლები სასიძოში ფულს იხდიან - ნახეთ უცნაური საქორწილო ტრადიციები შორეული შრი-ლანკიდან

2020-03-05 14:09:50+04:00


საქორწილო ტრადიციები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, მაგრამ ზოგიერთი მაინც განსაკუთრებულად გვაოცებს ხოლმე. ამჯერად მოგიყვებით იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ქორწინება გარიგებით ხდება და გოგოს მშობლები სასიძოში ფულს იხდიან.

ეს ქვეყანა ტროპიკული შრი-ლანკაა, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს: ქვიშიანი სანაპირო, ცეილონის ჩაის პლანტაციები, მთები, ველური ბუნება - ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ტურისტებით განებივრებული იყოს და ასეცაა. შრი-ლანკა ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საუკუნეების წინ დამკვიდრებულ ტრადიციებს პატივს სცემენ და ინრაჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთი უძველესი ადათი ქორწინების ტრადიციაა, რომლის შესახებაც შრი-ლანკიდან ახალდაბრუნებული ტატიანა კვეკვესკირი Marao.ge-ს ესაუბრა.

მაჭანკალი ასტროლოგი

წყვილი სიყვარულით იშვიათად ქორწინდება, რადგან შრი-ლანკაში სჯერათ, რომ გარიგებით შექმნილი ოჯახი უფრო მყარია, სიყვარულით შექმნილ ოჯახს კი არც აღიარებენ. ამიტომ გოგო და ბიჭი ქორწინების ასაკს რომ მიაღწევენ (გოგოსთვის - 22-28 წელი, ბიჭისთვის - 25-30), ოჯახები მათთვის საბედოს შერჩევას მაჭანკალს ანდობენ. მთავარი კრიტერიუმი ჰოროსკოპით თავსებადობაა - თუკი წყვილი ჰოროსკოპით ვერ ეწყობა ერთმანეთს, მათი კავშირი გამორიცხულია.

სასიძოს ამორჩევა და საწყისი თანხა

მაშ შემდეგ, რაც მაჭანკალი გოგოსთვის შესაფერის ბიჭებს შეარჩევს, გოგოს მშობლებს მათ ფოტოებს აჩვენებს. ქალის მხარე მათთვის მოსაწონ კანდიდატზე აჩერებს არჩევანს და თანხას ამზადებს. დაური - ასე ჰქვია ქორწინებას, როდესაც გოგოს მშობლები ყიდულობენ შვილისთვის ქმარს. სასიძოში გადასახდელი საწყისი თანხა 50 ათასი დოლარია. თუკი ბიჭი პერსპექტიული და წარმოსადეგია, შეიძლება მისმა მშობლებმა ფულის დამატება მოითხოვონ.

ამის შემდეგ წყვილი გოგოს ოჯახში ხვდება ერთმანეთს. რომც არ მოეწონოთ ერთმანეთი, მშობლებს ყველაფერი გადაწყვეტილი აქვთ. ამდენად, გოგოსა და ბიჭს ისღა დარჩენიათ, შეეგუონ იმ აზრს, რომ მთელი ცხოვრება ერთად იქნებიან.

ქორწინება და პირველი ღამე

ქორწილის დღეს გოგოს თეთრი კაბა აცვია იმ შემთხვევაში, თუ ქალიშვილია, სხვა შემთხვევაში - შინდისფერი. ცერემონია 1-დღიანია და მთლიანად გოგოს ოჯახის კისერზეა, რადგან დაინტერესებულ მხარეს ისინი წარმოადგენენ. ტრადიციული სამოსის აუცილებელი ელემენტი ოქროს აქსესუარებია, რომლებითაც პატარძლებს რთავენ.

საშუალო შესაძლებლობის მქონე ოჯახისთვის ქორწინების ცერემონიალი ნაკლებად პომპეზურია. მთავარი ხარჯი სასიძოს „შეძენაა“.

ქორწილის შემდეგ წყვილი სასტუმროში მიდის და მშობლებიც თან მიჰყვებიან. სანამ წყვილი ერთადაა, მშობლები ელოდებიან, როდის გამოიტანს ბიჭი ზეწარს, რომელზეც ბიჭის მშობლები წინასწარ ინიციალებს აწერენ. თუ ზეწარი სისხლიანი არ არის, გოგოს უბრუნებენ მშობლებს და ფულს - არა. თუ სისხლიანია, გოგო ზეწარს ჩანთაში იდებს და ბიჭის სახლთან, ჭიშკართან ამოიღებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუშვებენ სახლში. ასე რომ, ზეწარი ერთგვარი საშვია ქმრის ოჯახში შესასვლელად.

საინტერესო ფაქტი

თუკი გოგონა ღარიბი ოჯახიდან არის, მუშაობას იწყებს, რომ ქმრის „საყიდლად“ ფული მოაგროვოს. გათხოვების შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ, რომ „სხვა კაცებისკენ არ გაექცეთ თვალი“.

მარიამ ტურძილაძე